Home » ბიზნესი » ატყუებს თუ არა ,,ჯეოსელი” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას
დავა მობილურ ოპერატორებს შორის - ვინ არის მობილური ინტერნეტის ბაზრის ლიდერი?

ატყუებს თუ არა ,,ჯეოსელი” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას

მობილური ოპერატორები „ჯეოსელი“ და „მაგთი“ მობილური ინტერნეტის ბაზარზე ლიდერობას ვერ იყოფენ. კომპანიებს შორის სადავო გახდა მოწინავე პოზიცია მობილური ინტერნეტის შემოსავლების მიმართულებით.

პრობლემა კი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულმა არასწორმა მონაცემებმა შექმნა, რომლის მიხედვითაც მობილური ინტერნეტიდან მიღებული შემოსავალით კომპანია „ჯეოსელი“ ლიდერობს. ირკვევა, რომ „ჯეოსელმა“ კომუნიკაციების მარეგულიერებელ ეროვნულ კომისიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და ზედმეტი შემოსავლები დააფიქსირა.

კერძოდ, კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, შემოსავლების ზრდა ყველაზემეტად „ჯეოსელს“ შეეხო.  მაგალითად, კომპანიამ აგვისტოს თვეში 4 მილიონ 564 ათასილარის შემოსავალი მიიღო, მეორე ადგილზე არის „მაგთიკომი“ მილიონ 911 ათასი ლარით,ხოლო მესამეზეა „მობიტელი“(ბილაინი) 581 ათასი ლარით.

კომპანია „მაგთიკომი“ არ ეთანხმება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და ეს მათ ეს კომისიაშიც დაუდასტურეს. ამასთან, „მაგთიკომში“ ამბობენ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მონაცემები, „ჯეოსელის“სასარგებლოდ არასწორად იტვირთება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდზე.

„თუ მობილური ინტერნეტის ტრაფიკს შეხედავთ, დარწმუნდებით, რომ „მაგთიკომის“ტრაფიკი (ტერაბაიტი) გაცილებით დიდია, შემოსავლები კი საეჭვოდ დაბალი. „მაგთიკომის“ჯამური შემოსავალი ასევე აღემატება „ჯეოსელის“ შემოსავალს. სამწუხაროდ, არაერთხელმოხდა ანალოგიური შემთხვევა. მაგალითად  9 აგვისტოს „ფაინენშელის“ სტატიასმოგიყვანთ. სტატიის მიხედვით, „ჯეოსელი“ აბონენტთა რაოდენობის კუთხითლიდერობდა. გაირკვა, რომ „ჯეოსელმა“ არასწორად მიაწოდა კომისიას მონაცემები,რომელიც ჩვენი ჩარევის შემდეგ დაკორექტირდა“,- აცხადებენ „მაგთიკომში“.

„ჯეოსელის“ მხრიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ადასტურებენ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ყურაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, კომპანიას გამაფრთხილებელი წერილი უკვე გაეგზავნა და შეცდომების გასწორება დაევალა.

„ჩვენც ვადასტურებთ, რომ კომპანიას არასწორად აქვს შევსებული მონაცემები, თუმცა, აღნიშნულ სტატისტიკულ ბაზაში ინფორმაციას ავტორიზებული პირები და ლიცენზიის მფლობელები თავისი პასუხისმგებლობით წარმოადგენენ. არაადეკვატური ცვლილება თუ დაფიქსირდა კომისია რეკავს და ინტერესდება, თუ რამ განაპირობა ეს ცვლილება“,- აცხადებს ხატია ყურაშვილი.

მისივე თქმით, შეცდომა მხოლოდ ამ მონაცემში ფიქსირდება, თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს სხვა მცირედი ტექნიკური შეცდომები, რომელთა გამოსასწორებლადაც მათ გონივრული ვადა მიეცათ.

შეცდომებს აღიარებს „ჯეოსელიც“, თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ მისი შესწორების შემდეგ საერთო სურათი არ შეიცვლება და „ჯეოსელი“ ამ კუთხით ბაზარზე ლიდერობასგანაგრძობს.

„კომპანია „მაგთის“ განცხადება სრულად არ შეესაბამება სიმართლეს. ვადასტურებთ, რომ„ჯეოსელი“ სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მობილური ინტერნეტის კუთხით, როგორც აბონენტების რაოდენობის, ასევე შემოსავლების მხრივ. რაც შეეხება აგვისტოს მონაცემებში არსებულ ცდომილებას, ეს ფაქტი ცნობილია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა, თუმცა აღნიშნული გარემოებით საერთო სურათი არ შეიცვლება და ჯეოსელი ამ კუთხით ბაზარზე ლიდერობას განაგრძობს“,- აცხადებენ „ჯეოსელში“.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიაში მონაცემების დაზუსტებამდე ვერ აკონკრეტებენ, ვინ არის ბაზრის ლიდერი მობილური ინტერნეტის მიმართულებით.

წყარო: commersant.ge

Share