Home » ფინანსები » როგორ ატყუებენ სესხის ამომღები კომპანიები მოვალეებს
როგორ ატყუებენ სესხის ამომღები კომპანიები მოვალეებს

როგორ ატყუებენ სესხის ამომღები კომპანიები მოვალეებს

„სესხის ამომღები კომპანიები საერთო ბაზებს ქმნიან და მონაცემებს ცვლიან, რადგან უფრო მეტი რესურსით შეძლონ სესხების ამოღება“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პრობლემურ მსესხებელთა ასოციაციის პროექტების მართვისა და აუდიტის დეპარტამენტის მენეჯერმა, ალექსანდრე ადამაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, კვლავ გრძელდება მსესხებელთა მონაცემების მესამე პირებზე გაცემა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ერთიანი ბაზების შექმნაც, რადგან სესხის ამომღებმა კომპანიებმა უფრო მეტი პირის იდენტიფიცირება შეძლონ, მეტ მსესხებელს დაუკავშირდნენ და თანხები მუქარით ამიღონ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ სესხის ამომღები კომპანიები ქმნიან ერთიან ბაზებს, ცვლიან საკუთარ ბენეფიციართა მონაცემებს, რათა შეძლონ დამატებითი პირების იდენტიფიკაცია. შესაბამისად უფრო მეტ მსესხებელთან, მათ ახლობლებთან, მეზობლებთან მოახერხებენ დაკავშირებას და თანხების მუქარით თუ სხვა საშუალებით ამოღებას. სასამართლოს და აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით ხდება მსესხებლების შეცდომაში შეყვანა. საახალწლოდ ამის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, სესხის ამომღები კომპანიები, უგზავნიდნენ მოქალაქეებს შეტყობინებებს, რომ მათი საქმე აღსრულების ბიუროში იყო გადაცემული და ქონების დაყადაღება მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ამისამართებდნენ ფიქტიურ გვერდზე, სადაც აღსრულების ეოვნული ბიუროს მისამართი, ლოგო იყო მითითებული და მოქალაქეები შეცდომაში შეყავდათ. თუმცა, როდესაც თითოეული ასეთი საქმე გადავამოწმეთ, არცერთი მათგანი არ ყოფილა სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაცემული,“-აღნიშნავს ადამაშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, პრობლემურ მსესხებელთა ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა, უხეში დათვლებით მათი რაოდენობა 800 ათასიდან 1 მილიონ ადამიანამდეა. რაც შეეხება სესხის ამომღებ კომპანიებს, ადამაშვილის ინფორმაციით, ბაზარზე ძირითადად 4-5 ამომღები კომპანიაა, რომლებსაც შვილობილი კომპანიები ჰყავთ და სწორედ ისინი აგზავნიან მსესხებლებთან ფიქტიურ შეტყობინებებს, აღმასრულებლის სახელით უკავშირდებიან, ემუქრებიან და ა.შ.

Bpn.ge

Share