Home » ეკონომიკა » “აშშ–ს სავაჭრო ომი რუსეთთან და თურქეთთან, საქართველოს ეკონომიკას აზარალებს”
"აშშ–ს სავაჭრო ომი რუსეთთან და თურქეთთან, საქართველოს ეკონომიკას აზარალებს"

“აშშ–ს სავაჭრო ომი რუსეთთან და თურქეთთან, საქართველოს ეკონომიკას აზარალებს”

დონალდ ტრამპი პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას აგრძელებს და სავაჭრო პატრტნიორებს მსხვილ საექსპორტო პროდუქციაზე მაღალ გადასახადებს უწესებს. ერთ–ერთი მათგანი რუსეთიცაა, რომლის მიმართ სანქციები მას შემდეგ გამკაცრდა რაც ბრიტანელი აგენტის მოწამლვაში რუსეთის მხარე დაადანაშაულეს. აშშ–ს მკაცრი პოლიტიკა შეეხო თურქეთსაც. სწორედ ტრამპის ხელისუფლების სავაჭრო პოლიტიკა გამოდგა თურქეთის ეკონომიკისთვის, ისედაც რთულ პერიოდში, “საკონტროლო გასროლა”. თურქეთი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა რთულ კრიზისს ებრძვის.

ასეა თუ ისე, ტრამპი თავისი პოლიტიკის გატარებას აგრძელებს და პირდაპირ თუ ირიბად ქართულ ეკონომიკას სირთულეებს უქმნის. საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებსა და მათ გავლენას ეხმიანება ეკონომისტი თემურ ბასილია სოციალური ქსელის მეშვეობით. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ორივე მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში – თურქეთსა და რუსეთში – ეკონომიკური ვითარება უარესდება. ორივე შემთხვევაში მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ახალი სანქციებია. საინტერესოა, არის საქართველოს ხელისუფლება მზად გაუმკლავდეს ახალ ეკონომიკურ სირთულეებს?

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებამ, რომ თურქული პროდუქციის ამერიკაში იმპორტზე აშშ დააწესებდა სპეციალურ გადასახადს, თურქეთის ისედაც მყიფე საფინანსო სისტემაზე უარყოფითად იმოქმედა. კერძოდ, ამ დღეებში თურქულმა ლირამ ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასევე, მკვეთრად დაეცა თურქული ფასიანი ქაღალდები. მაგალითად, თურქეთის 10 წლიანი ბონდები რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა სამშაბათს, როდესაც მას 20%-იანი (!) სარგებლით იძლეოდნენ.

ასევე, აშშ-მა გამოცხადა რუსეთი მიმართ ახალი, გაცილებით უფრო მძაფრი სანქციების დაწესების შესახებ, რომლის პირველი ბლოკი 22 აგვისტოს შევა ძალაში. იგი ითვალისწინებს რუსეთში ელექტრონული მოწყობილობების და მათი მაკომპლექტებელი ნაწილების აკრძალვას. მეორე ბლოკი ძალაში შევა სამი თვის შემდეგ და ითვალისწინებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერებას, საერთაშორისო და ამერიკული ბანკებიდან რუსეთისთვის სესხების აკრძალვას, აეროფლოტისთვის აშშ-ში ფრენების აკრძალვას და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის პრაქტიკულად შეწყვეტას.

როგორც რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტოები РИА Новости და lenta.ru აცხადებენ, სავალუტო ბირჟებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება აშშ-ის სახელმწიფო დეპატრამენტის ამ განცხადებაზე. პრაქტიკულად, ამ სანქციების გამოცხადებისთანავე რუსული რუბლი მკვეთრად დაეცა 2016 წლის მაჩვენებლის დონემდე.

თუ, აშშ-ის ურთიერთობები თურქეთთან და რუსეთთან არ გაუმჯობესდება, ეს საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება, რადგან ორივე ეს ქვეყანა საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. კერძოდ, კიდევ უფრო გაიაფდება თურქული და რუსული პროდუქცია და გაიზრდება მათი იმპორტი საქართველოში, ხოლო, ამ ქვეყნებში ქართული საექსპორტი პროდუქცია გაძვირდება და ნაკლებად კონკურეტუნარიანი გახდება. გარდა ამისა, გაუარესდება ამ ქვეყნებში სამუშაოდ მყოფ ქართველთა მდგომარეობა, რომლებიც ალბათ ვეღარ შეძლებენ ისეთივე ოდენობით თანხების გადმორიცხვას საქართველოში. ეს კი, სოციალურ პრობლემებს კიდევ უფრო გააუარესებს საქართველოში.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკში: აქვთ თუ არა შემუშავებული რაიმე გეგმა ამ, ახლად წარმოშობილი სირთულეების შესამცირებლად?

P.S. ეს გახლავთ ამ თემაზე რუსეთთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო სტატია. თურქეთთან დაკავშირებით მსგავსი სტატიის ლინკს კომენტარებში დავდებ”.

Share