Home » ბიზნესი » აქციზის ზრდის მიუხედავად, ბიუჯეტში თამბაქოს ბიზნესიდან შესული თანხა შემცირდა, მოხმარება კი – არა
აქციზის ზრდის მიუხედავად, ბიუჯეტში თამბაქოს ბიზნესიდან შესული თანხა შემცირდა, მოხმარება კი - არა

აქციზის ზრდის მიუხედავად, ბიუჯეტში თამბაქოს ბიზნესიდან შესული თანხა შემცირდა, მოხმარება კი – არა

2019 წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიუჯეტში სიგარეტიდან აქციზის გადასახადის სახით მიღებული შემოსავლები 14%-ით შემცირდა.

ეს მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქოს აქციზი გაიზარდა. კერძოდ, გაძვირდა როგორც ადგილობრივად წარმოებული, ისე იმპორტირებული პროდუქცია. ამასთან, 10%-დან 30%-მდე გაიზარდა ადვალური გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე. საბოლოო ჯამში კი, უფილტრო სიგარეტი საშუალოდ 1,1 ლარით, ხოლო ფილტრიანი – 40-50 თეთრით გაძვირდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თამბაქოს ინდუსტრიიდან ბიუჯეტში 68,4 მლნ ლარით ნაკლები შევიდა. კერძოდ, 2018 წელის 9 თვეში სიგარეტიდან აქციზის გადასახადის სახით მიღებულმა შემოსავლებმა – 490 552 455 ლარი შეადგინა, საიდანაც 451 311 285 ლარი იმპორტირებული პროდუქტიდან იყო, ხოლო ადგილობრივი წარმოებიდან – 29 241 170 ლარი. 2019 წელის ანალოგიურ პერიოდში კი, სახელმწიფო ბიუჯეტში 422 098 148 ლარი შევიდა, აქედან 388 342 020 ლარი იმპორტირებული, ხოლო – 33 756 128 ლარი ადგილობრივი წარმოებიდან იყო.

შესაბამისად, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი წარმოების აქციზის გადასახადის სახით მიღებული შემოსავლები – 5 485 042 ლარით, ხოლო იპორტიდან – 62 969 265 ლარით შემცირდა.

თამბაქოს ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული თანხების კლებას, მოხმარების შემცირებას არ უკავშირებს ACT Impact. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თამბაქოზე აქციზის მომატებამ, სიგარეტის უფრო იაფფასიანი და დაბალი ხარისხის ალტერნატივით ჩანაცვლება გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით, მწეველების დაახლოებით, მესამედი გადასახვევ თამბაქოს მოიხმარს, რადგან პროდუქტის ფასი მათთვის ხელმისაწვდომია.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყოფილმა მწეველებმა მოწევას თავი უმეტესად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაანებეს (54.6%), ხოლო გაზრდილი ფასები ბარიერად მხოლოდ 5.3%-მა დაასახელა.

ACT Impact-ი აქციზის ზრდის კიდევ ერთ უარყოფით შედეგად ვაჭრობის შემცირებას ასახელებს.

“იზრდება გასახვევი თუთუნის რეალიზაცია, რომელიც აქციზით არ იბეგრება, რაც ამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს და ქმნის მხოლოდ ილუზიას, რომ სიგარეტის მოხმარება მცირდება. 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 2019 აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი მილიარდ 287 მილიონი ლარია, რომელიც, 175 მლნ ლარით ნაკლებია 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით. სამინისტრო აღიარებს, რომ ამის მიზეზი გასახვევი თუთუნის მოხმარების ზრდაა”, – ნათქვამია კვლევაში.

არალეგალური ბაზრისა და კონტრაბანდის გაზრდა – ეს კიდევ ერთი საკითხია, რასაც ACT Impact აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციზის გადასახადის უეცარი და მკვეთრი გაზრდა ხელს უწყობს თამბაქოს არალეგალური ბაზრის განვითარებას. არალეგალური ბაზარი კი ორგანიზებული დანაშაულის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო ხდება.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აქციზის გაზრდის შემდეგ არალეგალურმა იმპორტმა აზერბაიჯანიდან – წლიურად საშუალოდ 10%-ით, ხოლო თურქეთიდან 34%-ით მოიმატა. სიგარეტის კონტრაბანდაზე აღძრული საქმეების რაოდენობა კი, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 211% -ით არის გაზრდილი, ხოლო ამოღებული სიგარეტის კოლოფების რაოდენობა 148%-ით.

Share