Home » ბიზნესი » ,,სილქნეტის” და ,,ჯეოსელის” ტვისტი, გაერთიანებული ,,კავკასუს ონლაინი” და ,,ბილაინი” და ოფსაიდში დარჩენილი ,,მაგთიკომი”
,,სილქნეტის" და ,,ჯეოსელის" ტვისტი, გაერთიანებული ,,კავკასუს ონლაინი" და ,,ბილაინი" და ობსაიდში დარჩენილი ,,მაგთიკომი"

,,სილქნეტის” და ,,ჯეოსელის” ტვისტი, გაერთიანებული ,,კავკასუს ონლაინი” და ,,ბილაინი” და ოფსაიდში დარჩენილი ,,მაგთიკომი”

მონოპოლიის საფრთხე თუ გამძაფრებული კონკურენცია

,,ბილაინი” ,,კავკასუს ონლაინის” საცალო ქსელს ყიდულობს

,,ბანკები და ფინანსების” ექსკლუზიური ინფორმაციით, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ,,ბილაინი”, ინტერნეტ პროვაიდერის ,,კავკასუს ონლაინის” შეძენას გეგმავს და ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს. საუბარია, მხოლოდ საცალო ქსელის შეძენაზე და ,,ბილაინი” არ აპირებს შეიძინოს შავ ზღვაში არსებული მაგისტრალური კაბელი.
არსებული ინფორმაციით, იგეგმება კავკასუსის რეორგანიზაცია, ერთის მხრივ, სატრანზიტო მაგისტრალური კაბელის (საბითუმო ბიზნესი) და მეორეს მხრივ ტელევიზიის, სამომხმარებლო ინტერნეტის და ტელეფონიის (საცალო ბიზნესი) გამიჯვნის გზით. შემდგომში ,,ბილაინი” შეიძენს მხოლოდ საცალო ბიზნესს, ხოლო საბითუმო ბიზნესი (შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი), ისევ ,,კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში დარჩება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დავუკავშირდით კომპანია ,,ბილაინს”, სადაც გვითხრეს, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და იმედოვნებენ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ,,მოლაპარეკება აქციონერებს შორის დასკვნით ეტაპზეა და, იმედია, ჯერ შეძენაზე და შემდეგ გაერთიანებაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღწეული.
ბილაინმა გადაწყვიტა კავკასუს ონლაინის შეძენა მომხმარებლებისთვის მეტი და უფრო ხარისხიანი მომსახურების შესათავაზებლად. გაერთიანებული კომპანია შეძლებს თავის მომხმარებელს შესთავაზოს მობილური კავშირი, ტელევიზია, ტელეფონი, სახლის ინტერნეტი და სხვა სერვისები. გაერთიანების შედეგად მოგებული დარჩება ორივე კომპანიის მომხმარებელი, რომელიც შეძლებს კონვერგენტული მომსახურების მიღებას”, – აცხადებენ კომპანია ,,ბილაინში”.

,,პრობლემური აქტივი თუ მონოპოლიის საფრთხე”
როგორც ცნობილია, ,,კავკასუს ონლაინის” შეძენას, პირველ ეტაპზე, კომპანია ,,სილქნეტი” გეგმავდა და ამის შესახებ მათ მარეგულირებელ კომისიასაც მიმართეს, თუმცა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დოკუმენტების არასათანადოდ წარდგენის გამო მონოპოლიური გარიგება არ შედგა. ინტერნეტბაზარზე მოქმედი ორი უმსხვილესი კომპანიის გაერთიანება, ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა მომხმარებლებს.
,,სილქნეტის” შემდგომ ,,კავკასუს ონლაინის” შეძენის სურვილი კომპანია ,,მაგთიკომმა” გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, როგორც ჩანს ეს გარიგებაც ჩაიშლება.
,,კავკასუს ონლაინი” გარკვეულწილად პრობლემური აქტივია, ვინაიდან მის დასაბრუნებლად ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე იბრძვის და კომპანიის დაბრუნების მიზნით სასამართლოსაც მიმართა. სწორედ მამია სანადირაძე საუბრობდა ,,კავკასუს ონლაინის” მიმართ, ,,ბილაინის” მფლობელი კომპანია ,,ვიმპელკომის” ინტერესების შესახებ. სანადირაძის განცხადებით კავკასუსის მფლობელები ცდილობენ კრედიტებით დატვირთული კომპანია გაყიდონ და ამით დანაშაულებრივი კვალი დაფარონ. კომპანიის შეძენით დაინტერესებული თურქები და რუსები კი, რომელთაც თავის დროზე მან არ მიჰყიდა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, ახლა ცდილობენ მის ხელში ჩაგდებას.
თუმცა, მოვლენები ცოტა სხვაგვარად განვითარდა, მართალია ,,ბილაინს” გადაწყვეტილი აქვს ,,კავკასუს ონლაინის” შეძენა, თუმცა, შავ ზღვაში არსებულ კაბელს კვლავ ქართული კომპანიის მფლობელობაში ტოვებს.
,,ბილაინის” გენერალური დირექტორის გიორგი ტყეშელაშვილის განცხადებით, კომპანია არ ინტერესდება შავ ზღვაში არსებული ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით და მთელ კონცენტრაციას მომხმარებლისთვის სერვისების გაწევაზე ახდენს. ასევე მას მიაჩნია, რომ ,,კავკასუს ონლაინი” არ არის პრობლემური აქტივი და გაერთიანებასთან დაკავშირებით კომპანიები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
,,რაც შეეხება შავ ზღვაში არსებულ კაბელს, ,,ბილაინი” არ ინტერესდება საბითუმო ბიზნესით და მთელ კონცენტრაციას მომხმარებლისთვის სერვისების გაწევაზე ახდენს. ამ გარემოებიდან გამომდინარე კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი არ შეიძინოს. რაც შეეხება ყოფილი მფლობელის განცხადებებს, მინდა გითხრათ რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით ,,ბილაინი~ და ,,კავკასუს ონლაინი~ მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში”, – აცხადებს ტყეშელაშვილი.
კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებით, რამდენად დააკმაყოფილებს ის კომპანიების მოთხოვნას და ხომ არ ჩათვლის ფაქტს მონოპოლიის საფრთხეთ, ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მაღალი კონკურენციის გამო გაერთიანებული კომპანიას არ ექნება მონოპოლისტური მდგომარეობა და ამავდროულად, ასეთი ტიპის გაერთიანების ტენდენცია მთელს მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს.
,,კანონმდებლობის თანახმად მარეგულირებელმა კომისიამ უნდა შეაფასოს შეძენის და გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული კომპანიის გავლენა ბაზარზე. მაღალი კონკურენციის გამო გაერთიანებული კომპანიას არ ექნება მონოპოლისტური მდგომარეობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის გაერთიანების ტენდენცია მთელს მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს და საქართველო არ არის გამონაკლისი”, – აცხადებს ,,ბილაინის~ გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი.

საფასო პოლიტიკა
როგორც ცნობილია, ინტერნეტბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასებია, ბოლო პერიოდში ინტერნეტპროვაიდერები ერთმანეთის მიყოლებით ზრდიდნენ მომსახურებაზე ფასს, მარეგულირებელი კი ამაზე თვალს ხუჭავდა. საინტერესეოა, რა სიტუაცია შეიქმნება მომავალში ამ მიმართულებით. გაერთიანებული კომპანია კვლავ კონკურენტ ,,სილქნეტთან” შეთანხმებული ფასებით გააგრძელებს ოპერირებას, თუ დაიწევს ფასები ინტერნეტბაზარზე, ისე როგორც ეს მოხდა, ,,ბილაინის~ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე გამოჩენის შემდგომ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ,,ბილაინის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ,,ბილაინის” და ,,კავკასუს” ონლაინის გაერთიანებით ყველაზე მეტად მოგებული სწორედ მომხმარებელი დარჩება
,,ბილაინის” და ,,კავკასუს ონლაინის” გაერთიანება გამოიწვევს ინტერნეტის მეტ ხელმისაწვდომობას ფასების თვალსაზრისით. გაერთიანებული კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი, როგორც ყოველთვის, იქნება საუკეთესო საფასო პოლიტიკა. აგრეთვე სადენიანი ინტერნეტით დაიფარება მეტი დასახლებული პუნქტი. ბილაინის და კავკასუს ონლაინის გაერთიანებით ყველაზე მეტად მოგებული სწორედ მომხმარებელი დარჩება”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ტყეშელაშვილი.

გადანაწილებული პოზიციები და ახალი რეალობა ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე
როგორც მოსალოდნელია ,,ბილაინი” მოახერხებს ,,კავკასუს ონლაინის” შეძენას, მათ საამისოდ საკმარისი ფინანსური რესურსიც გააჩნიათ და ვინაიდან მხოლოდ საცალო ქსელის მიმართ იჩენს ინტერესს, მარეგულირებელი კომისიაც, ალბათ, მარტივად დათანხმდება ამ გარიგებას. ამავდროულად, როგორც ცნობილია, ,,სილქნეტმა” და ,,ჯეოსელმაც” უკვე განაცხადეს, რომ აქცენტის გაკეთებას ერთიან მომავალზე აპირებდნენ და ამის დასტურად ერთობლივი პროდუქტი ,,ტვისტიც” შექმნეს.
გამომდინარე აქედან, ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ახალი და საკმაოდ საინტერესო რეალობა იქმნება, როდესაც ფიჭური კავშირგაბმულობის და ინტერნეტბაზრები ფაქტობრივად გადაეჯაჭვა ერთმანეთს. ბაზარზე არსებული კომპანიები ერთიან პროდუქტებს შესთავაზებენ მომხმარებელს და ამ სიტუაციაში ოფსაიდში ერთი კომპანია ,,მაგთიკომი” დარჩება, რომელიც მხოლოდ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე გააგრძელებს ოპერირებას და შეგვიაძლია თამამად ვთქვათ, რომ გაუჭირდება გაერთიანებული კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა.
ახალ რეალობაში, რამდენად მოგებული აღმოჩნდება მომხმარებელი და გამოიწვევს თუ არა ეს ყველაფერი ფასების შემცირებას ამას დრო გვიჩვენებს. მთავარი კი ერთია, კონკურენციის სააგენტომ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ინტერნეტის და მობილური ოპერატორების მიმართ. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამაც, უფრო მკაცრი სანქციები უნდა დააწესოს კომპანიების მიმართ, რათა არ მოხდეს ფასების ხელოვნური ზრდა და მომხმარებელთა ინტერესების უგულებელყოფა.

გიორგი კაპანაძე

Share