Home » ბიზნესი » „აქსისი“ და „თი-ბი-სი ბანკი“ კიდევ ერთ კომპლექსს ააშენებენ
„აქსისი“ და „თი-ბი-სი ბანკი“ კიდევ ერთ კომპლექსს ააშენებენ

„აქსისი“ და „თი-ბი-სი ბანკი“ კიდევ ერთ კომპლექსს ააშენებენ

“თი-ბი-სი ბანკისა” და “აქსისის” ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით, დღეს “აქსისის” ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენცია “აქსისის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ და “თი-ბი-სი ბანკის” დირექტორის მოადგილემ დავით წიკლაურმა გამართეს.

კომპანიების შეთანხმების თანახმად, “თი-ბი-სი ბანკი” გარკვეული პირობების შესრულების შემდგომ, მრავალფუნქციური კომპლექსის – “აქსის პალას 1″-ის ეზოში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროექტს დააფინანსებს. სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას 2016 წლის ბოლოსთვის დაიწყებს. ცენტრში სულ მალე ერთ-ერთი გლობალური ბრენდის სუპერმარკეტი განთავსდება, სუპერმარკეტის გარშემო კი კომერციული ფართები მოეწყობა. კომერციული ფართების მშენებლობა ნაწილობრივ დასრულებულია, დასრულებულ ნაწილში კი ფართების დაქირავება უკვე შესაძლებელია.

„დღეს შედგა ჩვენი და „თი-ბი-სი ბანკის“ ურთიერთობის კიდევ ერთი ეტაპი, რის შედეგადაც „თი-ბი-სი“ დააფინანსებს „აქსის პალას 1“-ში, 7 000 კვადრატულ მეტრზე, სავაჭრო ცენტრის მშენებლობას, სადაც სუპერმარკეტების ერთ-ერთი გლობალური ბრენდი განთავსდება. ჩვენ სამუშაოებს დავასრულებთ მომავალი წლის აგვისტოში და იქ მაღაზია მომავალი წლის ბოლოს გაიხსნება. ამით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა „აქსის პალასის“ კონცეფციის სრულყოფილად განხორციელებისკენ და ეს არის ჩვენი და „თი-ბი-სის“ ურთიერთობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენ მომავალ თვეშიც ვაპირებთ ერთობლივ პროექტს, რომლის შესახებაც ოქტომბერში მოგახსენებთ“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
მისი განმარტებით, იმ ორგანიზაციის მიერ, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია უნდა დაიკავოს, კვლევა ჩატარდა.

„კვლევამ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა, რისი მოლოდინიც ჩვენ გვქონდა იმიტომ, რომ „აქსისის“ კომპლექსი გადის სამ მნიშვნელოვან ქუჩაზე, ეს არის ბახტრიონის ქუჩა, საბურთალოს ქუჩა და ყოფილი კუტუზოვის ქუჩა. ამ უბანში უამრავი ხალხი ცხოვრობს. მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მაღალია, სხვა უბნებთან შედარებით და ძალიან მაღალი მოლოდინია“, – აღნიშნა „აქსისის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, სუპერმარკეტის ბრენდთან, კონტრაქტს უკვე მოეწერა ხელი, რასაც წინ წელიწადნახევრიანი მოლაპარაკებები უძღოდა. კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, „აქსისი“ სუპერმარკეტის ბრენდის სახელს ოფიციალურად ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ის ძალიან ძლიერი ბრენდია.

პროექტით განსაზღვრულია 7 000 კვადრატული მეტრი ეზოსა და ავტოსადგომების კეთილმოწყობაც. კაპანაძის ინფორმაციით, 7 000 კვადრატული მეტრი ფართობიდან 1 500, სუპერმარკეტის ავტოსადგომებისთვის იქნება გამოყოფილი. გარდა ამისა, კიდევ ერთი სართული მობინადრეთა ავტოფარეხებისთვის გამოიყოფა და იმავე ფართზე, ზედა სართულზე ეზო და რეკრეაციული ზონა მოეწყობა, სადაც ხალხს დასვენების და გართობის საშუალება ექნება.

“თი-ბი-სი ბანკი” კომპანიასთან წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობს და დაფინანსებული აქვს არაერთი პროექტი. მოხარული ვართ, რომ დედაქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე პროექტი შეემატება”, – განაცხადა “თი-ბი-სი ბანკის” დირექტორის მოადგილემ დავით წიკლაურმა.

„აქსის პალასი 1“ მრავალ ფუნქციური კომპლექსია, რომელიც თბილისში, ცინცაძის ქ. #12-ში მდებარეობს. პროექტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. საცხოვრებელ ფართებთან და ოფისებთან ერთად, კომპლექსში მოქმედი კომერციული ფართებიცაა განთავსებული.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]

Share