Home » ბიზნესი » ახალი რეგულაციების შედეგად, განვადებები განახევრდა – ტექნიკის მაღაზიები გამოსავალს ვერ პოულობენ
ახალი რეგულაციების შედეგად, განვადებები განახევრდა - ტექნიკის მაღაზიები გამოსავალს ვერ პოულობენ

ახალი რეგულაციების შედეგად, განვადებები განახევრდა – ტექნიკის მაღაზიები გამოსავალს ვერ პოულობენ

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს, რომელთა თანახმადაც, მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა იზღუდება. ახალმა რეგულაციებმა, რომლებიც 2018 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში, სამომხმარებლო სესხებისა და განვადების შემცირება გამოიწვია.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ახალ რეგულაციას “თიბისის” გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აფასებს. მისი განცხადებით, სებ-ის მიერ გადახდისუნარიანობის შეფასების მოთხოვნის გამკაცრებამ ბანკს საგანვადებო სესხების გაცემის დაახლოებით 50 %-ით, ხოლო სამომხმარებლო სესხების 70%-ით შემცირება გამოიწვია.

“შვიდ მაისს ამოქმედებულმა რეგულაციამ, რა თქმა უნდა, იმოქმედა. სტატისტიკურად კვლავ მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. სულ სამი კვირაა, რაც ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ჩვენს ბანკზე დაყრდნობით, სამომხმარებლო სესხებზე დაახლოებით 50-70 პროცენტით შემცირებულია გაცემა. რაც შეეხება განვადებებს, შემცირება 30-50 პროცენტიანია”, – განაცხადა “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

ახალი საბანკო რეგულაცია სავაჭრო ცენტრებსაც შეეხო და მათი პროდუქციის რეალიზაცია 1/3 -ით შეამცირა. ტექნიკის მაღაზიების განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მომხმარებელს შიდა განვადება შესთავაზონ, თუმცა, ეს საკმაოდ რთული პროცესია და მისი განხორციელება უახლოესს მომავალში ვერ ხერხდება.

ტექნიკის მაღაზია “ტექნობუმის” აღმასრულებელი დირექტორის, ანზორ ქოქოლაძის შეფასებით, რეგულაციების ამოქმედებამ მაღაზიის გაყიდვებზე გავლენა უკვე მოახდინა.

“ბანკების გარკვეულმა ნაწილმა უკვე დააწესა შეზღუდვა რეგულაციების შესაბამისად, ნაწილს კი ჯერ არ დაუწესებია. თუმცა, ტურისტული სექტორიდან გამომდინარე, ამავე პერიოდში იყო ზრდის მაღალი დინამიკა, მოხდა ბაზრის გაზრდაც და ის დანაკლისი, რაც რეგულაციების ამოქმედებამ გამოიწვია, შეავსო ტურისტული სექტორის გაფართოებამ”, – აცხადებს ანზორ ქოქოლაძე გაზეთ ,,ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას.

ტექნიკის მაღაზია ,,ტექნო ბუმი” ჯერ ისევ ბანკის მიერ დამტკიცებული განვადებით ყიდის ტექნიკას და ამ მხრივ, ჯერ-ჯერობით შიდა განვადების სისტემა არ დაუნერგავთ, თუმცა, მაღაზიის სამომავლო გეგმებში აუცილებლად განიხილება.

,,არაი თუმოროუში” კი აცხადებენ, რომ ჯერ- ჯერობით საგრძნობლად დიდი ცვლილებები არ ყოფილა, თუმცა, სამომავლოდ გამორიცხული არ არის ზოგიერთმა ობიექტმა მომხმარებელს საყოფაცხოვრებო ტექნიკა ახალი სტანდარტით – შიდა განვადებით შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ ცვლილების შედეგად, ათასობით ადამიანს, სამომხმარებლო სესხის აღება და განვადებით სარგებლობა გაურთულდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა, ვისაც საკუთარი შემოსავლის დადასტურება არ შეუძლია. უპირველესად, ესენი არიან თვითდასაქმებულები, რომელთაც შემოსავალი აქვთ, თუმცა, მათ შესახებ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია არ იძებნება.

შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს საშემოსავლო გადასახადს 1.18 მილიონი ადამიანი იხდიდა. შესაბამისად, ამ პირებს საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის დადასტურება მარტივად შეუძლიათ, თუმცა, სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1,76 მილიონი ადამიანი. რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი პირს ოფიციალური შემოსავალი არ აქვს.

Share