Home » ბიზნესი » აფბა: ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება
აფბა: ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება

აფბა: ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება

24 მაისს „პირველის“ პრეს-კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბამ“ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესები შეაფასა. ბაირახტარმა ასევე ქართულ საწვავის ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გადაიხედოს საფასო პოლიტიკა.


„ნავთობის ფასმა დაღმავალი ტრენდი 2016 წლის თებერვლიდან შეწყვიტა და ბარელის ფასი 40 დოლარს გადასცდა. იმ პერიოდისთვის ნავთობზე ფასების მატება რამდენიმე ფატორმა განაპირობა ერთ-ერთი იყო ნიგერიიდან და ერაყიდან ნავთობის მიწოდების შეფერხება. ასევე ფასების მატებაში ლომის წილი შეასრულა „ოპეკმა“ რომელმაც რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, მოახერხა ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ნაწილი დაეყოლიებინა მოპოვების „გაყინვაზე“. უფრო კონკრეტულად კი ნავთობის მოპოვების გაყინვაზე შეთანხმდნენ რუსეთი, აზერბაიჯანი და საუდის არაბეთი. შეთანხმებას მოგვიანებით შეუერთდა ყატარი და ვენესუელა. თუმცა „ოპეკის“ მცდელობის მიუხედავად ფასების ისეთი დოზით მატება რომელსაც ოპეკის წვრი ქვეყნები ელოდნენ არ მოხერხდა. 3 თვეში ბარელის ფასი 40$ დან მხოლოდ 47$-მდე გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი კი ირანია, სწორედ ირანი ამბობს უარს მოპოვების გაყინვაზე და პრაქტიკულად მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს, იმდენად, რამდენადაც სანქციების გაუქმების შემდეგ სწორედ ირანი იქცა ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად მსოფლიო ბაზარზე.


ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასები ისევ დაეცა, ამჯერადაც ფასების ვარდნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ირანი იქცა. საქმე იმაშია, რომ „ოპეკი“ მომდევნო შეხვედრას 2 ივნისს გეგმავს სადაც სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ. შეხვედრაში მონაწილეობას ირანიც მიიღებს მაგრამ ოფიციალური “თეირანი“ შეხვედრამდე აანონსებს, რომ ირანი ისევ არ შეუერთდება ნავთობის მოპოვების გაყინვის შეთანხმებას და მომავალი ზაფხულისთვის საექსპორტო პოტენციალს დღეში 2.2 მლნ ბარელამდე გაზრდის.


ირანის ფაქტორს ემატება, Goldman Sachs-ის პროგნოზი, რომელმაც ნავთობის ბირჟებზე მყისიერად იმოქმედა. პროგნოზის მიხედვით მიმდინარე წლისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 45 დოლარის ფარგლებში იქნება დაფიქსირებული.“ – განაცხდა პაატა ბაიარხტარმა.


ანალიტიკოსის განცხადებით მსოფლიო ტენდენციების გათვალისწიებით, საწვავის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა საქართველოსიც.


„მსოფლიო პროცესების პარალელურად ცვლილებები მოხდა ქართულ საწვავის ბაზარზეც. უფრო ზუსტად კი ბოლო ორ თვეში სამჯერ გაიზარდა ფასები ქართულ ბაზარზე 3, 4, და 5 თეთრით. „ტრადიციულად“ ქართულმა საწვავის იმპორტიორმა კომპანიებმა საწვავის გაძვირების მიზეზად მსოფლიო ტენდენციები დაასახელეს. მართლაც ბოლო 2 თვეში მსოფლიო ბაზარზე ბარელის ფასი თითქმის 14 %-ით გაიზარდა. პროცესების პარალელურად იზრდებოდა ფასი ქართულ საწვავზეც და მთლიანმა ზრდამ 8%-ს გადააჭარბა. მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელი ეროვნული ვალუტის ფაქტორი რომელიც ბოლო 2 თვეში თითქმის 15%-ით გამყარდა. მაშინ როდესაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.47 ლარს აჭარბებდა, საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის საწვავის ღირებულება საშუალოდ 1.55 ლარს შეადგენდა. დღეს კი იგივე საწვავი 1.63-1.77 ლარამდე მერყეობს. ერთი დოლარის ღირებულება კი 2.14 ლარია. გამოდის, რომ ლარის გამყარების ფონზე სხვაობა ქართულ ბაზარსა და მსოფლიო ბაზარს შორის მინიმუმ 8%-ს შეადგენს. შესაბამისად მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, რომ ქართული საწვავის იმპორტიორების მხრიდან ფასების ზრდა ისევ ხელოვნურად ხდება. „აფბა“ მოუწოდებს ქართველ ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს დაუყოვნებლივ გადახედონ საფასო პოლიტიკას” – განაცხადა ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა.

 

Share