Home » ეკონომიკა » „აფბა“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რუსულ მხარეს შორის თანამშრომლობის ფაქტებს ასახელებს
„აფბა“: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რუსულ მხარეს შორის თანამშრომლობის ფაქტებს ასახელებს

„აფბა“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რუსულ მხარეს შორის თანამშრომლობის ფაქტებს ასახელებს

 „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა და აზარალებს ქვეყნის ინტერესებს“, – აცხადებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბაში“.

“„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პერიოდში, ომის  და ემბარგოს მიუხედავად,  რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები იყო ინტენსიური, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ეს ტენდენცია კარგად ჩანს ციფრებში და ფაქტებში”

– აცხადებენ ასოციაციაში.

როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში რუსულ მხარეზე არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გასხვისდა და რუსული ინვესტიციების შემოდინებაც საკმაოდ მძლავრი იყო, – „წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 370 მილიონამდე დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია რუსეთიდან 2007 წელს შემოვიდა, 89 მილიონი დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება იმის შესახებ, რომ „ფულს სუნი არ აქვს“, იქნება ეს რუსული თუ სხვა წარმომავლობის“.

ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ამ პოლიტიკური ძალის მიერ დღეს ატეხილი აჟიოტაჟი ცალსახად ტოვებს პოლიტიკური ქულების მოპოვების და საქართველოს ხელისუფლებისთვის მტერთან გარიგებაში დადანაშაულების მცდელობის შთაბეჭდილებას.

„გაზპრომის“ თემით სპეკულირება ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. უცნაურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავად თანამშრომლობდა „გაზპრომთან“ და ამას ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებდა, დღეს გაცილებით დაბალი ხარისხის თანამშრომლობას რუსეთთან გარიგებას და ქართული ეკონომიკის რუსეთზე მიბმის მცდელობას უწოდებს. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარი აუცილებლად საჭიროებს დივერსიფიკაციას. საქართველოში, ბუნებრივი აირის ყოველწლიურად მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, აუცილებელია ისეთი მომწოდებლების გამოჩენა, რომელიც შეძლებს გაზრდილი მოხმარების დაბალანსებას. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მთავარი საბადოს, „შაჰ-დენიზი 1“-ის მარაგები თანდათან იწურება და თავად აზერბაიჯანიც სხვადასხვა ვალდებულებების შესასრულებლად წარმატებით თანამშრომლობს „გაზპრომთან“ და რუსეთიდან შესაბამისი მოცულობების ბუნებრივი აირი მოაქვს“

– აცხადებს გვიდიანი.

„აფბა“–ს ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე მინიმალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ საუბრები მიმდინარეობს, მხოლოდ კომერციული გაზის შესყიდვის შესაძლებლობაზე, – „წლების მანძილზე ხდებოდა სხვადასხვა კომპანიების მხრიდან რუსეთიდან გაზის შესყიდვა და ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ ყოფილი ხელისუფლების პირობებში რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის არაერთი ფაქტი.

ქართულ-რუსული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი კომპანია „ენერჯი ინვესტია“. აღნიშნული კომპანია იყო ერთგვარი შუამავალი „გაზპრომსა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის. ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა არსებობს და ამ ურთიერთობის უარყოფა შეუძლებელია.

თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის ისეთი ფაქტები, რომლებიც რუსეთისთვის კონკრეტული მნიშვნელოვანი ობიექტების მიყიდვას გულისხმობს. ასეთი ფაქტი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაგისტრალური გაზსადენის „გაზპრომისთვის“ მიყიდვის მცდელობა. ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ უჭერდნენ მხარს და ლობირებდნენ მაშინდელი მინისტრები და მაღალჩინოსნები ამ იდეას, თუმცა დასავლეთის ძლიერი ზეწოლის შედეგად ეს გარიგება არ შედგა.

ასევე წინა ხელისუფლების დროს იყო მოლაპარაკებები რუსული მხარისთვის ენგურჰესის მიყიდვაზე. მართალია, ენგურჰესი ქართული მხარის საკუთრებაში დარჩა, თუმცა, 2008 წლის დეკემბერში, რუსეთთან საომარი მოქმედებების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის” მთავრობამ რუსულ „ინტერ რაოსთან” ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, ენგურჰესის ეფექტიანი ექსპლუატაციის შესახებ, ანუ ენგურჰესი რუსულ მხარეს, პრაქტიკულად, მართვაში გადაეცა. ამას წინ უძღვოდა, საქართველოს მთავრობის მიერ 2005 წელს „გაზპრომისთვის” ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთავაზება, რომელიც გაზსადენის მართვას განახორციელებდა.

გვინდა შეგახსენოთ, არცთუ დიდი ხნის წინ მომხდარი გარიგება, რომელიც Petrocas Energy Group-ის აქციების 49%-ის „როსნეფტის” მიერ შესყიდვას ეხება. Petrocas Energy Group-ი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის კუთვნილი კომპანია, რომელიც მან რუს ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მიყიდა, თუმცა, რეალურად აღნიშნულ აქტივს კვლავ კეზერაშვილი განაგებდა. საბოლოოდ, კომპანიის მნიშვნელოვანი წილი  ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის ხელიდან რუსული კომპანიის საკუთრებაში გადავიდა. ნათლად იკვეთება ის გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მის შემდეგაც, აქტიურად შედის ბიზნეს გარიგებებში რუსულ მხარესთან.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამოდის არა ცალკეული საკითხების ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის თანხვედრაში სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომლის მმართველობის პირობებში რუსული კაპიტალი ფართოდ შემოვიდა ენერგეტიკულ,  საბანკო, სატელეკომუნიკაციო, ქიმიური წარმოების და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. ამ პოლიტიკური ძალისგან, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულობის გაზრდაზე საუბარი, ყოვლად უსაფუძვლოა. მითუმეტეს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დღემდე აწარმოებენ ბიზნეს-გარიგებებს რუსულ კომპანიებთან“ – განაცხადა ანდრია გვიდიანმა „პირველის“ პრეს–კლუბში საუბრისას.

Share