Home » ეკონომიკა » „ახალმა საბანკო რეგულაციებმა სესხები გააიფა, რაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საწინდარი უნდა გახდეს“
„ახალმა საბანკო რეგულაციებმა სესხები გააიფა, რაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საწინდარი უნდა გახდეს“

„ახალმა საბანკო რეგულაციებმა სესხები გააიფა, რაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საწინდარი უნდა გახდეს“

ახალი საბანკო რეგულაციების შედეგად სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა


2019 წლის  1-ლი იანვრიდან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესები ამოქმედდა. ახალი დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. რეგულაციების შედეგად, სესხის გაცემის მომენტში, სესხის გამცემს ეზღუდება ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის  ან სხვა ვალდებულების დაკისრება, ვიდრე ფიზიკურ პირს ამის გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს.

ასევე, რეგულაციების მიხედვით, შეიცვლა სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. რეგულაცია გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა სუბიექტზე.

საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საფინანსო სექტორში ახალი წესები ამოქმედდა. ახალმა რეგულაციებმა, პირველ რიგში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს „დაარტყა“, თუმცა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში, რაც მიმართულია მოსახლეობის ჭარბვალიანობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის საფრთხის პრევენციისთვის, ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მოგების მაქსიმალური მარჟის განსაზღვრის პირობებში ბაზარზე ოპერირება ვეღარ მოახერხეს. შედეგად, ჩვენ დავინახეთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა დატოვა ბაზარი და დღეს მათი საერთო რაოდენობა 61-ს შეადგენს.

საინტერესოა, თუ როგორ შეიცვალა ახალი თამაშის წესების ამოქმედების შემდგომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები.  ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემები  გამოქვეყნა, რაც საშუალებას გვაძლევს ნათლად დავინახოთ როგორი ტრენდი დაფიქსირდა საპროცენტო განაკვეთებზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთმა მარტის თვეში 12.5% შეადგინა. შედაგად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლებამ 0.6% შეადგინა. 0.2%-იანი კლება დაფიქსირდა თებერვალთან შედარებითაც.

შემცირდა ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზეც წლიური საპროცენტო განაკვეთის მაჩევენებელიც და მიმდინარე წლის მარტის თვეში 15.7% შეადგინა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4%-ით ხოლო თებერვალთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია.

საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე

რაც შეეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მაჩვენებელს – მიმდინარე წლის მარტში ეროვნული ვალუტით იურიდიულ პირებზე გაცემულმა სესხების საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 10.9% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.5 პუნქტით, თუმცა თებერვალთან შედარებით 0.2 პუნქტითაა გაზრდილი.

ფიზიკურ პირებზე ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე შემცირებულია. კლებამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1%, ხოლო თებერვალთან შედარებით 0.2% შეადგინა.

სეხები უცხოურ ვალუტაში – მარტის თვის მონაცემები

უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე მიმდინარე წლის მარტში 7.5%–იანი საპროცენტო განაკვეთი ფიქსირდება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7%-ით ნაკლებია, თუმცა თებერვალთან შედარებით გაზრდილია 0.1%-ით.

იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2%-ით შემცირდა, თუმცა გაიზარდა 0.2%-ით თებერვალთან შედარებით და 7.7% შეადგინა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხების საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელს, მიმდინარე წლის მარტში მან 6.9% შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.9%-ით, ხოლო თებერვალთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.

საპროცენტო განაკვეთები კვარტლების მიხედვით

ზემოთ მოყვანილი მონაცემები ოფიციალურია და ეროვნული ბანკის მიერაა გამოქვენებული. ის მოიცავს როგორც საბანკო, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთების ანალიზის შედეგად დაფიქსირებულ მონაცემებს. თუმცა, ასევე საინტერესოა თუ როგორ აისახა ახალი საბანკო წესების ამოქმედება უშუალოდ საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთებზე მიმდინარე წლის პირველი კვარტლის კონტექსტში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით – მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის საბანკო სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.6%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. შესაბამისად, 2018 წლის პირველ კვარტალში საბანკო სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 12.7% იყო.

უშუალოდ, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი 2019 წლის პირველი კვარტლის ბოლო მონაცემებით 16.5%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს – იგი 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 7.9%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია.

საპროცენტო განაკვეთების შემცირება – ეკონომიკური ზრდის საწინდარი

როგორც სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებლების გაანალიზებით გამოიკვეთა, საპროცენტო განაკვეთებს კლების ტრენდი აქვს. ეს ყველაფერი კი  ერთის მხრივ მომხმარებლებისათვის პოზიტიური სიგნალია – მათ სესხის აღება ნაკლები საპროცენტო ტვირთის პირობებში შეუძლიათ, ხოლო მეორე მხრივ –  ახალი საბანკო პრაქტიკის დამკვიდრების პარარელურად გამოჩნდა, რომ მას მოკლევადიან პერიოდში სესხების გაძვირება არ მოჰყოლია.

ფაქტია, რომ ბაზარზე სწორი თამაშის წესები დამკვიდრდა. უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედი  ფინანსური ინსტიტუტები – კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკმაოდ მაღალ საპროცენტო მარჟაზე მუშაობდნენ. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით საქართველოში ყოველი 1000 კაციდან 676 ბანკის ვალი ჰქონდა, ეს ყველაფერი კი რეალურ პირობას ქმნიდა საიმისოდ, რომ ეროვნული ბანკი ახალ  წესებს დაადგენდა საფინანსო სექტორისათვის.

თუ კი არსებული ტენდენცია გაგრძელდა, გაიაფებული საკრედიტო რესურსი ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საწინდარი უნდა გახდეს. მართალია, დოქტრინა არაა ის, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება მხოლოდ სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებითაა მისაღწევი, თუმცა აღნიშნული ფაქტი პირველ რიგში ბიზნესისათვისთვისაა სტიმული, ვინაიდან დაბალი საპროცენტო ტვირთი განვითარების მეტ შანსს იძლევა.  ხოლო, მეორე მხრივ, ფიზიკური პირებისაც საშუალება ეძლევათ, რომ პირადი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ.

პირველი კვარტლის მონაცემების ანალიზი, ამ მიმართულებით უკეთესი მომავლის იმედს ნამდვილად აჩენს.

ბაჩო ჯინჭარაძე

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ანალიტიკოსი

Share