Home » ეკონომიკა » ახლო პერიოდში ვერც კურსი გამყარდება და არც ფასები დაიწევს
ახლო პერიოდში ვერც კურსი გამყარდება და არც ფასები დაიწევს

ახლო პერიოდში ვერც კურსი გამყარდება და არც ფასები დაიწევს

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი ნახტომისებურად, 1%-ით გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა, გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო, ასეთია ოფიციალური პოზიცია. ლარი რომ არაბუნებრივად უფასურდება და შესაბამისად იზრდება ინფლაცია, ეს სავალუტო ფონდმა და ქვეყნის წამყვენმა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებამაც პირველად თქვეს ხმამაღლა. განაკვეთის ზრდის პირველ ეფექტს, 3-4 თვის შედეგ უნდა ველოდოთ, თუ საერთოდ მოიტანს შედეგს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია განმარტებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასულ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. 0.5%-ით გაიზარდა განაკვეთი 4 სექტემბრის სხდომაზეც. აქამდე არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ორი თვის წინ უცვლელად შენარჩუნებული პროცენტი რომ შეცდომა იყო, ნახტომისებურმა ზრდამ უკვე დაადასტურა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი 1%-ით გაიზარდა. შემდეგი სხდომა კი 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა შედეგს გრძელვადიან პერიოდში მოიტანს. საფინანსო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არ იქნება რეალური შედეგი, რადგან ეროვნული ბანკის ყველა ქმედება უკიდურესად დაგვაინებულია.

“მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხომის ჩატარების აუცილებლობა განაპირობა იმ რეალობამ, რაც ქვეყანაშია. აქამდე, რასაც სებ-ი კურსთან და ფულად-საკრედიტო რეგულირებასთან დაკავშირებით აკეთებდა, ეკონომიკურ კანონს აცდენილი იყო. საეჭვოა, ახლა შექმნილ სიტუაციას დამოუკიდებლად უშველოს. ამიტომ მთავრობის ჩარევაც აუცილებლია, რომ ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმი შემუშავდეს. სავალუტო ბაზარზე არსებული მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ეროვნული ბანკი ყოველთვის კომფორტულ სიტუაციაშია და მუდმივად აცხადებს, რომ ინფლაციას აკვირდება. ასე არც ერთი ცენტრალური ბანკი არ იქცევა, ამიტომ მისი ფუნქციის გადახედვა აუცილებელი და საჩქაროა.

დღევანდელი გადაწყვეტილება შედეგს გრძელვადიან პერიოდში გამოიღებს, უცებ არაფერი ხდება. ეროვნული ბანკის აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი დაგვიანებულია და ამიტომაცაა, რომ მას არ აქვს შედეგი ეკონომიკაზე. ასეთი იყო ლარიზაციაც, რეზერვების გასაყიდად 32 მილიონის გამოტანაც და განაკვეთის ზრდაც”, – აღნიშნა “რეზონანსთან” ხომიზურაშვილმა.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის, სხვაგვარ შედეგებზე აკეთებს აქცენტს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკები”. ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაეზარდათ.

სებ-ის გადაწყვეტილება ინფლაციის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის სტაგნაციის გამომწვევიც იქნება, – ასე აფასებს ,,რეზონანსთან” საუბრისას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ბოლო ორ სხდომას, საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა.

,,რეფინანსირების განაკვეთის მატების ერთადერთი ფილოსოფია, ეკონომიკიდან ფულის ამოღება და ინფლაციური პროცესების მოთოკვაა. მექნაიზმი მარტივია, კომერციული ბანკები სარგებლობენ ამ სესხით და გასცემენ კრედიტებს. როცა იზრდება განაკვეთი, შესაბამისად, ბანკები ზრდიან განაკვეთს და სესხი ძვირდება, ეს კი იწვევს ეკონომიკიდან ფულის ამოღებას. შედეგად მივიღებთ ორ რამეს – ინფლაციური პროცესის მოთოკვას და საერთო მოხმარების შემცირებას. სწორედ პირველს იმედოვნებს სებ-ი და უგულებელყოფს მეორე ძალიან მნიშვნელოვან მომენტს.

ეს არის ეკონომიკის სტაგნაციაში ჩაგდება. ზარალდება ყველაფერი, ფიზიკური და იურდიული პირები, მეწარმებიი და ა.შ. ეს მექანიზმი არის ერთადერთი რისი გამოყენებაც შეუძლია ეროვნულ ბანკს. იმის გამო, რომ თავის დროზე ლარის კურსი ვერ დაიჭირა და ინფლაციის სადავეები გაექცა, ახლა მიდის ვა-ბანკზე”, – განუცხადა ელიავამ ,,რეზონანსს”.

სანამ ცენტრალური ბანკი, ინფლაციის შეჩერებას და კურსის გამყარებას ცდილობს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, კომერციული ბანკის დირექტორი ამბობს, რომ ლარის კურსთან მიმართებით საგარეო ფაქტორები ისეთია, რომ ეროვნული ვალუტა 2.7-2.8-ის ფარგლებში უნდა ტრიალებდეს. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძის აზრით, ლარი გამყარებისკენ უნდა წავიდეს და ამ კუთხით ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„კარგად გვესმის, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ არის მარტივი მსესხებლისთვის და მათ უძვირდებათ ცხოვრება. შესაბამისად, ამ კუთხით ბალანსის დაცვა, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის განხილვა არის მნიშვნელოვანი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკის მონაწილე მხარეებმა დაინახონ, რომ ეროვნული ბანკი აქტიურობს და გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელთ არის. ეს საჭიროა, რომ ლარის მიმართ რწმენა აღდგეს და გაძლიერდეს“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ დღეს ეროვნულ ვალუტაზე უარყოფით გავლენას საგარეო ფაქტორები არ ახდენს და საგარეო შოკები სახეზე არ არის, შესაბამისად, კურსი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას.

resonnancedaily.com

Share