Home » საზოგადოება » “აუცილებელია პლებისციტის დანიშვნა ნარკოტიკების ლეგალიზების თაობაზე”
"აუცილებელია პლებისციტის დანიშვნა ნარკოტიკების ლეგალიზების თაობაზე"

“აუცილებელია პლებისციტის დანიშვნა ნარკოტიკების ლეგალიზების თაობაზე”

პოლიტოლოგი, ვაჟა ბერიძე ნარკოტიკების ლეგალიზებასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების იდეით გამოდის. ამი შესახებ ის საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერს:

“აუცილებელია პლებისციტის დანიშვნა ნარკოტიკების ლეგალიზების თაობაზე

კიდევ ერთ სასწრაფო და საშურ საქმეზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი..

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ორი პოზიცია ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს. ხელისუფლებას პროცესის მართვა უჭირს. საპროტესტო აქცია ლამის ნარკორევოლუციაში გადაიზარდა. ასეთი აქციების გამართვა, ერთი მხრივ, ჩვენი დემოკრატიის წინწასულობის გამოხატულებაა, მაგრამ აქციის შინაარსი (კონტენტი) საკმაოდ ექსტრემისტული გახლდათ, რომ არაფერი ვთქვათ კონტრაქციაზე, რომლის გამართვის ინიციატორებად ფაშისტური იდეოლოგიის მიმდევრები მოგვევლინენ. ერთი მხრივ,სახეზეა ნარკოტიკების ლეგალიზება და უკიდეგანო თავისუფლების დაკვიდრების მცდელობა, რომელიც ანარქიასთან მეზობლობს, მეორეს მხრივ, ულტრანაციონალიზმი და მისი ჩართვა პროცესებში ფეთქებადსაშიშ ვითარებას ქმნის ქვეყანაში. საზოგადოება დაიბნა – მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის ფაქტობრივი პირველი პირი დუმს, როცა მისი ვაჟი, ცნობილი რეპერი ბერა ივანიშვილი მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციისკენ მოგვიწოდებს, რაც ფა ქტობრივად პირველ ნაბიჯად განიხილება საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის საშუალო და მძიმე ნარკოტიკების ლეგალიზების გზაზე. მოხმარების ლეგალიზება მიწოდების აკრძალვის პირობებში საკმაოდ რთული ვითარების შემქმნელი იქნება ქვეყანაში… არავინ იცის მარიხუანას დეკრიმინალიზებულობის პირობებში კოკაინის თუ ჰერიონის მომხმარებელი როგორ და რატომ უნდა იყოს დამნაშავე და დევნილი…და საერთოდ, რა ვუყოთ საბაზრო ეკონომიკის უმარტივეს პრინციპს – მოხმარება აჩენს მიწოდებას და ვინ უნდა იყოს მიმწოდებელი ლეგალიზებული ნარკოტიკის – ისევ ,,ბარიგები“? თუ სახელმწიფო?

ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და უკიდურესი სიღარიბით მოცულ საქართველოში ასეთი ვითარების ესკალაცია სახიფათოა და მტრების მიერ ინსპირირებული თუ არ არის, მათ წისქვილზე მაინც ასხამს წყალს.

ხელისუფლება სისუსტეს ავლენს. სუსტი ხელისუფლება კი დესტაბილიზაციის საფთხის და ავტორიტარული მმართველობის (თუ არა დიქტატურის) დამყარების წინაპირობაა, რომელიმე იმპერიის მხარდაჭრით, ანდა სულაც ამის გარეშე.

ნარკოტიკების მომხმარებლებიც ჩვენი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და მემარჯვენე ექსტრემისტებიც. მაგრამ ქვეყანა უმრავლესობამ, ,, ოქროს შუალედის“ პრიზმიდან უნდა მართოს. ამიტომ, რადგან არც ამ და არც ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება უფლება ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება თავად მიიღოს, როგორიცაა ნარკოტიკების ლეგალიზაცია, პრემიერმა უნდა დანიშნოს პლებისციტი ასეთი კითხვით: მხარს უჭერთ თუ არა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას (ლეგალიზაციას). შესაძლოა, ამას კიდევ ერთი კითხვა დაემატოს: მხარს უჭერთ თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა და სხვა) მოხმარების დეკრიმინალიზაციას (ლეგალიზაციას). შედეგად გადაწყვეტილებას მიიღებს ის ქართველი ხალხი ვის ხელშიცაა და ვინც არის ხელისუფლების წყარო.

ამის გარეშე კონფლიქტი არ გაჩერდება და საზოგადოება პერმანენტული დაპირისპირების პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას. იქნება და ხალხი სულ სხვაგვარად ფიქრობს?

რატომ პლებისციტი? ის ხელისუფლებას აძლევს დამოუკიდებელი მოქმედების საშუალებას და სავალდებულო არ არის მისი შედეგები კანონად იქცეს. მხოლოდ ასე შეიძლება ამ დაუსრულებელი აურზაურიდან გამოვიდეთ. რაც საქართველოს მეზობლების თვალში სულაც არ მატებს ღირსებას.

და ერთიც (უაღრესად მნიშვნელოვანი), თუ ქართველი ხალხი ნარკოტიკების ლეგალიზაციას მხარს დაუჭერს, ის მხარს დაუჭერს ტრადიციონალისტური, კონსერვატიული საქართველოს დასრულებას და ,,სხვა საქართველოს“ მშენებლობის დაწყებას.

ოღონდ ამ ,,სხვა საქართველოს“ სულ სხვა არსი და შინაარსი (კონტენტი, როგორც ახლა ვამბობთ) ექნება, ,,ჯერ არსმენილი და ჯერ არგაგონილი“.

ყველაფერი განვსაჯოდ მშვიდად.

რევოლუციების გარეშე. და აზრი ვკითხოთ ხალხს – თავი დავანებოთ მის ზურგს უკან ქვეყნის ბედის გადაწყვეტის არცთუ სახარბიელო ისტორიულ ტრადიციას და პრაქტიკას.

გვახსოვდეს რომაული შეგონებაც ,,O, tempora! O mores!“ (ვახ, დრონი! ვახ, ჩვეულებანი!)” – წერს ბერიძე.

Share

About bachana jincharadze