Home » საზოგადოება » ამორტიზებული საბჭოთა ინფრასტრუქტურა და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ჯანდაცვის სექტორი
ამორტიზებული საბჭოთა ინფრასტრუქტურა და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ჯანდაცვის სექტორი

ამორტიზებული საბჭოთა ინფრასტრუქტურა და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ჯანდაცვის სექტორი

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით (2016 წ.), საქართველოს მოსახლეობა ჯანმრთელობაზე ზრუნვაში საშუალოდ იმაზე ნაკლებ თანხას ხარჯავს, ვიდრე რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის მოსახლეობა.

სამედიცინო დანახარჯები საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 308 დოლარს შეადგენს, რაც რეგიონში არსებულ საშუალო დანახარჯზე ნაკლებია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან სამედიცინო დანახარჯების წილი ქვეყნის მშპ-ში 8%-იან ნიშნულზეა დასტაბილურებული და რეგიონულ ჭრილში მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის დასტაბილურება განპირობებულია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით, რის შედეგადაც მოსახლეობამ უფრო აქტიურად დაიწყო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები მიემართება ჯანდაცვის მიმართულებით, ფაქტია, რომ სექტორში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა არსებობს. განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია რეგიონების მასშტაბით, სადაც კლინიკები საკმაოდ მოუწესრიგებელია და ხშირ შემთხვევაში, მოძველებული და ამორტიზებული საბჭოთა დროინდელი ინფრასტრუქტურა გვხვდება. სწორედ ჯანდაცვის სექტორში არსებულ დაბალ დონეზე გაამახვილა ყურადღება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ექიმებთან შეხვედრისას და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისათვის, რათა ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეები იმსახურებენ.

“ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მედიცინაში, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის, რომ ექიმებმა უნდა იზრუნოთ ჩვენი პატარებისა და ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობაზე. მეორე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე, ისევე როგორც სოციალურ კომპონენტზე და მესამე, იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების საკმაოდ დიდი რაოდენობაა ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში პატარა კლინიკები განვითარებას ვერ ახერხებენ.

“დღეს ჩვენ კლინიკების ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს. მსოფლიოში ვართ მეორე ან მესამე ადგილზე. 79 კლინიკა გვაქვს 1 მილიონ მოსახლეზე, რომელიც არის ძალიან მაღალი ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით. ჰოსპიტალების სიმრავლე იწვევს მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს იმიტომ, რომ ყველა კლინიკას სჭირდება მენეჯერი, დამხმარე პერსონალი, ფინანსური გუნდი. საწოლფონდი ის გვჭირდება, რაც გვაქვს, მაგრამ ეს არის არარაციონალურად გადანაწილებული, რაც ზრდის მომსახურების ხარჯს და მეორეც, ამცირებს მომსახურების ხარისხს იმიტომ, რომ იმ პატარა კლინიკას განვითარებისა და მაღალ ტექნოლოგიებში ინვესტიციის შესაძლებლობა აქვს ძალიან დაბალი”, – აცხადებს გაბუნია.

თბილისის სამედიცინო უძრავი ქონების ბაზარი შეისწავლა საერთაშორისო ორგანიზაცია “კოლიერსმა” და მათი შეფასებით სექტორი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა.

“თბილისის სამედიცინო უძრავი ქონების ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. სექტორის ჯამური მიწოდება 700,000 კვ.მ-ს შეადგენს, საიდანაც უმეტესი წილი საბჭოთა დროის საავადმყოფოებზე მოდის, როგორებიცაა რესპუბლიკური საავადმყოფო, მედისონი ვაჟა-ფშაველაზე და ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებების მასშტაბური კლასტერი. ჯამური ფართობიდან თანაბარი – 28%-28% საბურთალოსა და დიდუბეში წარმოდგენილ სამედიცინო დაწესებულებებს უკავიათ, დარჩენილი 44% კი სხვა უბნებშია გადანაწილებული.

უძრავი ქონების მფლობელობის ტიპების მიხედვით არსებული სამედიცინო დაწესებულებების ჯამური ფართობიდან 87% საკუთარ უძრავ ქონებას წარმოადგენს, 11% იჯარით არის აღებული, ხოლო 2% შერეული ტიპის მფლობელობაა. დაქირავებული ფართების საიჯარო განაკვეთი 2.5 დოლარიდან 25 დოლარამდე მერყეობს, რაც ქონების ადგილმდებარეობაზე, ზომაზე, საიჯარო პირობებსა და სხვა ძირითად მახასიათებლებზეა დამოკიდებული”, – აღნიშნულია “კოლიერსის” კვლევაში.

ელენე ციგრიაშვილი

Share