Home » საზოგადოება » ახალი ანტი-ირანული სანქციები და „სამხრეთის გაზის დერეფანი
ახალი ანტი-ირანული სანქციები და „სამხრეთის გაზის დერეფანი

ახალი ანტი-ირანული სანქციები და „სამხრეთის გაზის დერეფანი

2018 წლის 12 მაისს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანტი-ირანული სანქციების გახანგრძლივების დოკუმენტს მოაწერა ხელი. სანქციების განახლების გეგმის შესახებ აშშ-ს ადმინისტრაციამ უფრო ადრე – ა/წლის 8 მაისს განაცხადა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ამერიკა 2015 წლის „ბირთვული შეთანხმებიდან“ დე-ფაქტო გავიდა. ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ აშშ-ს სანქციებს შესაძლოა ევროკავშირის ბევრი ქვეყანა დეკლარირებულად არ შეუერთდეს, მაგრამ დასავლური ენერგო-კომპანიები სავარაუდოდ შეწყვეტენ ირანთან ურთიერთობებს, ვინაიდან მათთვის აშშ-ს ენერგეტიკულ სექტორთან თანამშრომლობა ბევრად მომგებიანია.

თუმცა, ზარალიც სარგძნობია. მაგალითად, ფრანგულ „ტოტალს“ ირანულ მხარესთან „სამხრეთის ფარსის“ გაზის საბადოს ათვისებაზე 2 მლრდ. დოლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ასეთივე კონტრაქტები აქვთ „შელს“, BP-ს, „უინტერშალს“, OMV-ს და სხვა ენერგო კომპანიებს.

პრეზიდენტ დ. ტრამპის გადაწყვეტილებამ ნავთობის ფასის ზრდაც გამოიწვია. ამან არა მარტო აშშ-ს ფიქლების ნავთობის და გაზის მოპოვების რენტაბელურობა გაზარდა, არამედ რუსეთს, აზერბაიჯანს, ყატარს, კუვეიტსა თუ საუდის არაბეთს კოლოსალური მოგებების მიღების პერსპექტივა გაუჩინა, რადგანაც ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარს ირანის სახით ძლევამოსილი კონკურენტი ჩამოშორდება. ამავე დროს, ვინაიდან ნავთობის ფასზეა „მიბმული“ გაზის ფასი, ევროპელებს მომავალ ზამთარში გაზის ტარიფები გაუძვირდებათ, რაც მათ სულაც არ ახარებთ… არაა გამორიცხული, რომ ბუნებრივი აირი ჩვენმა მთავარმა მომწოდებელმა, ზერბაიჯანმაც გააძვიროს.

რა გავლენას იქონიებს ახალი ანტი-ირანული სანქციები საქართველოზე

როგორც ცნობილია, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები: აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი, მათთან ერთად გერმანია და ირანი, 2015 წლის 14 ივლისს, 18-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, შეთანხმდნენ ამ ქვეყნისათვის დაწესებული სანქციების გაუქმებაზე.

აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია დამშვიდდეს, – ირანი ვერ განავითარებს ბირთვულ იარაღს. თავის მხრივ ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მიუთითებდა, რომ ბედნიერია, რადგან 23-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ირანსა და მსოფლიოს ექვს ქვეყანას შორის ახალი ერა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე აკრიტიკებდა ირანთან მიღწეულ შეთანხმებას. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში, ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თეირანთან საერთაშორისო შეთანხმება უნდა შეიცვალოს.

გამორიცხული არ არის, რომახალმა ანტი-ირანულმა სანქციებმა შესაძლოა დააჩქაროს საქართველოზე გამავალი ევროკავშირის რუსეთის გვერდის ამქცევი, 45 მლრდ. დოლარად შეფასებული გაზსადენის პროექტის – „სამხრეთის გაზის დერეფნის“ რეალიზაცია. ამ 2020 წლისთვის დაგეგმილი მშენებლობის დაჩქარებას, ბოლო დროს, ნახშირწყალბადების მსოფლიო ბაზარზე ფასების აღმავალი ტრენდიც უწყობს ხელს, რაც პროექტში მონაწილე კომპანიების შემოსავლებს გაზრდის და ამით მათი ინვესტირების შესაძლებლობებს გააფართოებს. ირანის ენერგეტიკული სექტორის ხელახალი საერთაშორისო იზოლაცია მსოფლიო ბაზრებზე ნახშირწყალბადების მიწოდებას კვლავ შეამცირებს, და შესაბამისად, მათ ფასებს გაზრდის.

საქმე ისაა, რომ თუ ნავთობზე და გაზზე ფასების დაცემის ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდეციაშენარჩუნდებოდა, 2020 წლისათვის, როცა იგეგმება „ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის“ (SCP, TANAP, TAP) ამოქმედება, აზერბაიჯანული გაზი ევროპის ბაზარზე შესაძლოა არაკონკურენტუნარიანიც კი გამხდარიყო.

აშშ-ს მიერ ა/წლის 12 მაისს ინიცირებული ახალი ანტი-ირანული სანქციებით ჩვენს რეგიონს შანსი გაუჩნდა. სავარაუდოდ, დასავლური ენერგო-გიგანტები აღარ გააგრძელებენ ირანთან მოლაპარაკებებს „სამხრეთ ფარსის“ გაზის მსოფლიოში უდიდესი საბადოს ათვისების ირგვლივ და ისევ ცენტრალური აზია-კასპიისპირეთით და „სამხრეთის გაზის დერეფნით“ დაინტერესდებიან. ამით აიხსნება ბოლო პერიოდში აშშ-ს ადმინისტრაციის გახშირებული კონტაქტები ყაზახეთის ლიდერთან ნურსულთან ნაზარბაევთან. ფაქტიურად ირანის იზოლაცია სირიის კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებასაც დააჩქარებს, რადგანსირიის კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზადახლო აღმოსავლური ნახშირწყალბადების ევროპისკენ ტრანზიტის ახალ მარშრუტებსაცმიიჩნევენ.

ამავდროულად, აზერბაიჯანსა და საქართველოშიფაქტიურად დასასრულს მიუახლოვდა „დერეფნის“ შემადგენელი „სამხრეთკავკასიური გაზსადენის“ (SCP) გაფართოება, – აზერბაიჯანში SCP-ს 48-დიუმიანი მეორე პარალელური გაზსადენის და საქართველოში 2 ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომლის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია. გაფართოების შემდეგ, 2018 წლის ბოლოსთვის, „სამხრეთ კავკასიური გაზსადენი“ ბაქო-თბილისი-ერზერუმის მარშრუტით დამატებით 16 მლდ კუბ.მ აირის გატარებას შეძლებს.

ზემოაღნიშნულ მოვლენებს დაემთხვა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალბაირაკის 2018 წლის 11 მაისს გაკეთებული განცხადება, რომლითაც „დერეფნის“ უმთავრესი თურქულიშემადგენლის – 1850 კმ-იანი „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ (TANAP) ე.წ. ნულოვანი ფაზის – ერზერუმი -ესქიშეჰირის მილის მშენებლობა, ნაცვლად დაგეგმილი 19 ივნისისა, დასრულდება 2018 წლის 12 ივნისს. მშენებლობა 2015 წლის 17 მარტს თურქეთის პროვინცია ყარსში დაიწყო და ა/წლის 1 აპრილის მდგომარეობით TANAP-ის აქციონერებმა უკვე 5.6 მლრდ დოლარი დახარჯეს. ამ თანხის 70% საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული ფულია. სულ გაზსადენი 8 მლრდ დოლარამდე დაჯდება, რაც თავდაპირველად განსაზღვრულ საპროექტო ხარჯთაღრიცხვაზე (11.7 მლრდ დოლარი) 32%-ით ნაკლებია.

TANAP-ის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან რ. ერდოღანი და ი. ალიევი. ამ გაზსადენს კასპიისპირეთიდან შეავსებს „შაჰ-დენიზი 2“-ის საბადო, ხოლო მოგვიანებით მასში სხვა წყაროებიც შეიძლება ჩაერთონ. ამ ეტაპზე, 2 სატუმბი სადგურით გაზსადენის დაგეგმილი წლიური სიმძლავრეა 16 მლრდ კუბ.მ ბუნებრივი აირი 2020 წლისთვის. დამატებით 5 ახალი სატუმბი სადგურით მილის გამტარუნარიანობა გაიზარდება 24 მლრდ-მდე – 2023 წელს, და 31 მლრდ-მდე – 2026 წელს. შესაბამისად, შემცირდება რუსეთიდან თურქეთში გაზის იმპორტი, რომელმაც ორი გაზსადენით – „ცისფერი ნაკადით“ და „ტრანსბალკანური გაზსადენით“ 2017 წელს 28 მლრდ კუბ.მ აირი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 16.7%-ით აღემატება. ამასთან, გასულ წელს „ცისფერი ნაკადის“ გაზსადენით თურქეთში 15.6 მლრდ კუბ.მ რუსული აირის იმპორტი მოხდა, რითაც ეს გაზსადენი პირველად მიუახლოვდა თავის წლიურ საპროექტო სიმძლავრეს – 16 მლრდ კუბ.მ-ს.

ამჟამად TANAP-ის აქციონერები არიან: „სოკარ თურქ ენერჯი“ (7%), „აზერბაიჯანის სამხრეთ გაზის დერეფნის კომპანია“ (SGCC – 51%), თურქეთის „ბოტაში“ (30%) და BP (12%). თავის მხრივ, „აზერბაიჯანის სამხრეთ გაზის დერეფნის კომპანიაში“ (SGCC) წილის 51%-ის მფლობელია აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო 49% ეკუთვნის ასევე სახელმწიფოს კუთვნილ „სოკარს“.„აზერბაიჯანისსამხრეთგაზისდერეფნისკომპანია“ (SGCC) ფლობს 6.7%-ს „სამხრეთკავკასიურ გაზსადენში“ (SCP)და 20%-ს „დერეფნის“ კიდევ ერთ პროექტში – „ტრანსადრიატიკულ გაზსადენში“ (TAP).

ამრიგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით SGCC-ს 51% ფლობს, დანარჩენი ეკუთვნის „სოკარს“, რომელიც თავის მხრივ მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია.ამ უკანასკნელს ეკუთვნის 10%-იანი წილები გაზის მომპოვებელი „შაჰ-დენიზის“ და „სამხრეთკავკასიური გაზსადენის“ (SCP) კონსორციუმებში.

ამრიგად, აზერბაიჯანი და თურქეთი თითქმის სრულად აკონტროლებენ კასპიისპირეთის ბუნებრივი აირის როგორც მომპოვებელ, ისე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. დასავლური ენერგო-გიგანტებიდან ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ მხოლოდ BP-ია წარმოდგენილი. იმედია ახალი ანტი-ირანული სანქციები ისევ მოაბრუნებს კასპიისპირეთისაკენ ისეთ ევროპულ და ამერიკულ გიგანტებს, როგორებიცაა, „შევრონი“, „ჰალიბარტონი“, „ე-ონი“, „ტოტალი“, “სტატოილ ჰაიდრო“ და ა.შ.

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ მთავარი მეტოქე

„დერეფნის“ პროექტების (SCP, TANAP, TAP) მთავარი მეტოქეა „გაზპრომის“ გაზსადენი „თურქული ნაკადი“. მისი მიზანია ბუნებრივი აირი ევროკავშირის სამხრეთ რეგიონებს უკრაინაზე გამავალი „ტრანსბალკანური“ და „ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ გაზსადენების გვერდის ავლით, შავი ზღვის ფსკერზე ჩადებული მილით, კრასნოდარის მხარიდან თურქეთის დაბა კიოკთან მიაწოდოს.

რუსული კომპანიის მიზანია 2019 წლისთვის, როდესაც ამოიწურება ე.წ. ტიმოშენკო-პუტინის მოსკოვ-ხარკოვის შეთანხმებები რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტზე, ჰქონდეს ევროპაში გაზის ექსპორტის უკრაინისგან ალტერნატიული მარშრუტები.

ამასთან, „გაზპრომი“ ძველი, საბჭოთა გაზის მილების მთლიანად მიტოვებასაც არ აპირებს. მას, მოკავშირე ბერძნული ენერგოკომპანიების მეშვეობით, სურს „ტრანსბალკანური გაზსადენის“ რევერსულად გამოყენებით, მასში 2019 წელს „თურქული ნაკადის“ მშენებარე მეორე მილით თურქეთში მიღებული გაზი გადაამისამართოს და ბალკანეთის ქვეყნები სამხრეთიდან მოამარაგოს. ამის პარალელურად, „გაზპრომი“, იგივე ბერძნული კომპანიების მეშვეობით, ცდილობს ააღორძინოს „პოსეიდონის“ გაზსადენის პროექტი და „თურქული ნაკადით“ მიღებული გაზის ნაწილის ტრანზიტით საბერძნეთისგავლით იტალიაში, კონკურენცია გაუწიოს ევროკავშირის „დერეფნის“ პროექტებს.

„თურქული ნაკადის“ მშენებლობა 2017 წლის თებერვალში დაიწო და 15.75 მლრდ კუბ.მ წლიური წარმადობის პირველი მილის, მთელი გაზსადენის სიგრძის 62%-ის, შავი ზღვის ფსკერით თურქეთამდე გაყვანა დასრულდა 2018 წლის 30 აპრილს. როგორც ამ თარიღიდან ჩანს, რუსული და ევროპული პროექტები თითქმის „ფეხდაფეხ“ მისდევენ ერთმანეთს. „თურქულ ნაკადშიც“, ისევე როგორც „დერეფნის“ TANAP-ში, 2019 წლის ბოლომდე იგეგმება იმავე სიმძლავრის მეორე პარალელური მილის გაყვანა, რაც ამ 31.5 კუბ.მ წლიური სიმძლავრის გაზსადენს TANAP-ის სერიოზულ კონკურენტად აქცევს. თანაც, თუ TANAP-ის კონსორციუმი გაზსადენის 31 მლრდ კუბ.მ წლიური წარმადობის მიღწევას 2026 წლისთვის გეგმავს, „თურქული ნაკადი“ ამ ნიშნულზე უკვე 2020 წელს მივა, რაც „დერეფნის“ სიცოცხლისუნარიანობას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომ, „დერეფნის“ პროექტების რეალიზაცია დასაჩქარებელია.

დასკვნა

ამრიგად, ზემოაღნიშნული იძლევა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის რამდენიმე ყურადსაღები დასკვნის გამოთქმის შესაძლებლობას. კერძოდ:

– შემთხვევით არ დაემთხვა ერთმანეთს აშშ-ს მიერ ა/წლის 8 მაისს ინიცირებული ახალი ანტი-ირანული სანქციები და 11 მაისს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის დაანონსებული TANAP-ის ე. წ. ნულოვანი ფაზის – ერზერუმი-ესქიშეჰირის დაგეგმილზე ადრე – ა/წლის 12 ივნისს მწყობრში ჩადგომა. სავარაუდოდ, აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია თურქეთის „სატრანზიტო ჰაბის“ ამბიციებს კვლავ იზიარებს, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მოვლენების ურთიერთთანხვედრა;

– თურქეთში კვლავ დაიწყეს საუბარი 2018 წლის ზაფხულიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ოფშორული ღრმაწყლიანი საბადოების ათვისებაზე. ასეთი რთული გეოლოგიური სამუშაოების შესრულება მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე დასავლურ კომპანიას – „ჰალიბარტონს“, „ექსონ მობილს“, „შელს“, „ტოტალს“ შეუძლია, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს კომპანიები აღარ ითანამშრომლებენ ირანთან და მათ განაახლეს თურქეთთან დიალოგი;

– ახალი ანტი-ირანული სანქციები დასავლურ ენერგო-კომპანიებს კვლავ კასპიისპირეთისაკენ შემოაბრუნებს, რისთვისაც ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანთან ერთად, საქართველოს შესაბამისი უწყებებიც მზად უნდა იყვნენ.

წყარო:for.ge

Share