Home » საზოგადოება » ავთანდილ წერეთელი: „თეგეტა მოტორსი“ აქციების განთავსებას საერთაშორისო ბირჟაზე გეგმავს
ავთანდილ წერეთელი: „თეგეტა მოტორსი“ აქციების განთავსებას საერთაშორისო ბირჟაზე გეგმავს

ავთანდილ წერეთელი: „თეგეტა მოტორსი“ აქციების განთავსებას საერთაშორისო ბირჟაზე გეგმავს

კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 3-5 წლიან პერიოდში აქციების განთავსებას რომელიმე საერთაშორისო ბირჟაზე გეგმავს. ამის შესახებ „კომერსანტს“ „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა განუცხადა. მისი განმარტებით, ამისთვის კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნაც მოუწევს.

წერეთლის განმარტებით, დღეს „თეგეტა მოტორსს“ მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს, ის უკვე გახდა ემიტენტი ქართულ ბირჟაზე.

„ძალიან დივერსიფიცირებული აღმოჩნდა ჩვენი ინვესტორთა სია. ქართული ბრენდების ისტორიაში მსგავსი დივერსიფიცირება არ ყოფილა. 10-ზე მეტი ინვესტორი გვყვავს, ძირითადად საფინანსო სფეროდან. გამოვეცით 30 მილიონი ლარის 3 წლის ვადით ქართული ლარის ობლიგაციები, რაც დასტურია იმისი, რომ ჩვენი ბრენდის კაპიტალი იმდენად გაიზარდა, რომ საინვესტიციო საზოგადოება უზრუნველყოფის გარეშე გვენდობა.

ასეთი ნაბიჯები ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. შესაბამისად, რაც მეტი ქართული კომპანია გადადგამს ამ ნაბიჯს, მით უკეთესია,“— აცხადებს წერეთელი.

როგორც ცნობილია, კომპანიამ შპს „თეგეტა მოტორსი“ 30,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 30,000,000 (ოცდაათი მილიონი) ლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი – 425 საბაზისო პუნქტი (სპრედი) დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთზე, გამოშვებულ იქნა 2019 წლის 30 აპრილს, 1,000 (ათასი) ლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2022 წლის 30 აპრილს, მათი ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია მიმართავს არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, რის შედეგადაც შეძლებს ვალდებულებების ვადიანობის გახანგრძლივებას, დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებას და წვდომას კაპიტალის ბაზრებზე.

„თეგეტა მოტორსი“, წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელშიც შედის შემდეგი კომპანიები: შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ (MAN Truck & Bus AG-ის, ოფიციალური წარმომადგენელი), შპს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი); შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ (პორშესა და მაზდას ოფიციალური დილერი), ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია (Shell Lubricants – ოფიციალური წარმომადგენელი) და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ (TOYOTA-ს ოფიციალური დილერი საქართველოში).

კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი, 300-მდე ბრენდის უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

commersant.ge

Share