Home » ბიზნესი » „არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ისეთი ფილოსოფია, რომ ბიზნესს ხელი შეუშალოს“
„არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ისეთი ფილოსოფია, რომ ბიზნესს ხელი შეუშალოს“

„არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ისეთი ფილოსოფია, რომ ბიზნესს ხელი შეუშალოს“

„არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ისეთი ფილოსოფია, რომ ბიზნესს ხელი შეუშალოს,“— ასე ეხმაურება ბიზნესმენი თემურ ჭყონია  პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც  „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს.

„რუსეთში ოლიგარქები არ უყვარდა ხალხს, ან რატომ უნდა ყვარებოდათ. ამ სიძულვილზე ააგო პუტინმა თავისი მოქმედების ტაქტიკა და ზოგი გაანადგურა (პოლიტიკურად ამბიციურები) და ზოგიც თავის სამსახურში ჩააყენა. ”იუკოსის” და ხადარკოვსკის კამპანიის წარმატებით დამთავრების შემდეგ გახდა პუტინი, ფაქტობრივად, რუსეთის იმპერატორი. როცა ფინანსური სადავეები საბოლოოდ ჩაიგდო ხელში, მერე გაბედა ბევრი რამ, მათ შორის საქართველოსთან ომი და ყირიმის მიერთება. რაც საქართველოში ხდება, ეს არის ამ სქემის მსგავსი რამ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინმეს პიროვნულად მოსწონს მამუკა ხაზარაძე თუ ”ალერგია აქვს” ბანკებზე. გადაუვლის დიდ ბიზნესს (თანაც პოლიტიკურად მის მომხრეებს)-გადაუვლის მთელ ქვეყანას.

თუ ყველაფერი ”იუკოსის” სქემით წარიმართა, ეს პოლიტიკური დიქტატურის და ფინანსური სისტემის ჩამოშლის დასაწყისი იქნება და ეს არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც თემურ ჭყონიამ კომერსანტთან საუბარში აღნიშნა, იგი საქმის დეტალებს არ იცნობს, თუმცა, ამბობს, რომ ქვეყნის მართვა და განვითარება ბიზნესმენების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, წარმოუდგენელია ბიძინა ივანიშვილმა მსგავსი რაღაცეები გააკეთოს.

„საქართველოში არ მომწონს ასეთი მიდგომა, როდესაც  ბიზნესმენს კატეგორიას ანიჭებენ, მსხვილი ბიზნესი და მცირე ბიზნესი, ეს რას ნიშნავს? თითოეული ბიზნესმენი  თავის ქვეყანას ემსახურება. ნებისმიერი ბიზნესი შექმნილია იმ ადამიანების ჭკუით და ფინანსებით, რისი საშუალებაც მათ აქვთ. წვრილი ბიზნესი არ ნიშნავს იმას, რომ მის მფლობელებს ნაკლები განათლება აქვთ. უბრალოდ, მცირე ბიზნესმენს განათლება შეიძლება მსხვილ ბიზნესმენზე მეტი ჰქონდეს, მაგრამ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდეს. ყველა ბიზნესმენი რომელიც საქართველოში საქმიანობს, დიდი შრომა  აქვს ჩადებული იმ საქმეში, რომელსაც ის ეწევა. მითუმეტეს ისეთი ბიზენსმენები, როგორიც მამუკა ხაზარაძეა და რომელმაც საკუთარი თავი თვითონ შექმნა, როგორც ყველა  ბიზნესმენმა საქართველოში. ეს ისტორიაა ქვეყნის, ახალი ბიზნესისტორია, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ დაიწერა. ვგულისმხობ, მამუკა ხაზარაძესაც და იმ ბიზნესმენებსაც, რომელიც დღეს გვყვავს. პოლიტიკოსები იცვლებიან, მიდიან, მოდიან, მაგრამ ბიზნესისტორიები, რომელიც საქართველოში იქმნება, მუდმივია,“-აღნიშნავს ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

თიბისი ბანკი ამ ფაქტს შავ პიარს  უწოდებენ.

 აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს…

თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად, — აღნიშნულია თიბისი ჯგუფის განცხადებაში.

commersant.ge

Share