Home » მსოფლიო » ამერიკის პრეზიდენტობის რა შანსები აქვს მაიკლ ბლუმბერგს, რომელიც ტრამპზე 20-ჯერ მდიდარია
ამერიკის პრეზიდენტობის რა შანსები აქვს მაიკლ ბლუმბერგს, რომელიც ტრამპზე 20-ჯერ მდიდარია

ამერიკის პრეზიდენტობის რა შანსები აქვს მაიკლ ბლუმბერგს, რომელიც ტრამპზე 20-ჯერ მდიდარია

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას და დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლებს. ბლუმბერგი შეეცდება თავისი კამპანია ააგოს დონალდ ტრამპით უკმაყოფილო მოქალაქეების გაერთიანებაზე, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური ბანაკებიდან. მაგრამ დასასწყისისთვის, მას პრაიმერიზში გამარჯვება სჭირდება, რეიტინგი კი ჯერჯერობით საკმაოდ დაბალი აქვს.

მაიკლ ბლუმბერგი ტრამპზე ბევრად მდიდარია

მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის 1942 წელს, ბოსტონის შემოგარენში დაიბადა. მისი წინაპრები ორივე მშობლის მხრიდან, რუსეთის იმპერიის ტერიტორიიდან ემიგრირებული ებრაელები იყვნენ. მომავალმა მიალირდერმა კარიერა საინვესტიციო ბანკში დაიწყო, საბოლოოდ კი საკუთარი კომპანია შექმნა, რომელიც ბირჟების მოთამაშეებს აუცილებელ, მაქსიმალურად ოპერატიულ ცნობებს აწვდიდა.

დღეს ბლუმბერგის სახელწოდებით ცნობილი ახალი ამბების სააგენტო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია, მათ შორის, თავისი ხმამაღალი პუბლიკაციებით. კერძოდ, სწორედ Bloobmerg-ის ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ ვლადიმერ პუტინის კრემლში შენარჩუნებისთვის რუსეთის და ბელარუსის გაერთიანების შესაძლებლობა განიხილებოდა, ხოლო დედოფალმა ელისაბედ მეორემ თავისი ძალაუფლება შესაძლოა „ბრექსიტის“ ჩასაშლელად გამოიყენოს. მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, Bloomberg-ის რედაქციამ თანამშრომლებს შეატყობინა, რომ ისინი არ გამოიძიებენ არც ბიზნესმენის და არც მისი ოპონენტების საქმეებს დემოკრატიული პარტიიდან.

ბლუმბერგის ქონება 58 მილიარდ დოლარზე მეტია. მას ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მე-9, ხოლო მსოფლიოში – მე-14 ადგილი უკავია. შედარებისთვის, Forbes-ის შეფასებით, დონალდ ტრამპის ქონება სამ მილიარდზე ოდნავ მეტია და მსოფლიოში 715-ე ადგილი უკავია.

ბლუმბერგი ნიუ-იორკის მერად სამჯერ აირჩიეს

მრავალი წლის განმავლობაში ბლუმბერგი დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, თუმცა 2001 წელს ნიუ-იორკის მერად რესპუბლიკური პარტიიდან იყარა კენჭი. საინტერესოა, რომ პრაიმერიზში მისი ოპონენტი ამ პარტიიდან ასევე ყოფილი დემოკრატი – ყოფილი კონგრესმენი ჰერმან ბადილიო იყო. წინასწარი კენჭისყრა 11 სექტემბერს დილით დაიწყო და მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე ტერორისტების თავდასხმის გამო შეწყდა. საბოლოოდ, ბლუმბერგმა პრაიმერიზშიც გაიმარჯვა და ფინალურ კენჭისყრაშიც.

პირველი, რისი გაკეთებაც ბლუმბერგს ნიუ-იორკის მერის თანამდებობაზე მოუწია, „ტყუპების“ განადგურების შემდეგ, ქალაქის ნორმალური ცხოვრების აღდგენა იყო. 2020 წლის არჩევნებში ბლუმბერგის წინასაარჩევნო სლოგანია „ამერიკის აღდგენა“, რომელიც მისი საქმიანობის სწორედ იმ პერიოდზე მიანიშნებს. მერ ბლუმბერგის მეორე პრიორიტეტი საქალაქო განათლების რეფორმა გახლდათ, რომლის ფარგლებშიც სკოლები საბიუჯეტო დაფინანსებას იღებდნენ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეების შედეგები წინა წელთან შედარებით უმჯობესდებოდა (კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ამის გამო ბიუჯეტის დაფინანსების გარეშე რჩებოდნენ საუკეთესო სკოლები, რომელთა მოსწავლეებსაც ისედაც მაღალი ქულები ჰქონდათ).

ბლუმბერგმა უარი თქვა ხელფასზე, ხოლო მმართვის პრაქტიკა კორპორატიულს დაუახლოვა. ის აქტიურად ლობირებდა ქალაქში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ემიგრანტებისთვის წესების გამარტივებას და იარაღის ტარებაზე კონტროლის გამკაცრებას. მისი მხარდაჭერა 70%-ს აღწევდა, და 2005 წელს ის მეორე ვადით, რესპუბლიკელი მერისთვის რეკორდული უპირატესობით (20%-ით მეტი ხმა) აირჩიეს.

ბლუმბერგის გამარჯვების წყალობით, პირველად ისტორიაში ნიუ-იორკს რესპუბლიკელი მერი ზედიზედ ორი ვადით მართავდა. 2004 წელს, ქალაქმა, სადაც დარეგისტრირებული ამომრჩევლების 68% დემოკრატია, რესპუბლიკური პარტიის ყრილობასაც კი უმასპინძლა (ის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარეობდა).

თუმცა, 2008 წელს, როდესაც ბლუმბერგმა მესამე ვადით გადაწყვიტა კენჭისყრა, ის ამომრჩევლის წინაშე დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგა. მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა მან მას შემდეგ შეძლო, რაც ხელახლა არჩევაზე შეზღუდვის მოხსნას მიაღწია: ბლუმბერგის არგუმენტი იყო ის, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ქალაქს სწორედ მისი მსგავსი ლიდერი სჭირდებოდა.

არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური პარტიიდან გასვლა ბლუმბერგს იმისთვის დასჭირდა, რომ ორივე პარტიის ამომრჩეველთა მხარდაჭერა სჭირდებოდა. მესამე კამპანიაზე მერმა რეკორდული რაოდენობის თანხა – 102 მილიონი დოლარი დახარჯა და გაიმარჯვა, მაგრამ მას მხარი დაუჭირა 8 პროცენტული პუნქტით ნაკლებმა ამომრჩეველმა, ვიდრე ოთხი წლით ადრე.

მაშინ ბევრს მიაჩნდა, რომ ბლუმბერგის სიღარიბესთან ბრძოლის ძალისხმევა ნაკლებად წარმატებული იყო. კამპანიის დროს მას პრაქტიკა „გააჩერე და გაჩხრიკეც“ შეახსენეს, რომლის ფარგლებში პოლიციელები გამვლელებს ყოველგვარი სპეციალური საფუძვლის გარეშე აჩერებდნენ, კითხავდნენ მათ და ნარკოტიკზე, იარაღსა და სხვა აკრძალულ ნივთებზე ჩხრეკდნენ. მხოლოდ 2011 წელს ასე გაჩხრიკეს 684 ადამიანი, ამასთან, მათგან 90%-ზე მეტი აფროამერიკელი ან ლათინოამერიკელი იყო.

მოგვიანებით, ბლუმბერგი ამტკიცებდა, რომ ამ პრაქტიკის წყალობით მკვლელობების რიცხვი შემცირდა, თუმცა არსებობს კვლევები, რომლებიც ამ კავშირს არ ადასტურებს. გარდა ამისა, ყოფილი მერი ამბობდა, რომ პოლიციელები ძალიან ხშირად აჩერებდნენ თეთრკანიანებსაც. 2013 წელს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ პრაქტიკა „გააჩერე და გაჩხრიკე“ იმ დროინელი სახით ანტიკოსტიტუციურად აღიარა. თავად ბლუმბერგმა იმავე წელს მერის მორიგ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. 2019 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვამდე ცოტა ხნით ადრე, მან ამ პრაქტიკის მხარდაჭერისათვის ბოდიში მოიხადა.

ბლუმბერგს გათვლა ტრამპით უკმაყოფილო ამომრჩეველზე აქვს

ბლუმბერგი შესაძლო კანდიდატად განიხილებოდა 2008, 2012 და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ყოველ ჯერზე ის რბოლაში ჩაბმაზე უარს ამბობდა. წინა არჩევნებმდე ბლუმბერგი დემოკრატიული პარტიის წიაღში დაბრუნდა, რომ მხარი დაეჭირა ჰილარი კლინტონის ბრძოლისათვის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

ცხადია, ყოყმანი ბოლო გადაწყვეტილებასაც ახლდა. 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა ბლუმბერგმა ძალიან გვიაან გადაწყვიტა – ერთი წლით გვიან, ვიდრე, მაგალითად, ელიზაბეტ უორენმა, რომელიც კამპანიის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. ვიდრე მან კანდიდატურა დააყენა, ხუთი წინასაარჩევნო დებატი გაიმართა. დიდი ალბათობით, ბლუმბერგი არც დარჩენილ რაუნდებში მიღებს მონაწილეობას, რადგან წესების თანახმად, ამისათვის საჭიროა გარკვეული გარე დაფნანსების მოპოვება, ბიზნესმენი კი კამპანიაზე მხოლოდ საკუთარი ფულის დახარჯვას აპირებს.

მეტიც, გამოცემა Politico-ს ცნობით, ბლუმბერგი არ მიიღებს მონაწილეობას წინასწარ არჩევნებში პირველ ოთხ შტატში, გეგმავს რა ძალების მიმართვას 3 მარტის სუპერორშაბათზე, როდესაც პრაიმერიზი ერთდროულად 14 შტატში ჩატარდება. პოლიტიკური ანალიტიკოსები ამ გადაწყვეტილებას ხსნიან მილიარდერის სუსტი მხარდაჭერით იქ, სადაც კენჭისყრა სუპერორშაბათამდე გაიმართება.

ბლუმბერგის სტრატეგია დასაწყისიდანვე ტრამპთან დაპირისპირებაზე აგებული. CNN-ის წყაროების ცნობით, ბიზნესმენმა დაასკვნა, რომ სხვა პრეტენდენტებიდან მოქმედ პრეზიდენტს ვერავინ დაამარცხებს. „ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას კიდევ ოთხი წელი ავიტანოთ პრეზიდენტ ტრამპის შეშლილი და ამორალური ქმედებები“, – თქვა ბლუმბერგმა, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. „ის საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ღირებულებების არსებობას. თუ ის კიდევ ერთი ვადით დარჩება ამ თანამდებობაზე, ჩვენ ზიანს ვერასდროს ავანაზღაურებთ. ამ არჩევნებზე ფსონები ძალიან მაღალია. და ჩვენ უნდა დავიწყოთ ამერიკის აღდგენა“.

ბლუმბერგი ცნობილია პარტიული პოლიტიკის კრიტიკით – და მისი კამპანიის მეორე, მნიშვნელოვან კომპონენტად შესაძლოა იქცეს ტრამპით უკმაყოფილოთა გაერთიანება, როგორც დემოკრატიულ, ასევე რესპუბლიკურ ბანაკებში. ეს ასახულია მისი კამპანიის გაფორმებაში: ბლუმბერგის ვებგვერდზე ციფრების „2020“ ნახევარი ცისფერია, როგორც დემოკრატს შეეფერება და ნახევარი წითელი, რაც რესპუბლიკელების ფერია.

თუმცა, მერყევი ამომრჩევლის გადაბირებამდე, მილიარდერმა ჯერ დემოკრატებისგან წარდგენას უნდა მიაღწიოს. აქ შესაძლოა პრობლემა გაჩნდეს. კვლევების თანახმად, ჯერჯერობით ბლუმბერგის მხარდასაჭერად მზადაა დემოკრატიული პრაიმერიზის მონაწილეთა დაახლოებით 4%, მაშინ როდესაც ჯო ბაიდენს 31% უჭერს მხარს, ვერმონტის შტატის სენატორ ბერნი სანდერსს – 20%, ხოლო ელიზაბეტ უორენს – 18%.

ბლუმბერგის კანდიდატად წარდგენამ, რომელსაც ზომიერი პოზიციები აქვს საკვანძო საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე, ყველაზე მეტი პრობლემა შესაძლოა სწორედ სხვა ცენტრისტ-კანდიდატებს შეუქმნას, კერძოდ ბაიდენს და ქალაქ საუთ-ბენდის 37 წლის პიტ ბუტიჯიჩს (გამოკითხვებში ის მეოთხე ადგილზეა და ბევრად ჩამორჩება ლიდერებს, მაგრამ ჯერ ერთი, მისი რეიტინგი არ მცირდება, და მეორეც, მას თუნდაც ბლუმბერგისგან განსხვავებით, კარგი შანსები აქვს იმ შტატებში, სადაც პირველი პრაიმერიზები ჩატარდება, რამაც შესაძლოა სხვა შტატებში გააძლიეროს მხარდაჭერა). მათ მსგავსად, ბლუმბერგი საშუალო კლასზე საგადასახადო ტვირთის გაზრდის წინააღმდეგია, მათ შორის, საყოველთაო უფასო ჯანდაცვის შემოღების გზით.

ცენტრისტების ხმების გაყოფა ყველაზე მეტად მემარცხენე შეხედულებების დემოკრატებს აწყობთ – უორენს და სანდერსს. ამ უკანასკნელმა უკვე ფაქტობრივად შეადარა ბლუმბერგი ტრამპს. მილიარდერი თითქოს შეგნებულად ადასტურებს მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს: საკუთარ პოლიტიკურ რეკლამაზე 35 მილიონი დოლარი გამოყო – ბიუჯეტი, რომელიც ბერჯერ აღემატება სხვა კანდიდატების ხარჯებს.

იმავდროულად, პროგრამა „გააჩერე და გაჩხრიკეს“ გარდა, ბლუმბერგის სახელთან წარსულის სხვა უსიამოვნო ისტორიებიცაა დაკავშირებული. კერძოდ, ბიზნესმენობის დროს ის აცხადებდა, რომ „თუ ქალებს სურთ მათ ტვინს პატივი სცენ, Bloomingdale-ის ნაცვლად, ბიბლიოთეკაში უნდა იარონ“, ასევე რეკლამას უკეთებდა სპეციალურ საბირჟო პროგრამას, რომელიც მისი თქმით, „გააკეთებს ყველაფერს, მინეტის ჩათვლით“. კამპანიის დაწყებამდე ბლუმბერგის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მისი ზოგიერთი გამონათქვამი იყო „უპატივცემულო და მცდარი“ და ეს სიტყვები „არ შეესაბამებოდა მის პირად ღირებულებებს და პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ის ცხოვრობდა“.

სხვა კანდიდტთა უმრავლესობის მსგავსად, მაიკლ ბლუმბერგმა ვერ მოასწრო ღია საგარეოპოლიტიკური პროგრამის წარდგენა. მაგრამ ნახევარი წლის წინ, ჰელსინკიში დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინა დღეს (ამ შეხვედრამდე ტრამპი მკვეთრად აკრიტიკებდა ნატოს ევროპელ პარტნიორებს), ბიზნესმენმა დაწერა „ცხოვრებაში არ მინახავს, აშშ-ის პრეზიდენტს იმაზე მეტი გაეკეთებინა ჩვენი უახლოესი პარტნიორების შეურაცხყოფისთვის, ვიდრე მთავარი მოწინააღმდეგეების აღზევებისათვის“. ის პუტინის რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას ემხრობოდა – ამ მხრივ, მისი შეხედულებები სრულად ემთხვევა დანარჩენი დემოკრატი პოლიტიკოსების მოსაზრებებს.

დონალდ ტრამპმა ბლუმბერგს უკვე უწოდა არარაობა და განაცხადა, რომ არავისთან შეჯიბრება არ სურს ისე, როგორც „პატარა მაიკლთან“.

imedinews.ge

Share