Home » ბიზნესი » „სადაზღვევო სექტორი საინტერესო ხდება, ბაზარზე „ჰუალინგ დაზღვევის“ შემოსვლა ამის ნათელი მაგალითია“
„სადაზღვევო სექტორი საინტერესო ხდება, ბაზარზე „ჰუალინგ დაზღვევის“ შემოსვლა ამის ნათელი მაგალითია“

„სადაზღვევო სექტორი საინტერესო ხდება, ბაზარზე „ჰუალინგ დაზღვევის“ შემოსვლა ამის ნათელი მაგალითია“

ჩინური “ჰუალინგ ჯგუფი” სადაზღვევო ბაზრით დაინტერესდა.„ჰუალინგ დაზღვევა“ 2017 წლის 27 დეკემბერიდან იგი უკვე ფლობს “სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არასიცოცხლისა)” სახეების საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ ლიცენზიებს. “ჰუალინგ დაზღვევის” აქციების 100%-ის მფლობელი ს.ს „ბაზისბანკია“, რომელიც ასევე  „ჰუალინგ ჯგუფის“ წევრია.

ფინანსური მომსახურების ახალ სეგმენტში შესვლასთან დაკავშირებით „ბაზისბანკში“ აცხადებენ, რომ “ჰუალინგდაზღვევა” ამბიციური გეგმებით აპირებს ბაზარზე ოპერირების დაწყებას.

„აქტიური ოპერირება 2018 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად კონკრეტული პროდუქტების შემუშავების პროცესი. კომპანიის მთავარი მიზანია დაამკვიდროსმომსახურების გამორჩეული სტანდარტი მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომისა და მასზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნის გზით. ეს უზრუნველყოფს მომხმარებელთან გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დამყარებას“, – აღნიშნავენ „ბაზისბანკში“.

როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე სულამანიძემ „ბანკები და ფინანსებთან“ კომენტარისას აღნიშნა, ბაზარზე „ჰუალინგ დაზღვევის“ შემოსვლა ნათელი მაგალითია იმისა, რომ სადაზღვევო სფეროში საქმიანობა სულ უფრო საინტერესო ხდება მსხვილი ფინანსური ჯგუფებისთვის. „მსხვილი ფინანსური ჯგუფების მხრიდან სადაზღვევო სფეროთი დაინტერესებას მივესალმებით. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში სექტორში ოპერირების დაწყების სურვილით მომართვიანობა გაიზრდება. ამ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში განხორციელებულმა მთელმა რიგმა საკანონმდებლო ცვლილებებმა. კერძოდ იმან, რომ უკვე 2018 წლიდან ძალაში შევიდა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა უცხოური სანომრე ნიშნით მოძრავი ტრანსპორტის მფლობელითათვის. ასევე, ამოქმედდა ბაზრობების,სავაჭრო ცენტრების, ავტოგასამართი სადგურებისა და სასტუმროების მფლობელთა სავალდებულო დაზღვევა მესამე პირთა ქონების მიმართ. ვმუშაობთ, რომ 2019 წლიდან ამოქმედდეს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა უკვე საქართველოში რეგისტრირებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მფლობელთან მიმართებით. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, სინერგიის ეფექტს იწვევს და ბაზარს საინტერესოს ხდის“, – აცხადებს სულამანიძე.

მისი თქმით, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობების დაზღვევის სავალდებულობა სოციალური რისკების უკეთ დარეგულირებას შეუწყობს ხელს. „სადღეისოდ საქართველოში დაზღვევის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 1,15 %-ია. სავალდებულო დაზღვევების შემოტანასთან ერთად და მოსალოდნელ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, 4 წლიან პერსპექტივაში ამ მაჩვენებელმა 1,7  % -ს უნდა გადააჭარბოს და 1 მილიარდიან ბაზარს მიაღწიოს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება, მით უფრო, რომ ამ პროგნოზისას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასაც ვითვალისწინებთ, – აღნიშნავს სულამანიძე.

Share