Home » ბიზნესი » ახალი წნეხი ბიზნესს – მთავრობა აქციზების გაზრდას გეგმავს
ახალი წნეხი ბიზნესს - მთავრობა აქციზების გაზრდას გეგმავს

ახალი წნეხი ბიზნესს – მთავრობა აქციზების გაზრდას გეგმავს

მთავრობა საქართველოს მოსახლეობას ფინანსურ ტვირთს უზრდის

საქართველოს ხელისუფლება 2019 წელს ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლების ზრდას გეგმავს. თუ  ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი, 2017-2018 წლის მაჩვენებლით, 1,450 მლრდ ლარს შეადგენდა, მომდენვო წლისათვის ზრდა 55 მლნ ლარის ფარგლებშია დაგეგმილი და ჯამში 1,505 მლრდ ლარს შეადგენს.

აქციზის გადასახადის ზრდა ბიზნესისათვის არახალია. ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვის შემდგომ, ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან წარმოქმნილი შემოსულობების შემცირების საკომპენსაციოდ ხელისუფლებამ აქციზის გადასახადის ზრდის ხერხს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებაც უმაგრებს ზურგს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად გააძვირებს, რადგან ეს არაპირდაპირი სახის გადასახადია და პირდაპირ ტვირთად აწვება მოსახლეობას. გარდა ამისა, მაგალითად, თამბაქოზე აქციზის ზრდამ კონტრაბანდული გზით მისი სამომხმარებლო ბაზარზე მოხვედრის ფაქტები გაზარდა. ასევე, მოსალოდნელია ლუდის, ნავთობის ფასის და სხვა სააქციზო პროდუქციის ფასების კიდევ უფრო გაძვირება.

გაძვირებული პროდუქცია მოქალაქეების მსყიდველთუნარიანობას შეამცირებს და შესაბამისად ბიზნესიც ნაკლებად მოიგებს. წაგებული ბიზნესი კი უმუშევრობის ზრდას ნიშნავს ისეთადაც არასახრბიელო სტატისტიკის ფონზე.

მოქალაქეებზე ფინანსური წნეხის გაზრდის პარალელურად, ბიზნესს თავისტკივილად ექცა ის, რომ გაყიდვები შეუმცირდება აქციზის გადასახადის გაზრდის შემდგომ, ხოლო სპეციალისტების შეფასებით, ფასების ზრდამ შესაძლოა, კონტრაბანდა კიდევ უფრო წაახალისოს.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია თვლის, რომ ლუდზე აქციზის გადასახადის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილება იქნება და ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

„აქციზის ზრდა ფასზე ნეგატიურად მოქმედებს. თავის დროზე ამ გადაწყვეტილებამ ლუდის ბიზნესი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო და ახლაც არასასურველ შედეგს მოიტანს ჩემთვის, როგორც ბიზესმენისათვის, ფასზე ბევრად მტკივნეული აქციზის გაძვირების გადაწყვეტილებაა. ნებისმიერი საფასო ცვლილება მომხმარებლის ჯიბეს ურტყამს, ამიტომ რეალიზაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

უმჯობესია, რომ შემოსავლები გაიზარდოს, რაც ზოგადად ყველა მოქალაქის სურვილია, რომ ბიუჯეტი და ქვეყანა ძლიერი იყოს. ბიუჯეტის შესავსებად აქციზის გადასახადის გაზრდა მოკლე და გაუაზრებელი გზაა. ეს სწორ შედეგს არ მოიტანს”, – აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან” ჭყონია.

ყოფილმა პრემიერმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში სიღარიბის კიდევ უფრო მეტად გაზრდის ერთ-ერთ ფაქტორად აქციზის გადასახადის გაზრდა დაასახელა.

ივანიშვილის განცხადებით, მისი ერთ-ერთი უთანხმოება გიორგი კვირიკაშვილთან სწორედ მოგების გადასახადის გაუქმებას უკავშირდებოდა. როგორც მან აღნიშნა, მოგების გადასახადის გაუქმების გამო, რათა ბიუჯეტში თანხა კვლავ შესულიყო, გაიზარდა აქციზური გადასახადები თამბაქოსა და ღვინოზე, რამაც ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობა გააღარიბა.

„Unicef კვლევაში ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, თუ რატომ გაღარიბდა ხალხი, ეწერა, რომ სიგარეტზე გაიზარდა აქციზები. წინდაუხედავობა, რაზეც შიდა კამათი მქონდა კვირიკაშვილთან, სწორედ ეს გახდა, რომ არ შეიძლებოდა მოგების გადასახადის ასე ერთ დღეში გაუქმება. აქციზი სიგარეტსა და ღვინოზე გაძვირდა და მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა“, – ამბობს ივანიშვილი.

თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება და 2019 წელს ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადი იზრდება, რაც პროდუქციას გააძვირებს და სიღარებს შემცირების ნაცვლად კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share