Home » საზოგადოება » ახალი რეგულაციების ამოქმედების გამო, მომავალი წლიდან ახალაშენებულ ბინებში 1 კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 100-120 აშშ დოლარით ძვირდება
ახალი რეგულაციების ამოქმედების გამო, მომავალი წლიდან ახალაშენებულ ბინებში 1 კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 100-120 აშშ დოლარით ძვირდება

ახალი რეგულაციების ამოქმედების გამო, მომავალი წლიდან ახალაშენებულ ბინებში 1 კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 100-120 აშშ დოლარით ძვირდება

2019 წლის დასაწყისიდან ახალაშენებული ბინების ფასი, კვადრატულზე დაახლოებით, 100-120 აშშ დოლარით გაძვიდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ დეველოპერული კომპანია „არსის“  დირექტორმა   თორნიკე აბულაძემ განუცხადა.

საუბარია, მთავრობის 41-ე დადგენილებაზე, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან  ამოქმედდა. კონკრეტულად კი,შენობის უსაფრთხოების მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ.  აბულაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შედეგებს სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესი ახლა მიიღებს.

„აღნიშნული რეგულაციის გათვალისწინებით დამტკიცებული პროექტები, ახლა შემოდის გაყიდვებში. გაძვირების მიზეზიც ეს არის. ახლა ბაზარზე ძველი დამტკიცებული პროექტების ამოყიდვა ხდება და იწყება ახალი პროექტების რეალიზაცია, რომელიც  წინასთან შედარებით ძვირი ჯდება. აქამდე თუ გაყიდვებში 90 პროცენტი ძველი პროექტები იყო, ახლა სიტუაცია პირიქითაა. 2019 წლის პირველ კვარტალში ეს ძალიან საგრძნობი იქნება, რაც 1 კვადრატულ მეტრ ბინის ფართზე 100  დოლარიან გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა, იმის გამო, რომ სექტორში კიდევ სხვა პრობლემებია, დეველოპერები  ფასებს, კვადრატულზე  დაახლოებით, 120 დოლარამდე გაზრდიან , “-აღნიშნავს აბულაძე.

  კონკრეტულად რა ტიპის პრობლემებია დეველოპერულ ბიზნესში, აბულაძე განმარტავს, რომ საუბარია,სამშენებლო ნებართვების გაჭიანურებულად დამტკიცებაზე. „ბიზნესი იჭედება გარკვეულ რეგულაციებში, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესი ყველაფერს მოერგება, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დადებითი შედეგის მომტანია, “-აღნიშნავს აბულაძე.  მისი განმარტებით, ეს რეგულაცია ხარჯიანია, თუმცა, მისი ამოქმედება სწორია.

მომავალი წლიდან ბინების გაძვირებას პროგნოზირებს დეველოპერული კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაურიც. მისი განმარტებით, ამის მიზეზია კომპლექსური  საკითხი, მათ შორის, მთავრობის 41-ე დადგენილება, ეკოლოგიური ექსპერტიზა, სატრანსპორტო კვლევა და ასე შემდეგ. „რამდენით შეიძლება გაძვირდეს, ეს დასათვლელია“- აცხადებს კუნელაური.

სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი განმარტავს, რომ მომავალი წლიდან, მშენებლობები ყველა შემთხვევაში გაძვირდება,თუმცა, რა  ოდენობით, უცნობია. მისი მტკიცებით, ფასში შევა როგორც გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობის ხარჯები, ისე ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე და სატრანსპორტო კვლევაზე გასაწევი ხარჯი.

წყარო:commersant.ge

Share