Home » ახალი ამბები » „ამ პარლამენტში ავტობუსის და ლიმუზინის დეპუტატები ვართ, კრიტიკა კი, ყველას მისამართით ერთნაირად მოდის“
„ამ პარლამენტში ავტობუსის და ლიმუზინის დეპუტატები ვართ, კრიტიკა კი, ყველას მისამართით ერთნაირად მოდის“

„ამ პარლამენტში ავტობუსის და ლიმუზინის დეპუტატები ვართ, კრიტიკა კი, ყველას მისამართით ერთნაირად მოდის“

ჩვენ დღეს გვაქვს ლიდერშიპი პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელების, რომლებიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ და დანარჩენი დეპუტატები. ასე ვთქვათ, ამ პარლამენტში ავტობუსის და ლიმუზინის დეპუტატები ვართ, თუმცა კრიტიკა ყველას მისამართით ერთნაირად მოდის, – აღნიშნული განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა, ენძელა მაჭავარიანმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეგლამენტის პროექტი განიხილება.

ენძელა მაჭავარიანს შენიშვნები კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილებებთან დაკავშირებითაც აქვს.

„როდესაც პარლამენტში მოვედით, კომიტეტებს „სტაფთან“ ურთიერთობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. რაც ვნახე, ახალ რეგლამენტში ამ მხრივ არაფერი იცვლება, ანუ როდესაც მოდის კომიტეტის თავმჯდომარე, ვერ ცვლის აპარატის უფროსს. რადგან მე არ ვარ კომიტეტის თავმჯდომარე, მინდა ღიად ვთქვა, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ეს არის პრობლემა, რამე ხომ არ შევცვალოთ ამასთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

დეპუტატს არც ფრაქციებთან დაკავშირებული მიდგომა მოსწონს. მისი თქმით, პარლამენტში ერთნაირი პრივილეგიები აქვთ, როგორც 100 წევრიან, ისე 6 წევრიან ფრაქციას, რაც სამართლიანი არ არის.

„ვფიქრობ, ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. თუ შეიძლება, რომ ამაზეც იყოს მსჯელობა. თუ ერთი საარჩევნო ნომრით შესულ ჯგუფს შეუძლია მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა, ანუ ბლოკების შემთხვევაშიც ერთი ფრაქცია იქნება, რადგან ერთი საარჩევნო ნომერი აქვს. ხომ არ დაგვეხვეწა იმ დიდი ფრაქციების რაოდენობა, მაგალითად, როგორ შეიძლებოდა დებატების დროს მათი დროის გამოყენება, კომისიებში მათი მონაწილეობა, რომ ეს უფრო მოქნილი იყოს“, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

Share