Home » საზოგადოება » „საქართველოში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ“
„საქართველოში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ“

„საქართველოში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ“

თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც საქართველოში მდებარეობენ, ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულ კრიტერიუმებს თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებენ, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Bitfury-თან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, თუ რამდენად შეესაბამება თბილისის თავისუფალი ზონის შექმნის პირობები კანონმდებლობას.

„გუშინ გავეცანი მედიაში ამ კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ინფორმაციული იყო. ჩვენ ბუნებრივია, ვუყურებთ იმას, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც მიკუთვნებული აქვს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, სრულდებოდეს. უფრო მეტიც, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, როდესაც 5 დეკემბერს, ევროკავშირის მინისტრები შეიკრიბნენ, მოხდა ე.წ. სიის გამოქვეყნება, სადაც საქართველომ ყველა პარამეტრი დააკმაყოფილა და გაუსწრო ძალიან განვითარებულ ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს მიეცათ დრო, ე.წ. დეოფშორიზაციის პოლიტიკის კუთხით კრიტერიუმები დაეკმაყოფილებინათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც საქართველოში მდებარეობენ, თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, რომელიც დღეს მიღებულია ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რამდენიმე დღის წინ “ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ სახეზეა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის სასათბურე პირობების შექმნა მოსახლეობის ხარჯზე, როგორც „ევროპულ საქართველოში“ აღნიშნავენ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ტარიფების მომატება მოხმარების გაზრდით ახსნა. პარტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მაგალითად კომპანია BitFury-ის საქმიანობას ასახელებენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, ქარხანა შეღავათიანი პირობებით სარგებლობს, როგორც თავისუფალ ზონაში განლაგებული ობიექტი, სადაც დენის ტარიფი 5 ცენტია, ანუ გახსნის მომენტში დაახლოებით 10 თეთრი იყო. „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ასევე, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თუ რამდენად შეესაბამება თბილისის თავისუფალი ზონის შექმნის პირობები კანონმდებლობას.

Share