Home » საზოგადოება » აფხაზეთის „მეორე ქუვეითად“ გადაქცევაზე ოცნება
აფხაზეთის „მეორე ქუვეითად“ გადაქცევაზე ოცნება

აფხაზეთის „მეორე ქუვეითად“ გადაქცევაზე ოცნება

სოხუმში უკვე მესამე თვეა არ წყდება დიდი განხილვა-დებატები თემაზე, რომ აფხაზეთი მდიდარია ნავთობით, რაც მათ „რესპუბლიკას” მილიარდობით რუბლს მოუტანს და „მეორე ქუვეითად” გადააქცევს. ამ მითიური „შავი ოქროს” საბადოების გამო კი „ბრძოლა წესების გარეშეც” დაიწყო.

იმ დროს, როცა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ნავთობის მოპოვებით „რესპუბლიკა” უზომოდ გამდიდრდება და მეტ დამოუკიდებლობასაც მოიპოვებს, მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ნავთობის ჭაბურღილები ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და აფხაზეთს, როგორც უნიკალურ საკურორტო ზონას, დაასამარებს.

შედეგად კი, არც „რესპუბლიკა” და არც რიგითი ადამიანები ვერაფერს მიიღებენ. მხოლოდ რამდენიმე კლანი და კორუმპირებული ჩინოვნიკი მილიონებს იშოვიან, ხოლო „უბრალო ხალხი”, ვინც თავს ტურიზმით ირჩენს, ლუკმა-პურის გარეშე დარჩება და უფრო გაღატაკდება.

ასევე უკვე პროგნოზირებენ იმასაც, რომ ნავთობის თემა აფხაზურ კლანებს შორს დაუნდობელ დაპირისპირებასაც აუცილებლად გამოიწვევს.

მთელი ეს აურზაური კი ხდება იმ ფონზე, როცა ჯერ ნავთობის მოპოვების არანაირი საძიებო სამუშაოები არ დაწყებულა და არავინ იცის, არის თუ რა საერთოდ ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობის მარაგები.

ორ თვეზე მეტია აფხაზური საზოგადოება შეპყრობილია ნავთობის მოპოვების თემით და ამ თემის განხილვა აფხაზურ და რუსულ მედიაში აქტიურად ხდება. ბოლო თვეებია აფხაზეთში აქტიურად ისმის კითხვა – რა უფრო მნიშვნელოვანია – ეკოლოგია თუ მითიური ნავთობდოლარები.

აფხაზეთში ითვლება, რომ ნავთობის მოპოვების იდეა საბჭოთა კავშირის დროს, 1980-იან წლებში გაჩნდა და ტყვარჩელში 22 ჭაბურღილიც გაითხარა. მაშინ საორიენტაციო მონაცემების მიხედვით, პირველ ჯერზე დღეში დაახლოებით 15-20 ტონა ნავთობი უნდა ამოექაჩათ. თავად სპეციალისტები აღიარებდნენ, რომ ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, მაგრამ აფხაზები თვლიდნენ, რომ ეს საკმარისი იყო.

შემდეგ ომი დაიწყო და „შავი ოქროს” მოპოვებაზე აჟიოტაჟი დასრულდა. თუმცა აფხაზებში იმედი მთლიანად არ გამქრალა. წლების შემდეგ თემა კვლავ გააქტიურდა. საგულისხმოა ისიც, რომ თავად აფხაზებს არ აქვთ დოკუმენტური მტკიცებულება იმის, რომ აფხაზეთში ნავთობის მარაგები არსებობს, მსგავსი დოკუმენტი არავის გაუსაჯაროვებია, მაგრამ მაინც სჯერათ, რომ „რესპუბლიკაში” ნავთობის დიდი მარაგია.

ასე რომ, 2010 წელს, რუსულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტმა” და სოხუმის რეჟიმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, შეიქმნა ერთობლივი კომპანია „რნ- აბხაზია”, რომელშიც 51% ეკუთვნოდა „როსნეფტს”, 49% – აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას.

2013 წელს, ამ საერთო კომპანიას შავი ზღვის გუდაუთის შელფზე 45 წლის ვადით ნავთობის დაზვერვისა და მოპოვების უფლება მიეცა. სამუშაოები დაიწყო, მაგრამ 2 წლის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ანერვიულდა და ხელშეკრულება გააჩერა. მოითხოვეს შექმნილიყო კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა ეკონომიკური მოგება და ეკოლოგიური რისკი.

„როსნეფტმა” უარი განაცხადა ამ შესწავლისთვის ფული გადაეხადა. ფულის გადახდაზე უარი თქვეს აფხაზებმაც. აფხაზეთის „მეორე ქუვეითად” გადაქცევის გეგმა გაჩერდა. თუმცა მოულოდნელად 2019 წლის იანვარში დე ფაქტო მთავრობამ გეოლოგიური კვლევებისა და ნავთობის მოპოვების ლიცენზიის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, ოღონდ არა ზღვის შელფზე, არამედ მიწაზე.

ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი ინტრიგა, „როსნეფტს” კონკურენტი გამოუჩნდა, აფხაზეთში ნავთობის მოძიებასა და მოპოვებაზე ლიცენზია ასევე მიიღო ადგილობრივმა კომპანია „აფსნიოილმა”. რა თქმა უნდა, საუბარია ამ “ახალი ქუვეითის” სხვადასხვა ნაწილზე, მაგრამ ამ ფაქტმა „როსნეფტის” უკმაყოფილება გამოიწვია.

ამავდროულად, კითხვები გაჩნდა საგადასახადო სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ნავთობწარმოებასთან. ცნობილია, რომ თუ ნავთობი აღმოჩნდება, მასზე საკუთრების უფლება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელს ექნება.

აფხაზურ და რუსულ მედიაში უკვე მოლოდინია იმის, რომ კანონების არარსებობის გამო ახალი და ძალიან სასტიკი გარჩევები დაიწყება ნავთობის “კლანებს” შორის. ასევე, ერთგვარი „ადგილობრივი კლანური ტრადიციისამებრ”, ეს გარჩევები კორუფციულ-პოლიტიკური ხასიათის იქნება. უფრო კონკრეტულად კი – კრიმინალური.

აფხაზური მედია წერს, რომ კონფლიქტი გარდაუვალია, რადგან აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც სწორედ ამჟამინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დაამხო, პირდაპირ უკავშირდება „როსნეფტს” და „აფსნიოილს” და მოქმედი „ხელისუფლება” მას ამ ბიზნესს არ დაუთმობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნავთობზე ეს ვაკხანალია დე ფაქტო არჩევნებამდე ცოტა ხნის წინ დაიწყო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, ნავთობის მოპოვების პროექტს დიდი მოწინააღმდეგეები ჰყავს აფხაზურ საზოგადოებაში ეკოლოგიის თვალსაზრისით. საზოგადოებრივი აზრი თითქმის ერთსულოვანია იმაში, რომ ნავთობის მოპოვება ეკოლოგიას დიდ ზიანს მიაყენებს და „უბრალო ხალხს” ართმევს თითქმის ერთადერთ შემოსავალს ტურიზმისგან.

მედია წერს, რომ აფხაზეთში ტურიზმი ისედაც იხრჩობა უკიდურესად მძიმე კრიმინალურ სიტუაციის გამო და ახლა ნავთობის მოპოვება ტურიზმს საერთოდ დაასამარებს.

ზოგადად, სოხუმში აფხაზები აღშფოთებულები არიან, მიტინგებით იმუქრებიან და ითხოვენ რომ, ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმის შემოღება მოხდეს. მოთხოვნაა, რომ ამ თემაზე რეფერენდუმიც ჩატარდეს, საინიციატივო ჯგუფიც შეიქმნა, თუმცა ჯერ ფართო აქტიურობა არ დაწყებულა.

რუსული მედიის ცნობით, ხალხი ამ პროექტს სკეპტიკურად უყურებს, არა მარტო ეკოლოგიის ზიანის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ნავთობის მოპოვებით მხოლოდ კლანები და კორუფციაში გარეული ჩინოვნიკები გამდიდრდებიან, ხალხი კი ისევ მშიერი დარჩება.

ნავთობის მოპოვების მომხრეები ირწმუნებიან, რომ აფხაზეთი, მხოლოდ ნავთობის მოპოვებაზე გადასახადების სახით მიიღებს დაახლოებით 7 მილიარდი რუბლს ყოველწლიურად, ამასთან, გაიხსნება ახალი სამუშაო ადგილები და „რესპუბლიკაც” უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი გახდება. თუმცა ხალხი ისევ ეკოლოგიაზე და სუფთა აფხაზეთზე აპელირებს.

resonancedaily.com

Share