Home » საზოგადოება » აფბა ბიზნესომბუდსმენს მიმართავს – „თამბაქოს შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა აუცილებელია
აფბა ბიზნესომბუდსმენს მიმართავს - „თამბაქოს შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა აუცილებელია

აფბა ბიზნესომბუდსმენს მიმართავს – „თამბაქოს შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა აუცილებელია

აფბა ბიზნესომბუდსმენს მიმართავს – „თამბაქოს შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა აუცილებელია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა მიესალმება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კომიტეტის მიერ დაანონსებულ განხილვას, რომლის მიხედვითაც იგეგმება „თამბაქოს შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა. უფრო კონკრეტულად კი, ცვლილებების მიხედვით, მოწევა დაშვებული იქნება ღია ადგილებში, კლინიკების, სამკურნალო დაწესებულებებისა და სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ამის შესახებ აფბას ვიცე – პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა „კვირას“ პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„კანონის ამჟამინდელი რეგულაციის მიხედვით, კლინიკებისა და უნივერსიტეტების ტერიტორიაზე მოწევა იკრძალება და ის ისეთ სერიოზულ სანქციებსაც კი ითვალისწინებს, როგორც არის კლინიკისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა. აფბა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის პირველ ეტაპზე ეწინააღმდეგებოდა ამ რეგულაციას, ვინაიდან ერთი მხრივ ეს რეგულაცია აღსასრულებლად ძალიან რთულია, ხოლო მეორე მხრივ სერიოზულ პრობლემებს უქმნის სხვადასხვა დაწესებულებებს. შესაბამისად, აღნიშნულ ცვლილებას აფბა მხარს უჭირს, თუმცა კანონპროექტში კიფრვ არის მრავალი ხარვეზი, რომელმაც კერძო სექტორს უკვე მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. უფრო კონკრეტულად კი, იმის გამო, რომ კანონპროექტს მნიშვნელოვნად აკლდა ეკონომიკური ანალიზი, მან ბიზნესების ნაწილი გაწირა გაკოტრებისთვის, ხოლო მეორე ნაწილს შეუქმნა პრობლემები და ჩააყენა არაკონკურენტულ მდგომარეობაში. საქმე ეხება „თამბაქოს შესახებ კანონის“ 10-ე მუხლის ე ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც გამონაკლისია დაშვებული სამორინეებისთვის, ხოლო სხვა ყველა სათამაშო დაწესებულებაში მოწევა აკრძალულია, რითაც არაკონკურენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რიგი აზარტული თამაშების დაწესებულებები.

ასევე, არანაირ ეკონომიკურ ანალიზს არ ეფუძნება კანონის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მოწევა დაშვებულია ე.წ. სიგარაბარებში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სულ ერთი ერთეულია, ხოლო მოწევა აიკრძალა ჩილიმ ბარებში. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ერთი მხრივ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა ბიზნესი, ხოლო მეორე მხრივ გაკოტრებისთვის გაიწირა ათეულობით ჩილიმ ბარი. კერძო სექტორს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზებიც, მაგალითად საქართველოს კანონმდებლობით სიგარეტის კოლოფის შეფუთვაზე განსაზღვრულია პიქტოგრამის 9 ნიშანი, აღნიშნული პიქტოგრამის დატანა სავალდებულოა საქართველოში სარეალიზაციოდ გამზადებულ თამბაქოზე. იმის გამო, რომ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები ე.წ. DUTY FREE მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, აღნიშნულ პუნქტებზეც ვრცელდება ზემოხსნებული რეგულაცია. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც DUTY FREE – ში განთავსებული პროდუქცია განკუთვნილია ქვეყნიდან გამავალი ვიზიტორებისთვის და ის ვერანაირად ვერ მოხვდება ქვეყნის შიგნით. მრავალმა ქვეყანამ DUTY FREE -ის შემთხვევაში დაუშვა გამონაკლისი და ქვეყნის შიგნით სარეალიზაციო თამბაქოზე, არსებული რეგულაციები, არ ვრცელდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებზე.
თამბაქოს მწარმოებელ მსხვილ კომპანიებს გამიჯნული აქვთ ქვეყნის შიგნით სარეალიზაციოდ გამოყოფილი თამბაქოს დისტრიბუცია და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში სარეალიზაციო თამბაქოს დისტრიბუცია. შესაბამისად, კომპანიები DUTY FREE – ში სარეალიზაციოდ გამზადებულ თამბაქოს შეფუთვაზე იყენებენ განსხვავებულ პიქტოგრამებს რის საშუალებასაც არ იძლევა მაისში ამოქმედებული „თამბაქოს შესახებ კანონი“, რითაც მნიშვნელოვანი ხარვეზები ექმნება ბიზნესს. აღნიშნული საკითხის სპეციფიკურობას აცნობიერებენ რიგი ქვეყნები, რომლებიც პრობიზნესურად უდგებიან რეგულაციებს და, შესაბამისად, ევროპის ქვეყნებში გამონაკლისებია დაშვებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში“, -ამბობს ბაირახტარი.

ბაირახტარმა ასევე ევროკავშირის დირექტივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თამბაქოს შესახებ კანონში“ არსებული განმარტებების დიდი ნაწილი არ შეესაბამება ევროკავშირის „თამბაქოს ნაწარმის“ დირექტივას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„თამბაქოს შესახებ კანონში“ არის რეგულაციების დიდი ნაწილი, რომელიც ან საერთოდ არ არის განმარტებული ან სრულად არ შეესაბამება ევროკავშირის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონს. უფრო კონკრეტულად კი აფბამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის 39 რეგულაციიდან საქართველოს „თამბაქოს შესახებ კანონი“ 36 პუნქტში არ ემთხვევა ევროკავშირის, „თამბაქოს ნაწარმის“ დირექტივებს. აფბა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ ზემოაღნიშნული საკითხებით, დაიწყონ კანონმდებლობის ევროკავშირის დერექტივებთან მაქსიმალური დაახლოება, რათა „თამბაქოს შესახებ კანონმა“ ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს კერძო სექტორსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. აფბა ასევე მზადაა აქტიურად ჩაერთოს კანონის განხილვისა და დახვეწის პროცესში, რათა მოხდეს კანონის მაქსიმალური ჰარმონიზაცია ევროკავშირის დირექტივებთან “, – განაცხადა ბაირახტარმა.

Share