Home » საზოგადოება » „აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე ეფექტური მონიტორინგის დაწესება მნიშვნელოვანია“
„აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე ეფექტური მონიტორინგის დაწესება მნიშვნელოვანია“

„აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე ეფექტური მონიტორინგის დაწესება მნიშვნელოვანია“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე ეფექტური მონიტორინგის დაწესება მნიშვნელოვანია, რისთვისაც აუდიტის სამსახური პარლამენტს საკუთარ მოსაზრებებს წარუდგენს.

ამის შესახებ მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც კვლევის „საპარლამენტო კონტროლი საქართველოში“ პრეზენტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ კვლევას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელიც ესწრება.

ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, აუდიტის სამსახურისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„პარლამენტთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობა წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს და პრიორიტეტს, ვინაიდან პარლამენტს აუდიტის სამსახურის სახით აქვს ძალიან ქმედითი ბერკეტი, პარლამენტმა განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ჩვენი ანგარიშების განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან არსებულ მუშა ჯგუფის დონეზე, ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე ოთხი ანგარიში განვიხილეთ პარლამენტთან. დღესაც გვაქვს განხილვა ჩვენი ერთ-ერთ ანგარიშის ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით და ეს მიმართულება მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი რეკომენდაციების შესრულებაზე ეფექტური მონიტორინგის დაწესება. ჩვენ წარვუდგენთ პარლამენტს ჩვენს მოსაზრებებს სისტემური ტიპის რეკომედაციების შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

Share