Home » ბიზნესი » ახალი ბულვარი ბათუმში – სასტუმროებისა და კაზინოების უბანი
ახალი ბულვარი ბათუმში - სასტუმროებისა და კაზინოების უბანი

ახალი ბულვარი ბათუმში – სასტუმროებისა და კაზინოების უბანი

სკოლას, საბავშვო ბაღს, საცხოვრებელ სახლებსა და სხვა ტიპის საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობასაც არ გამორიცხავენ, თუმცა დღეს მიმდინარე და  დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ ტერიტორია, კერძოდ კაჩინსკების ქუჩა, სასტუმროებისა და კაზინოების უბანი იქნება მომავალში. წინასწარი ინფორმაციით, ბათუმს ამ უბანში მეორე იახტკლუბიც ექნება. ამ დროისთვის კაჩინსკების ქუჩაზე მიმდინარე ინვესტიციის რაოდენობა 180 მილიონს უდრის. მომავალში ამ უბნიდან აჭარის მთავრობა აუქციონზე კიდევ სამი ჰექტარის გატანას გეგმავს.

“მეტრო სითი” ბათუმის ახალ ბულვარში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი მიმდინარე სამშენებლო პროექტია, რომელსაც თურქეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოება “მეტრო ატლას ჯორჯია” განახორციელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 90-მილიონიანი ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტის მიხედვით, 13-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „მეტრო სითი“ მინიმუმ 203-ნომრიანი იქნება. ტერიტორიაზე სამი შენობა და 594 აპარტამენტი განთავსდება. სასტუმრო „მეტრო სითიში“ 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზის, სავაჭრო ცენტრის, VIP რეზიდენციის, სამორინესა და სხვა ობიექტების მოწყობა იგეგმება. ინვესტიცია 600-დან 1500-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 3 წლით ადრე – 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

ახალ ბულვარში „მეტრო ატლას ჯორჯია“ კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. კომპანია 200-ნომრიან სასტუმროს აშენებს, რომლის ოპერირებასაც საერთაშორისო ბრენდი „ტიტანიკი“ გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი არანაკლებ 200-ნომრიან სასტუმროს, ასევე არანაკლებ 250 აპარტამენტის მშენებლობას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე კაზინო, საკონფერენციო დარბაზები, სპა ცენტრი მოეწყობა. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 500 ადამიანი დასაქმდება. ამ პროექტისთვის გათვალისწინებული 20 მილიონი დოლარიდან მილიონი დოლარი საინვესტიციო ტერიტორიასთან არსებული არხის კეთილმოწყობაზე დაიხარჯება. მშენებლობა უკვე დაიწყო. მშენებლობის დასრულებისთვის შპს „მეტრო ატლას ჯორჯიას“, ხელშეკრულების თანახმად, 5 წელი ექნება, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი დაახლოებით 2017 წელს დასრულდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის იონა წითელაძის ინფორმაცით, “მეტრო ატლას ჯორჯია” მომავალში კიდევ ერთი პროექტის, მცირე მასშტაბიანი იახტკლუბის გაკეთებას გეგმავს. ეს ბათუმისთვის მეორე იახტკლუბი იქნება.

“უცხოეთში ზღვისპირა ქალაქებს თუ დავაკვირდებით, ერთი კი არა რამდენიმე იახტკლუბი აქვთ. ინვესტორს აქვს იდეა, რომ მდინარე მეჯინისწყლის შესართავთან გაკეთდეს მცირე ზომის იახტკლუბი. პროექტი უნდა შეათანხმოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მის განხორციელებას შემდეგ დაიწყებს.”

“მეტრო ატლას ჯორჯია” ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სკოლა-ლიცეუმის გახსნასაც გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, სკოლა 6064,70 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და საბავშვო ბაღიდან 12 კლასის ჩათვლით 720 მოსწავლის მომსახურებას უზრუნველყოფს. სკოლა-ლიცეუმში 60 ადგილობრივი აღმზრდელ-მასწავლებელი დასაქმდება. აღსაზრდელები განათლების მიღებას ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე შეძლებენ. სკოლის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ფონდი გაიღებს, ხოლო სკოლის სასწავლო პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტროსთან იქნება შეთანხმებული.

სკოლის ახალი შენობა, რომელიც 2016-2017 სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში, თანამედროვე სტანდარტებით აშენდება – სკოლას ექნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:”თვალასაჩინოებებით გამდიდრებული საკლასო ოთახები, რომლებიც აღჭურვილია ვიდეოთვალით, კაბინეტ-ლაბორატორიებით, მუდმივად განახლებადი ბიბლიოთეკით, გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით; სკოლა იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსები, ლიფტი, როგორც მთავარ ასევე, სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებული იქნება სველი წერტილებიც. სკოლას ექნება ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი.”

სააქციო საზოგადოება “მეტრო ატლას ჯორჯია” 2012 წელს თურქეთის მოქალაქეებმა დააარსეს. რეესტრის მონაცემებით, დღემდე კომპანიის წილები ბევრჯერ გაასხვისეს. ამ დროისთვის სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირი თურქეთის სამი მოქალაქე და ერთი საქართველოს მოქალაქე, რაულ კახაძეა.

ბათუმის ახალ ბულვარში, კაჩინსკების ქუჩაზე, კიდევ ერთ, 200-ნომრიან სასტუმროსა და აპარტამენტებს ააშენებს შპს „ეიარ მერიდიანსიც“. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი “ინთერსთეითი” უზრუნველყოფს.

კომპანია “ეიარ მერიდიანსის” პროექტი “White Sails” (თეთრი იალქნები) 30-მილიონიანი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. ამ პროექტის ფარგლებში 120 000 კვადრატულ მეტრზე ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და 6 აპარტ-ოტელი შენდება. კომპლექსის ტერიტორია ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯ ბარებს მოიცავს. პროექტის პირველ ეტაპზე 300, ხოლო ოთხ წელიწადში კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ კიდევ 500 სამუშაო ადგილი გაჩნდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Interstate Hotels and Resorsts-ი სასტუმროების ინდუსტრიაში ნომერ პირველი კომპანიაა და საქართველოში პირველად შემოდის (Interstate, 1960 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი სასტუმრო ქსელების: Starwood-ის, Intercontinental-ის, Hyatt-ის, Holiday Inn-ის, Marriott-ისა და სხვების მართვაში მონაწილეობდა). kompleqs White Sails-ის მართვას სწორედ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთა ქსელი – Interstate განახორციელებს.”

შპს “ეიარ მერიდიანსი” ბათუმში რუსულ ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია ბათუმში 2015 წელს რუსეთის მოქალაქემ რეფიყ კაიტამბამ დააფუძნა და კომპანიას თავად ხელმძღვანელობს.

კაჩინსკების ქუჩაზე გეგმავს 39-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას კომპანია “ორბი ჯგუფიც”. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ამ პროექტის ფარგლებში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

პროექტი „Orbi Beach Tower“-ი 850-ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების, სავაჭრო ცენტრების, რესტორნების, კაფეების, ღამის კლუბების, აუზის, ფიტნესცენტრის, დასასვენებელი ტერასებისა და კაზინოს მშენებლობას ითვალისწინებს.

მშენებლობის პროცესში კომპანიამ 400 პირის დასაქმების, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდგომ 200 პირის დასაქმების ვალდებულება აიღო. შეთანხმების თანახმად, მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ირაკლი კვერღელიძეა. კომპანია 2008 წელსაა დარეგისტრირებული.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიას ტურისტებისთვის მომხიბვლელ ზონად განიხილავს. იონა წითელაძე: “ეს იქნება ერთ-ერთი განვითარებული უბანი, სადაც იქნება საცხოვრებელიც და ტურისტული ობიექტებიც. ვიცით, რომ რეგიონს უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა ყველაზე დიდი სიმდიდრე მაინც ზღვაა. სანაპირო ზოლით იწყება ქალაქის განვითარება.

წინა მთავრობას ეს მიწები 1 ლარად ჰქონდა გაყიდული, მაგრამ არც ერთი მშენებლობა არ იყო დაწყებული. ქონება დავიბრუნეთ და პირობიანი აუქციონით გავასხვისეთ, საიდანაც ექვს მილიონამდე შევიდა ბიუჯეტში და 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ სასტუმროები და კაზინოებია, ეს არის მრავალფუნქციური შენობები”.

ბათუმელები

Share