Home » ახალი ამბები » ADB -ი ანაკლიის პორტის და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების პროექტში ერთვება
ADB -ი ანაკლიის პორტის და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების პროექტში ერთვება

ADB -ი ანაკლიის პორტის და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების პროექტში ერთვება

აზიის განვითარების ბანკი  (ADB)  ანაკლიის პორტის და სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) განვითარების შესაძლებლობების შესწავლაში ერთვება.

აზიის განვითარების ბანკი  (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პარასკევს გააფორმეს.

მხარეები აღნიშნავენ, რომ ეს მათ საშუალებას მისცემს განავითარონ  თანამშრომლობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების განვითარების, ფინანსებისა და ვაჭრობის მიმართულებით.

„ანაკლიის პორტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა რეგიონულ თანამშრომლობასა და სავაჭრო ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს და საქართველოს საერთაშორისო ლოგისტიკისა და ბიზნესის ცენტრად აქცევს,“ – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი უზრუნველყოფს ფინანსების მობილიზებას და საკონსულტაციო მომსახურებას პროექტით გათვალისწინებული რეგიონული განვითარების შესაძლებლობების გასაღრმავებლად.

„ჩვენ ვთავაზობთ დაფინანსებას როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს. როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, შესაძლებლობა გვაქვს მოვიზიდოთ ფართომასშტაბიანი დაფინანსება, უზრუნველვყოთ ტრანზაქციის მოსამზადებელი დახმარება, ხელი შევუწყოთ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობასა და ასევე, რეგიონულ პარტნიორობასა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების მობილიზებას“, – აღნიშნა ვერნერ ლიპახმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება ყველაზე დიდი და განვითარებული პორტი შავი ზღვის რეგიონში, რომელსაც საშუალება ექნება მიიღოს 10,000- კონტეინერიანი გემები. საავტომობილო და სარკინიგზო გზების საშუალებით პორტი ასევე ადვილად მისადგომი გახდება ზღვაზე გასასვლელის არმქონე ცენტრალური აზიის მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. პორტის მიმდებარე ტერიტორია განვითარდება სპეციალურ ეკონომიკურ ზონად, რომელიც ბიზნესისა და ინვესტიციების მოზიდვის ცენტრად იქცევა.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმში თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებებად განისაზღვრა პორტისა და სეზ-ის საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან ინფრასტრუქტურული ქსელის განვითარება; კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა, სტრატეგია და რეგულაციები, ურბანული დაგეგმარება, კერძო სექტორის განვითარება, ტექნიკური და პროფესიული განათლება და სასწავლო პროგრამები პორტსა და ქალაქში   ძირითადი სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

Gbc.ge

Share