Home » ბიზნესი » „არემჯი“ გარემოსდაცვით პროექთან ერთად, საწარმოს გადაიარაღებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობს
„არემჯი“ გარემოსდაცვით პროექთან ერთად, საწარმოს გადაიარაღებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობს

„არემჯი“ გარემოსდაცვით პროექთან ერთად, საწარმოს გადაიარაღებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობს

უკვე რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც კომპანია „არემჯიმ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და უშუალოდ მისი ხელმძღვანელისგან კონკრეტული შენიშვნები მიიღო. საქმე ეხებოდა ნიადაგისა და მდინარე კაზრეთულას დაბინძურების აღმოსაფხვრელ ღონისძიებებს. სამუშაოების შესრულებისთვის კონკრეტული ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა.

კითხვაზე რა ღონისძიებებს ახორციელებს „არემჯი“ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე პასუხობს, რომ კომპანია მზად არის აღმოიფხვრას ისტორიული დაბინძურება და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება.

 „არემჯიმ“ უშუალოდ სამთამადნო ოპერირება რეალურად 2014 წლის აპრილიდან დაიწყო. შესაბამისად ის გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელზეც მინისტრი საუბრობს და რომელიც 2015–2016 წლების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კვლევას ეფუძნება, ცხადია 2–3 წელიწადში “არემჯის” საქმიანობას არ უკავშირდება. მაგალითად, მადნეულის საბადო 1975  წლიდან მუშავდება და გარემოსდაცვითი პრობლემები თითქმის 40 წელზე მეტი გროვდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზად ვართ ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ და ისტორიული დაბინძურებები აღმოვფხვრათ და მინიმუმამდე დავიყვანოთ“, – განმარტავს შუბითიძე.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ გარემოსდაცვით პროექტებთან ერთად “არემჯი” აქტიურად მუშაობს საწარმოს გადაიარაღებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე.

ტექნოლოგიური გადაიარაღება ერთი მხრივ საწარმოს საქმიანობას უფრო ეფქეტურს და მომგებიანს გახდის, მეორეს მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.  კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გარემოსდაცვით მიმართულებაზე დაახლოებით 5 მლნ ლარია დახარჯული და წლის ბოლომდე ეს თანხა კიდევ გაიზრდება.

„თითქმის დავასრულეთ მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისგან დაცვის ღონისძიებები. კუდსაცავიდან დრენირებული წყლების სამართავად უკვე აქტიურ ფაზაშია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საყოფაცხვრებო ნარჩენებით ნიადაგისა და გარემოს დაბინძურების აღმოფხვრის კუთხით, შევისყიდეთ საკმაოდ ძვირადღირებული 4 სპეცავტომანქანა ამტვერიანების შესამცირებლად, რომლებიც ინტენსიურად მორწყავენ კარიერულ და შიდა საავტომობილო გზებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ სამსხვრევი კომპლექსზე, რომელიც მტვრის წარმოქმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, უკვე დავამონტაჟეთ წყლის გამშხეფი სისტემა, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა სამსხვრევის ტერიტორიაზე ამტვერიანება. ჰაერის დაცვის მიმართულებით კომპანია ბევრ სხვა სიახლეს დანერგავს უახლოეს მომავალში,“ – განმარტავს შუბითიძე.

ჯონი შუბითიძე ამავდროულად აღნიშნავს, რომ კომპანია მზად არის განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

Share