Home » საზოგადოება » არაბი ინვესტორი კუმისში „სოფლის“ მშენებლობაზე ნებართვას ითხოვს
არაბი ინვესტორი კუმისში „სოფლის“ მშენებლობაზე ნებართვას ითხოვს

არაბი ინვესტორი კუმისში „სოფლის“ მშენებლობაზე ნებართვას ითხოვს

არაბმა ინვესტორმა კუმისში საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მიმართა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს. პროექტის მიხედვით, კომპლექსი 161 ჰექტარ მიწის ფართობზე უნდა გაშენდეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არაბების მიერ მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა. მაშინ იყო საუბარი, რომ ინვესტორები იქ საცხოვრებელ და გასართობ კომპლექსს მოაწყობდნენ, მათ შორის, გოლფის მოედნებს. თუმცა ინვესტორმა მშენებლობის დაწყების ნებართვისთვის ადგილობრივი ხელისუფლებას მხოლოდ ახლა მიმართა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, კუმისში სოფლის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორმა განაცხადა და ესკიზები 2018 წლის მაისში შემოიტანა, თუმცა იმის გამო, რომ რაიონს სივრცითი მოწყობის შესახებ რეგლამენტი და ნორმები არ გააჩნია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ წერილით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა.

„ინვესტორმა, მოქალაქემ ნასრედინ ალსაიედმა პროექტი მაისში შემოიტანა, მაგრამ იმის გამო, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების ნორმები და წესები, სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტი, განაშენიანების სივრცითი გეგმარებითი მოწყობა, ჩვენ მივმართეთ წერილით ეკონომიკის სამინისტროს. სამინისტროსგან ვითხოვთ, რომ შეისწავლოს ეს საკითხი და მოგვაწოდოს საკუთარი პოზიცია“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

საჯარო რეესტრის მიხედვით, არაბმა ინვესტორმა კუმისში მიწის ფართობი 2016 წელს შპს კუმისი XXI-სგან შეიძინა. შესყიდვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, საუბარია თითქმის 300 ჰექტარ მიწის ფართობზე. წარდგენილი ესკიზების მიხედვით კი დასახლებული პუნქტი გასართობი ადგილებით 161 ჰექტარზე უნდა მოეწყოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობის ნებართვაზე განაცხადი გარდაბნის მერიაში მოქალაქე ნასრედინ ალსაი ედმა შეიტანა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ის არის შპს შამტექსის 100%-იანი წილის მფლობელი. ნასრედინ ალსაიედს აქვს ორმაგი მოქალაქეობა. ის არის საქართველოს და ამავე დროს, სირიის მოქალაქე.

დაიწყება თუ არა კუმისში ე.წ. არაბული სოფლის მშენებლობა, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ეკონომიკის სამინისტრო წარდგენილ ესკიზებს და პროექტს დეტალურად შეიწავლის.

Bpn.ge

Share