Home » საზოგადოება » “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გენერალური კონტრაქტორის შერჩევის პროცესი დაასრულა
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გენერალური კონტრაქტორის შერჩევის პროცესი დაასრულა

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გენერალური კონტრაქტორის შერჩევის პროცესი დაასრულა

ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს დღეებში გამოცხადდება.”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში რვა საერთაშორისო მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. მოკლე სიაში სამი საუკეთესო გავიდა. უახლოეს დღეებში კი, ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებული გენერალური კონტრაქტორის ვინაობა აშკარა გახდება და გაზაფხულზე პორტის მშენებლობა ახალ მასშტაბურ ეტაპზე გადავა.

“გარდა ამისა, ანაკლიის პორტში უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეების დამონტაჟება დაიწყება. ამ სამუშაოებზე 2 000-ზე მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და მათ განსახორციელებლად “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო საპორტო ამწე დანადგარების სფეროში მოღვაწე ექვსმა ლიდერმა კომპანიამ. შერჩევა ამერიკელ პარტნიორებთან, „SSA Marine“-სა და „Berger Abam“-თან ერთად მიმდინარეობდა. ტენდერის გამარჯვებული მალე გამოცხადდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. ამ დროისთვის დასრულდა მასშტაბური საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპი და უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა “ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე ამოტუმბა და ხმელეთზე განათავსა 5 მილიონი კუბური ქვიშა. რეკლამაციასთან ერთად, დასრულდა წამყვანი ჰოლანდიური კომპანია “ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი და პორტის ტერიტორია საზღვაო და სახმელეთო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის მომზადდა. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

Share