Home » საზოგადოება » ახალგაზრდების რეგიონული დასაქმების ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ“ დაიწყო
ახალგაზრდების რეგიონული დასაქმების ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ“ დაიწყო

ახალგაზრდების რეგიონული დასაქმების ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ“ დაიწყო

„ჩვენ გეძებთ შენ“ – ეს არის პროექტი, რომელიც Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით და საქართველოს უნივერსიტეტისა და კრედო ბანკის მხარდაჭერით  ტარდება.

პროექტის ფარგლებში ზაფხულის განმავლობაში,  საქართველოს 4 რეგიონში (კახეთი, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი) ჩატარდება არასტანდარტული კონცეფციის დასაქმების ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანია შესაბამისი ვაკანსიით.

პირველი ღონისძიება 7 ივლისს, თელავში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას არაფორმალურ გარემოში. ,,თელავი ჯობსზე“ 20-ზე მეტმა კომპანიამ სხვდასხვა ვაკანსია წარმოადგინა. თელავის დასაქმების ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება დასრულდა ბენდის ,,მუსიკის ქალაქი” კონცერტით.

,,ბანკები და ფინანასები“ ესაუბრა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს. გთავაზობთ მათთან ინტერვიუს.

როგორ ჩაიარა თელავის დასაქმების ფესტივალმა და რა შედეგი გამოიღო ?

ანა გზირიშვილი (ორგანიზატორი): ამინდის გამო შეგვეცვალა ადგილმდებარეობა. თუმცა ღონისძიებამ კარგად ჩაიარა. მე ვესაუბრე კომპანიის წარმომადგენლებს და მითხრეს, რომ  რამდენიმე კანდიდატი ძალიან მოეწონათ. დაახლოებით 1 კვირაში გვეცოდინება რამდენი ადამიანი დასაქმდება თელავში და ამ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.

ცნობილია თუ არა შემდეგი ღონისძიების ჩატარების დრო და ადგილი ?

ანა ნავდარაშვილი (ორგანიზატორი): ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ” გრძელდება. შემდეგი დასაქმების ფესტივალი ,,ზუგდიდი ჯობს“ 30 ივლისს, დადიანების სასახლის ეზოში, 19:00სთ-დან ჩატარდება. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ: https://goo.gl/D1cLa7

როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველოს უნივერსიტეტი დასაქმების ფესტივალებზე?

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორ კონსტანტინე თოფურია: საქართველოს უნივერსიტეტი დასაქმების ფესტივალზე  მრავალმხრივ იქნება წარმოდგენილი.  სპეციალურად მოწყობილ კუთხეში,  დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს უნივერსიტეტის სერვისებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს და სპეციალურ შეთავაზებებს. აგრეთვე გვეყოლება დამწყები სტარტაპერები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ დაინტერესებულ ადამიანებს.

 რას ურჩევდით მათ, ვინც  დასაქმების ფესტივალზე გეგმავს მოსვლას ?

 ,,კრედო ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსნათია მიხანაშვილი: იაქტიურონ, დაგვისვან ბევრი კითხვა, გაგვიაზიარონ რა პრობლემებს აწყდებიან დამსაქმებლებთან ურთიერთობისას. ჩვენ მათ ყურადღებით მოვუსმენთ და გავიზიარებთ მათ რჩევებს. ჩვენი როლი არ არის მხოლოდ სწავლება, ჩვენც გვინდა ვისწავლოთ ახალგაზრდებისგან, რადგან ეს ადამიანები ამოძრავებენ სამყაროს და მნიშვნელოვანია მათი ხმა ყველას ესმოდეს.

Share