Home » ახალი ამბები » არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 86 თეთრი გახდა
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 86 თეთრი გახდა

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 86 თეთრი გახდა

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასურის გაზრდის შესახებ კომპანია ყაზტრანსგაზთბილისიგანცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებთ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივ გაზს ყიდულობს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ისე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით ისარგებლოს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება მოახდინოს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Share