Home » საზოგადოება » ათასობით ადამიანს უმუშევრობა ემუქრება
ათასობით ადამიანს უმუშევრობა ემუქრება

ათასობით ადამიანს უმუშევრობა ემუქრება

წინა სამთავრობო ცვლილებამ უმუშევრად 1221 ადამიანი დატოვა, ახლა მასშტაბები უფრო დიდი იქნება

ახალი სამთავრობო რეორგანიზაციის შედეგად, შესაძლოა, ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩეს. მართალია, “ქართულ ოცნებაში” ირწმუნებიან, რომ მასობრივი შემცირება არ იქნება, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მცირე შემცირებასთან არ გვექნება საქმე. უახლოეს პერიოდში უმუშევართა არმიას კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაემატება.

ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საჯარო სექტორიდან დათხოვნილთა შესახებ კონკრეტული ციფრი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა უწყებების ერთმანეთთან ინტეგრაცია მოხდება.

“მცირე მთავრობის კონცეფცია, პირველ რიგში, ემსახურება მართვის ოპტიმალურ სისტემას და არა ხალხის შემცირებას. ეს იმისთვის არ კეთდება, რომ გავუშვათ ხალხი. არ არის საუბარი მასობრივ დათხოვნაზე ან შემცირებაზე, არამედ საუბარია, პირველ რიგში, მართვის ოპტიმალურ სისტემაზე.

ზოგადად, ბიუროკრატიული ხარჯი უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა უნდა დაფიქსირდეს მშპ-სთან მიმართებით 3.9%-ზე. უნდა იყოს ეფექტური ბიუროკრატია – მთავარი ამოცანა ესაა”, – განაცხადა მინისტრმა.

მოსალოდნელია, რომ შემცირებულთა რაოდენობა იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე 2018 წლის დასაწყისში სამინისტროების რეორგანიზაციის შედეგად დაითხოვეს. რეფორმის პირველი ტალღის შედეგად სხვადასხვა სამინისტროდან რამდენიმე თვის წინ 1221 ადამიანი გაათავისუფლეს.

კერძოდ, კულტურის სამინისტროდან 1281 ადამიანი გაუშვეს, განათლების სამინისტროდან – 227, ეკონომიკის სამინისტროდან – 19 დასაქმებული. თუმცა ორი სამინისტროს შერწყმის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დამატებით 306 ადამიანი დასაქმდა.

ამჯერად სპეციალისტები ტოტალურ დათხოვნას არ ვარაუდობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ გაცილებით მეტი ადამიანი გათავისუფლდება საჯარო სექტორიდან, ვიდრე წინა რეორგანიზაციის დროს.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის ვარაუდით, წესით, დიდი წმენდა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მთავრობა დაფინანსების მოცულობას არ ამცირებს.

“მთავრობის წევრთა სპეციალურ განცხადებებს თუ დავუჯერებთ, დაფინანსების რაოდენობა არ შეიცვლება. უბრალოდ, პროცენტული წილი ხარჯთან მიმართებით შეიძლება შემცირდეს იმ გაგებით, რომ მომავალში მშპ-სთან სახელმწიფო ხარჯი მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ, მოცულობითი თვალსაზრისით, ეს დანახარჯი არ შემცირდება.

უნდა ვივარაუდოთ, რომ მასობრივი შემცირება არ იქნება. თუკი დაფინანსებას არ ვამცირებთ, ამდენი ადამიანის სამსახურიდან გაშვება რით უნდა გამართლდეს? ყველა ვარიანტია მოსალოდნელი, მაგრამ დიდი წმენდა არ უნდა მოხდეს, თუმცა ველოდები, რომ გაცილებით მეტ ადამიანს დაითხოვენ სამსახურებიდან, ვიდრე 2018 წლის დასაწყისში, სამთავრობო რეფორმის ფარგლებში დაითხოვეს”, – განუცხადა “რეზონანსს” სილაგაძემ.

დასაქმებულთა მიმართ მთავრობის მიდგომას “გაერთიანებულ პროფკავშირებში” ხისტ პოლიტიკად აფასებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულ მოქალაქეებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, რაც იმათვითვე უნდა გაეთვალისწინებინა მთავრობას და მათ შესაბამის გადამზადებაზე ან ალტერნატიულ დასაქმებაზე ეზრუნა.

“ველოდები, რომ უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, ეს დაამძიმებს დასაქმებულთა მდგომარეობას, რადგან ადამიანებს დასაქმების პრობლემა შეექმნებათ. მთავრობა უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ შესაბამისი გადამზადება და დათხოვნილი ხალხის სხვა სექტორში დასაქმება უზრუნველყოს. ამისთვის წინასწარ უნდა არსებობდეს გეგმა, რადგან ყველამ იცის, რომ შრომის ბაზარზე საამისო პირობები არ არის.

ის, რომ საჯარო სივრცე არ უნდა იყოს დასაქმების ერთადერთი ადგილი, ფაქტია. ეკონომიკა უნდა მუშაობდეს ისე, რომ ადამიანები სხვადასხვა სექტორში იყვნენ დასაქმებულნი და ქვეყნის ეკონომიკას ემსახურებოდნენ. ასე იმპულსურად, ხელის ერთი დარტყმით ეს პრობლემა ვერ გვარდება.

კონსულტაციების გზით შესაძლებელია ადამიანების მომავალზე ზრუნვა. ვის რა პროფესია აქვს და სად შეიძლება დასაქმდნენ, ალტერნატივა უნდა შესთავაზონ. ცხადია, რომ ოპტიმიზაციის შედეგი იქნება მძიმე”, – განუცხადა “რეზონანსს” პეტრიაშვილმა.

ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ რეალურად არ გვექნება უფრო მცირე მთავრობა, თუკი ბიუჯეტის ხარჯი არ შემცირდება. ანალიტიკოს ბესო ნამჩავაძის თქმით, მთავრობის ზომის შემცირება გულისხმობს მხოლოდ ერთ რამეს – სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯის შემცირებას.

“თუ სხვა რამეში გამოიხატება შემცირება, მაშინ არ გვექნება მცირე მთავრობა. ე.წ. არაფინანსური (კაპიტალური ხარჯი) და ფინანსური აქტივების (მაგ. სესხების გაცემა) ზრდაც საბიუჯეტო ხარჯია. მთავრობის ზომის შესამცირებლად სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი ხარჯის ნომინალში შემცირება, მთავარია, მშპ-თან მიმართებით პროცენტულად შემცირდეს”, – აცხადებს ნამჩავაძე.

www.resonancedaily.com

Share