Home » საზოგადოება » აიეტ კუკავა – საბანკო სფერო ეკონომიკას ვერ განავითარებს
აიეტ კუკავა - საბანკო სფერო ეკონომიკას ვერ განავითარებს

აიეტ კუკავა – საბანკო სფერო ეკონომიკას ვერ განავითარებს

„თქვენ თუ ყოველთვიურად 5 ლარის ყავის ეკონომიას გააკეთებთ და ნორმალურ საფონდო ბირჟაზე იყიდით აქციებს 20 წლის განმავლობაში, პენსიაზე შეიძლება მილიონერი გახვიდეთ“ – “ალიანს ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტ კუკავამ „საქმიანი დილის“ ეთერში კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, რეგიონი ამ მიმართულებით საკმაოდ განუვითარებელია, საქართველოს შანსები კი ძალიან მაღალია.

„საქართველოს აქვს შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი თუ მოხდება ამ კანონის შეთამაშება კაპიტალის ბაზრის კანონპროექტთან და მისი კარგად განხორციელება.

ფინანსური ბაზრების კუთხით რეგიონი განუვითარებელია, ამიტომაც მათთვის იქნება ოპტიმალური თუ საქართველოში იმოქმედებს ბირჟა, რომელზეც დარეგისტრირდებიან ინვესტორებად უცხოელები. ამ კომპანიებისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება საქართველო და ჩვენ მთავრობა, მასმედია, ბიზნესი და არასამთავრობოები უნდა დავირაზმოთ და ჩვენი ფუნქციები გადავინაწილოთ, ვინაიდან ფინანსური ცენტრის საქართველოს გამოცხადების შემთხვევაში, ამ კომპანიების რეგიონალური ოფისები გახსნიან აქ წარმომადგენლობებს.

უძრავი ქონებიდან დაწყებული, საბანკო სფერო, საკონსულტაციო კომპანიები, ყველა იხეირებს. საბოლოო ჯამში საქართველოში ფული გაიაფდება და ქართული ბიზნესის წარმოება გაცილებით იაფი იქნება, რაც ქვეყანას ყველანაირად წააადგება.

დღეს სქართველო საბანკო სფეროზეა დამოკიდებული, რომელიც ეკონომიკას ვერ განავითარებს იმიტომ, რომ ყოველთვის არის ზღვარი. ბანკები ზედმეტ რისკს არ იღებენ. უნდა იყოს ცალკე მდომი სტრუქტურა, რომელიც ქართულ ფულზე და დეპოზიტარებზე არ იქნება დამოკიდებული.

ეს უნდა იყოს უცხოელები, რომლებსაც უნდათ სპეკულაციური ინვესტიციები სიტყვაზე უზბეკური, ყაზახური, აზერბაიჯანული. ქართული კომპანიები, რომლებიც დღეს 10%-ად იღებენ სესხს, ბირჟის განვითარების შემთხვევაში 3-4%-ად აიღებენ. ანუ თქვენ რომ იყიდოთ 5 ლარადაც აქცია, ის 5 ლარი შეიძლება 8 ლარი გახდეს“ – განაცხადა  კუკავამ.

საქართველოს პარლამეტში „საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი- შესაძლებლობები და გამოწვევები’’ მსჯელობა გასლ კვირაში ექსპერტთა და ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობით შედგა, რაც დასაწყისია განხილვებისა, რომელიც კანონის დაგეგმვისა და მიღებისათვის მომავალში გაგრძელდება.

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის მიზანია საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, შესაბამისი წესების დადგენა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, აგრეთვე, საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესებისა და ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა.

კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში დაფუძნებული ან მოქმედი საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე ვრცელდება საინვესტიციო ფონდების აქტივების მმართველ კომპანიებზე და სხვა პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, აღრიცხვასთან, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურებასა და სხვა დაკავშირებულ საქმიანობას.

BMG

Share