Home » ბიზნესი » აკაკი ცომაია – ე.წ. ოქროს სიის გაუქმება ბიზნესს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის
აკაკი ცომაია - ე.წ. ოქროს სიის გაუქმება ბიზნესს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის

აკაკი ცომაია – ე.წ. ოქროს სიის გაუქმება ბიზნესს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის

გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კომპანიების ე.წ.ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 დღის ნაცვლად, 5 დღეში მოუწევს, ბიზნესს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ბიზნესისთვის ფულის მოძრაობა უფრო ძნელად ხელმისაწვდომი იქნება. ექსპერტის შეფასებით, მსგავს ღონისძიებებს მთავრობამ იმიტომ მიმართა, რომ „როგორც ჩანს, ბიუჯეტს გაუჭირდა“.

„ამ გადაწყვეტილებას დადებითად ნამდვილად ვერ შევხედავ, რადგან ჯერ ერთი – ეს არის მოულოდნელი გადაწყვეტილება ბიზნესებისათვის და სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩინოვნიკების მხრიდან ასეთი ქცევა ძალზე არაეთიკურია. თავად გადაწყვეტილება შეიძლება ნაკლებად დამაზიანებელია, მაგრამ ზოგადად, ბიზნესგარემოზე ეს ფაქტორი ძალიან ცუდად აისახება.

მეორე მხრივ, აღნიშნული გადაწყვეტილება ზღუდავს ფულის ხელმისაწვდომობას. ფულის მოძრაობა უფრო პრობლემური ხდება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის იმიტომ, რომ ბიზნესებს შემოაქვთ საქონელი, ყიდიან და ამის მიხედვით იღებენ ფულს, ლიკვიდობას და იხდიან ბიუჯეტში. თუ ეს ვადა შეუმცირე, ბუნებრივია, ხელში შერჩებათ საქონელი და არ ექნებათ ფული, ამიტომ მათ მოუწევთ დამატებით თანხის სესხება, რაც ასევე დამატებით დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. როგორც ჩანს, ბიუჯეტის შევსებაში იქმნება პრობლემები და შესაბამისად, ჯოხი სასწრაფოდ გადატეხეს ბიზნესზე.

ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო მთავრობას ისე, როგორც ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომლებსაც ის იღებს“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, კომპანიების ე.წ.ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა, 30 დღის ნაცვლად, 5 დღეში მოუწევს.

Share