Home » საზოგადოება » ,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა და, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’
,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა და, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა და, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე მოდის. რატომ ჭიანურდება რეფორმა ამ სექტორში და რეალურად ამოქმედდება თუ არა ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემა 2018 წლის პირველი იანვრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა ისაუბრა.

– რა პროცედურები უნდა გაიაროს ავტომობილის მფლობელმა მას შემდეგ, როდესაც ეს რეგულაცია ძალაში შევა?

– როგორც ვიცით 2018 წლის 1 იანვრიდან ეს სისტემა ამოქმედდება. ის, რომ ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი მოდის ავტომობილების გამონაბოლქვზე, ეს უკვე ყველასთვის ძველი ამბავია. ამჟამად კი მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რანაირად უნდა გამოსწორდეს ეს პრობლემა. ვფიქრობ, აუცილებელია ეს ყველაფერი მოხდეს ეტაპობრივად და მძღოლებს ამ სისტემასთან ადაპტირების საშუალება მიეცეთ. არის ბევრი დეტალი, რომელზეც პასუხი ჯერ არ გვაქვს. დადებით კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ მას შემდეგ რაც შვეიცარიულმა კომპანიამ პირველი მოხსენება გამოაქვეყნა (ვერ ვიტყვი რომ ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსთან კომუნიკაცია არ გვაქვს), პროცესი დაძრულია და ის უფრო ინტენსიურ რეჟიმში უნდა გადავიდეს.

– პირადად ჩემთვის, პირველი კითხვა ჩნდება საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს უნდა მოწმდებოდეს საზღვარზეც და არა მხოლოდ წარმოშობის სერტიფიკატებით. ჩემი ინფორმაციით, ავზებში სადაც საწვავი ინახება, არ ხდება მათი რეცხვა და ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს. საჭიროა შემოღებულ იქნას სპეციალური ელექტრონული პროგრამები. მაგალითად, როდესაც ავტომობილი შემოწმდება, მონაცემები შედის პროგრამაში და ის უკვე ხელმისაწვდომი ხდება შესაბამისი უწყებებისთვის. ის, რაც შვეიცარიულმა კომპანიამ გამოაქვეყნა და იქ მოთხოვნილი რაც არის ტესტ ცენტრების მიმართ, ვფიქრობ, 26 ცენტრიდან მხოლოდ 6 დააკმაყოფილებს მოთხოვნებს. რამდენად შეძლებენ ეს ტესტ ცენტრები 1 თვის განმავლობაში განახორციელონ ინვესტირება და შეიძინონ დამატებითი აღჭურვილობა, რათა ავტომობილებს მოემსახურონ ეს კიდევ მეორე საკითხია. მნიშვნელოვანია ასევე თუ ვინ არის ის პერსონალი ვინც შეამოწმებს ამ მანქანებს. მაგალითად, ისრაელში ყველა პერსონალი არის გადამზადებული, სერტიფიცირებული და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი პროცედურები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამომდინარე იქედან, რომ ეს პროგრამა გარკვეულ ცოდნას საჭიროებს.

– ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მოესწრება ეს ყველაფერი 1 თვიან პერიოდში და ასევე ვიცით ისიც, რომ თუ ტექნიკური ინსპექტირება არ გაიარა ავტომობილმა, მის მფლობელს გარკვეული ჯარიმა ეკისრება. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ჯარიმას არ გადაიხდის?

– მოთხოვნები, რომელიც იქნება წაყენებული ავტომობილების მიმართ, დაბალი სტანდარტით უნდა დაიწყოს და ყოველწლიურად ხდებოდეს გაუმჯობესება. ვფიქრობ, 2 წლის განმავლობაში ყველა ავტომობილი გაივლის ტექდათვალიერებას. არ არის განსაზღვრული თუ რამდენი იქნება ჯარიმა. დღესდღეობით 187 ათასი სატრანსპორტო საშუალებისთვის ტექნიკური ინსპექტირება არ შეწყვეტილა. ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც გადაჰყავთ 8 და უფრო მეტი მგზავრი, გადიან ინსპექტირებას. კანონის აღსრულება იქნება უმნიშვნელოვანესი და თუ კანონი არ აღსრულდა, მაშინ მთელი ეს კანონპროექტი დარჩება ფურცელზე. ევროკავშირის გამოცდილებიდან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ საპატრულო პოლიცია არ იქნება ეფექტიანი. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში უნდა შემოვიდეს სავალდებულო დაზღვევაც, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

მოამზადა ლევან ლაგვილავამ

Share