Home » ბიზნესი » “გურიელი“ ბიოჩაის წარმოებას გეგმავს
“გურიელი“ ბიოჩაის წარმოებას გეგმავს

“გურიელი“ ბიოჩაის წარმოებას გეგმავს

ჩაის მწარმოებელი კომპანია „გეოპლანტი“, რომელიც ბაზარზე „გურიელის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, ბიოჩაის წარმოებას გეგმავს.

როგორც BPI-სთან კომპანია „გეოპლანტის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა ვლადიმერ მესხმა განაცხადა, კომპანია 2018 წლიდან აქტიურად იმუშავებს ბიოჩაის მიმართულებით, ამ თვალსაზრისით პლანტაციებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

„წელს აქტიურად ვიფიქრებთ ამ მიმართულების განვითარებაზე, არ არის გამორიცხული თეთრი ჩაის წარმობაზეც ვიფიქროთ, მაგრამ ეს იქნება მცირე რაოდენობის, რამდენადაც მისი ფასები 250 დოლარიდან იწყება და 2000 დოლარამდეც კი ადის. ჩვენ ვცადეთ კიდეც და არაჩვეულებრივია ლაბორატორიული შედეგი მივიღეთ“, – ამბობს მესხი.

ქართული ბაზრის ათვისება „გურიელმა“ 2010 წლიდან დაიწყო, დაახლოებით 2 თვეში მისმა წილმა ბაზარზე 13%-ს მიაღწია, ამ დროისთვის კი 23%-ს სცილდება.

კომპანიამ ბაზარზე 2017 წელს რამდენიმე ახალი პროდუქტი გამოიტანა.

„მნიშვნელოვან ყურადღებას ვანიჭებთ სანედლეულო ბაზარს, ეს ძალიან რთული საქმეა, მაგრამ ამის გარეშე ჩვენი განვითარება არ გამოვა. გამოვუშვით საშობაო ჩაი პრინცი გურიელი, ის მიმზიდველი და ეფექტური იქნება. ამ დროისთვის ბაზარზე 50-მდე სახეობა გვაქვს გამოტანილი და ყველა სეგმენტს მოვიცავთ“, – ამბობს ვლადიმერ მესხი.

„გურიელი“ აქტიურად არის წარმოდგენილი საექსპორტო ბაზრებზეც, მათ შორის, ევროპის ყველა ქვეყანაში, შუა აზიის ბაზარზე და სხვა.

Share