Home » საზოგადოება » „არსებობის 8 წლის განმავლობაში, „საპარტნიორო ფონდმა“ მოახერხა საქართველოში $2,5 მილიარდი ინვესტიციის შემოტანა“
„არსებობის 8 წლის განმავლობაში, „საპარტნიორო ფონდმა“ მოახერხა საქართველოში $2,5 მილიარდი ინვესტიციის შემოტანა“

„არსებობის 8 წლის განმავლობაში, „საპარტნიორო ფონდმა“ მოახერხა საქართველოში $2,5 მილიარდი ინვესტიციის შემოტანა“

არსებობის რვა წლის განმავლობაში „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, მოახერხა, საქართველოში 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოეტანა, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორმა, დავით საგანელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„საპარტნიორო ფონდმა“ სხვადასხვა მიმართულების სექტორში შექმნა მრავალი ბიზნეს საწარმო; დასაქმდა ათი ათასობით ადამიანი და ბიუჯეტში ათეულობით მილიონი შედის; დაფინანსდა ასზე მეტი ახალგაზრდული ინოვაციური პროექტი და ა.შ.“, – განაცხადა საგანელიძემ.

მისი თქმით, ფონდზე, რომელმაც თავისი პროექტებითა და საქმიანობით 192,8 მილიონის მოგება დაწერა და აჩვენა, სამწუხაროდ, ითქვა, რომ თურმე, ის წამგებიანია და ამაზე მათ შორის, პარლამენტში იყო საუბარი.

საგანელიძემ ასევე განაცხადა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო „საპარტნიორო ფონდი“ რეფორმირებას საჭიროებს.

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რომელ ალტერნატივას უჭერს ის მხარს რეფორმის ფარგლებში და როგორი იქნებოდა კარგი „საპარტნიორო ფონდი“, ან „განვითარების ბანკი“, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ შემუშავებულია სამი მოდელი, რომელიც ფართო წრეების ჩართულობით იქნება განხილული, თავად კი ერთ-ერთ მოდელს უჭერს მხარს, მაგრამ ყველას მოსაზრებას პატივს სცემს და სხვადასხვა მოსაზრებას სიამოვნებით გაიზიარებს.

„რამდენიმე დღეში შეხვედრა გვექნება ბიზნეს ასოციაციასთან, სადაც სამი მოდელი გაგვაქვს. დაახლოებით, ერთ კვირაში გვექნება შეხვედრა ეკონომიკის ექსპერტებთან და განხილვა გვექნება ეკონომიკურ საბჭოზე. არ მინდა, აქცენტი გავაკეთო ჩემი ერთი პოზიციით და ვთქვა, რომ ეს სწორია. ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ და სიამოვნებით გავიზიარებ. თუმცა, რა თქმა უნდა, საკუთარი მოსაზრება მაქვს და ჩემთვის ყველაზე შეწონილი მოდელი გამაჩნია. ჩემთვის მთავარია რამდენიმე პრინციპი – თუ ბორდი გადაწყვეტილებას იღებს, მისი აღსრულება ძალიან სწარაფად უნდა მიდიოდეს, ფონდის საქმიანობის მიმართულებები ძალიან უნდა იყოს ფოკუსირებული, ბორდი უნდა იყოს ისეთი, სადაც ინტერესთა კონფლიქტები არ იქნება და რაც ყველაზე მთავარია, უნდა შეიცვალოს დაფინანსების წყარო“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

Share