Home » ეკონომიკა » ,,არცერთ ქვეყანაში, დეპოზიტარების ფულით მოქმედ კომერციულ ბანკებს ეკონომიკა არ აუყვავებიათ “
,,არცერთ ქვეყანაში, დეპოზიტარების ფულით მოქმედ კომერციულ ბანკებს ეკონომიკა არ აუყვავებიათ “

,,არცერთ ქვეყანაში, დეპოზიტარების ფულით მოქმედ კომერციულ ბანკებს ეკონომიკა არ აუყვავებიათ “

,,არცერთ ქვეყანაში, დეპოზიტარების ფულით მოქმედ კომერციულ ბანკებს ეკონომიკა არ აუყვავებიათ და ქვეყნის განვითარება მათზე არ ყოფილა დამოკიდებული“, – ამის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ, აფბას ბიზნესსაბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“ჯერ არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, რომ კომერციულ საბანკო სექტორს, ისეთს როგორიც საქართველოშია, რომელიც დეპოზიტებით არის ფონდირებული და დეპოზიტარების ფულით ოპერირებს, ეკონომიკა აეყვავებინოს, ან ქვეყნის განვითარება მასზე ყოფილიყოს დამოკიდებული. ქართული საბანკო სექტორი გამორჩეულია თავისი გამჭვირვალობით, მენეჯმენტითა და კაპიტალზე წვდომით. თუმცა, გვაქვს სიტუაცია, როდესაც 2 მსხვილი ბანკი გვყავს ბაზარზე, შესაბამისად სასურველია სხვებიც გამსხვილდნენ. რაც ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა ამ მიმართულებით ნამდვილად ვაკეთებთ, ამ ორ ბანკს და პლუს მესამესაც რეგულაციები გავუმკაცრეთ. გაცილებით მაღალი კაპიტალის მოთხოვნა აქვთ დაწესებული.
რაც შეეხება არასაბანკო სექტორს, არასაბანკო სექტორში მომუშავე კომპანიები უნდა გახდნენ უფრო გამჭირვალე, უნდა ჰქონდეთ კარგი აუდიტები და პირდაპირი წვდომა. სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო პრაქტიკულად ძალდატანებით ავალდებულებს კომპანიებს, რომ აუდიტის რეპორტები გამოაქვეყნონ. იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩაკეტილი ფინანსური წრით მოქმედებენ, რისკები მაღალია და შესაბამისად ინვესტორებიც მათი საქმიანობით არ ინტერესდებიან. ის რაც გააკეთა ,,საქართველოს ბანკმა“ და ,,თიბისი ბანკმა“, თავისი გამჭვირვალობით, იმ მენეჯმენტით, რომელთაც ჰქონდათ შესაბამისი მოტივაცია, განათლება, ფინანსებზე წვდომა, ზუსტად იგივე სჭირდება სხვა ბიზნესსაც, რომ იმავე წარმატებით იფუნქციონიროს და გავიდნენ საფონდო ბირჟაზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ნახევარზე მეტი დეპოზიტები გაუმჭირვალეა, რომელიც ცალკე თავის ტკივილია, თუმცა ფაქტია.

ცალსახად არის გასაყოფი კორპორატიული ბიზნესი, მცირე და საშუალო ბიზნესი და საცალო სექტორი. სრულიად სხვადასხვა ამოცანები და გამოწვევებია მათ წინაშე.

ვმუშაობთ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებითაც და ამ ინფორმაციას სულ მალე ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს. მუშაობა მიმდინარეობს, პირველ რიგში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ძალიან მალე ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების სისტემა როგორიც არის, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება, მარტივი და იაფი გახდება. იცით, რომ პირველი იანვრიდან მთელი რიგი შეღავათები გავრცელდა ფასიან ქაღალდებზე. არის ისტორიული პრობლემა ბირჟასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს. ვიცი, რომ ინფრასტრუქტურული ძვრები იქნება ამ მიმართულებითაც. იმ გეგმის მიხედვით, რაც არსებობს კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის, ჩვენ ველოდებით რომ ძალიან დიდ შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ.

Share