Home » ბიზნესი » აზარტული თამაშების ლობმა უკან დაიხია? – რეკლამის გავრცელებაზე შეზღუდვები წესდება
აზარტული თამაშების ლობმა უკან დაიხია? - რეკლამის გავრცელებაზე შეზღუდვები წესდება

აზარტული თამაშების ლობმა უკან დაიხია? – რეკლამის გავრცელებაზე შეზღუდვები წესდება

ბოლო წლებში აზარტული თამაშების რეგულირების საკითხი აქტიურად განხილვადი თემაა. საზოგადოება ამ სექტორიდან მომდინარე უარყოფითი პროცესების განეიტრალებას საკანონმდებლო დონის სრულყოფით მოითხოვს, თუმცა მოთხოვნა მოთხოვნადვე რჩება და წლებია უკვე საქართველოში ამ სექტორის აქტიურ ლობირებაზე მიდის საუბარი.

დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მთავრობის შიგნითაც და პარლამენტის თავმჯდომარეც (ირაკლი კობახიძე) არ იყო თანახმა ამ კანონპროექტის მხარდაჭერის. მისივე თქმით, აშკარად, ინტერესთა ლობირება მოხდა იმ კომპანიებისა და ჯგუფებისა, რომელთაც ეს ბიზნესი აქვთ და მათ ბუნებრივია, პარლამენტში თავიანთი ლობისტები ჰყავთ.

ასევე აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო. კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. თავდაპირველად განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს. მდინარაძემ განმარტა, რომ თუკი ინიციატორი პროექტს ახლიდან, ახალი ფორმულირებით შემოიტანს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

თუმცა, გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის ან აზარტული თამაშების ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელებაზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი ცვლილებები `რეკლამის შესახებ~ კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები ირაკლი ბერაია, რატი იონათამიშვილი და გოგა გულორდავა არიან.

რეალურად რატომ გაჭიანურდა ამ კანონის მიღება და საერთოდაც, ეღირსება თუ არა ამ კანონპროექტს ძალაში შესვლა, ჯერ მაინც უცნობია, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა, თუმცა ხელშესახები არაფერი გაკეთებულა. კანონპროექტი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

“კანონპროექტის გათვალისწინებით, იკრძალება აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშების ორგანიზატორის ან ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება გარდა იმ შემთხვევისა, თუ – აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც აზარტული თამაშობა ან ტოტალიზატორი ეწყობა; აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობაა; ასევე აღნიშნული რეკლამა გარე რეკლამაა და იგი ზოგადსაგანმანათლებლო და რელიგიური დაწესებულებებიდან არანაკლებ 100 მეტრის დაშორებით განთავსებით ვრცელდება; აგრეთვე, აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაშობა ან ტოტალიზატორი ეწყობა. ამ თვალსაზრისით ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს და იგი აზარტული თამაშების, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშების ორგანიზატორის ან ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ ერთადერთი რეკლამა უნდა იყოს აღნიშნულ ობიექტზე”.

ამასთან, ცვლილებებით, დაუშვებელი იქნება ერთზე მეტი აბრის განთავსება და ასეთი აბრის 10 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის არსებობა იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაშობა ან ტოტალიზატორი ეწყობა, ასევე აზარტული თამაშების, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშების ორგანიზატორის და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციაა შემცველი.

Share