Home » საზოგადოება » ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს
ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს

ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა შესაძლოა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. 

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მოძრაობა უახლოეს მომავალში შეიქმნება. ელისაშვილის თქმით, მოძრაობა ამჟამად არსებული მოძრაობებისა თუ პარტიებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ის მაქსიმალურად ეცდება შეცვალოს არსებული პოლიტიკური სისტემა, რაც „ ქვეყანას ასუსტებს და ჭაობისკენ მიათრევს“.

„დაგეგმილია უცხოეთში რამდენიმე ვიზიტი, რადგან არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს ჩემი გაცნობის სურვილი. ამის შემდეგ ვაპირებ საზოგადოებრივ -პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას. ამ ქვეყნის ბედი მთლად კარგად ვერ არის და ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც არის, საჭიროებს ცვლილებას, რადგან რეალურად დაჭაობებული პოლიტიკური სისტემაა. გვყავს ბელადების პარტია. ნებისმიერი პატარა დისკუსიაც კი იწვევს პარტიების დახლეჩას. ამდენად, მსურს აბსოლუტურად ახალი შინაარსის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა შესაძლოა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

„უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუმცა ეს მომავლის ამბავია. ამ დაჭაობებულ ქვეყანას სჭირდება ჭაობიდან ამოყვანა. ასე ცხოვრება არ შეიძლება, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რაღაც ძვირდება. როდესაც საკრებულოს საქმიანობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, საყოფაცხოვრებო ვითარებას ვერ ვადევნებდი თვალს, მაგრამ ეს ქვითრები იმდენი მოდის თვიდან თვემდე, რომ აშკარაა ცუდად მიდის საქმე. არ ვაპირებ ელისაშვილის ან ელისაშვილების პარტიის შექმნას, პირიქით, რაც არ მომწონს, არის ბელადების პარტიები, რამაც გამოალპო ჩვენი პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Share