Home » ბლოგი » კომერციული ბანკების 2017 წლის ანატომია
კომერციული ბანკების 2017 წლის ანატომია

კომერციული ბანკების 2017 წლის ანატომია

საქართველოს საბანკო სექტორი წლიდან წლამდე ვითარდება. თუ 2008 წელს საქართველოში 21 კომერციული ბანკი ოპერირებდა, დღეის მდგომარეობით საქართველოში 16 ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებაა. ბანკების რაოდენობა გაერთიანებების შედეგად შემცირდა, შედარებით სუსტი კომერციული ბანკები „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ შეისყიდა.

,,თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკას“ აქციები იყიდა. თიბისი ჯგუფმა  და ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თიბისი ბანკმა “ბანკი რესპუბლიკის” აქციების 93.64 %-ს  315 მილიონ ლარად შეიძენა. გაერთიანება დასრულდა 2017 წლის 6 მაისს, ხოლო იურიდიულად 8 მაისს.ეს ტრანზაქცია უდიდესია ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე.

„საქართველოს ბანკმა“ „პროკრედიტ ბანკის“ მცირე ბიზნესის პორტფელი იყიდა. „საქართველოს ბანკმა“ „პროკრედიტ ბანკის“ მიკრო და მცირე ბიზნესის 45 მილიონიანი პორტფელი იყიდა, რაც მთლიანი პორტფელის 12%-ს შეადგენს. გარიგების შედეგად „საქართველოს ბანკის“ პორტფელი, დაახლოებით, 120 მლნ ლარით, ხოლო კლიენტების რაოდენობა 2400-ით გაიზრდა.

დაანონსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი მიმდინარე წელს ბაზარს დატოვებს. მიზეზად საერთაშორისო ბაზრებზე დიდი ოდენობით ვალი სახელდება. „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ ვალი საერთაშორისო ბაზრებზე 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბაზრიდან გასვლის შემდეგ, საქართველოში 15 ბანკი დარჩება.

გარდა ამისა, საბანკო და საფინანსო წრეებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  „ქართუ ბანკს“ „ლიბერთი ბანკი“ ყიდულობს. „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა ორი ბანკის შერწყმასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს, ხოლო „ლიბერთი ბანკის“ და „ქართუ ბანკის“ გაერთიანებას არ ადასტურებენ „ლიბერთი ბანკში“. თუ ეს გარიგებაც შედგა, საქართველოს საბანკო სექტორი ბაზარზ 14 კომერციული ბანკით იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში „ლიბერთი ბანკის“ 74.64%-ის მფლობელი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია European Financial Group B.V(EFG) გახდა. ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

რაც შეეხება საბანკო სექტორის წმინდა მოგებას, ბოლო წლების ტენდენციების მიხედვით, ქართული საბანკო სექტორი ყოველწლიურად რეკორდულ მოგებაზე გადის. 2016 წელს ბანკებმა 631 815 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, 2015 წელს – 537 394 000 ლარის. 2014 წელს – 474 808 000 ლარის მოგებით დაასრულეს, 2013 წელი – 389 132 000 ლარით, 2012 წელი -134 231 000 ლარით და ა. შ.

როგორც ვხედავთ, წინა წლებთან შედარებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება ყოველ მომდევნო წელს მატულობს. ზოგადად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების ბოლო განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია.

საბანკო სექტორის მოგების მაჩვენებლით გამონაკლისი არც მიმდინარე – 2017 წელია. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წელს 9 თვეში კომერციულმა ბანკებმა 631 815 000 ლარის მოგება მიითვალეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 30,4%-ით აღემატება. ასეთი მაღალი მოგება კომერციულ ბანკებს იანვარ-სექტემბერში არასდროს არ მიუღიათ. შედარებისთვის, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების მოგება იყო – 484 277 000 ლარი, 2015 წელს – 377 077 000 ლარი, ხოლო 2014-ში – 303 710 000 ლარი.

ზრდის ტრენდი გაგრძელდა ნოემბერშიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ  48 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 13.7 მილიონი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

იანვარ-ნოემბერში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ  717 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 150 მილიონი ლარით, ანუ 26.5%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კომერციულ ბანკები არიან კომერციული სტრუქტურები და, რა თქმა უნდა, მუშაობენ იმისათვის, რომ შემოსავალმა გადააჭარბოს მათ ხარჯს. საამისოდ მათ რამდენიმე არხი გააჩნიათ, როგორც სესხების გაცემის, ასევე ღია ბაზარზე ოპერაციების თვალსაზრისით.

2017 წლის 11 თვის მონაცემებით, ანუ მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავალმა 247 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავალმა 202 მილონი ლარი შედაგინა, ანუ 2017 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საპროცენტო შემოსავლები 18%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, ჯამში კი 2016 წელს კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავალმა 227 მილიონ 440 ათასი ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც საექსპერტო წრეში ხშირად აცხადებენ, კომერციული ბანკები ბიზნესს ნაკლებად აკრედიტებენ და ისინი ძირითადად სამომხმარებლო სესხებს გაცემენ. გადავხედოთ მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში კომერციული ბანკების მხრიდან ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტების ტენდენციას.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, კომერციულმა ბანკებმა ფიზიკურ პირებზე 142 მილიონ 894 ათასი ლარი გასცეს, მაშინ როდესაც იურიდიულ პირებზე იანვარ-ნოემბერში ჯამში 75 მილიონ 207 ათასი ლარია გაცემული. იანვარ-ნოემბერში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ითაა გაზრდილი, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4,85%-ითაა გაზრდილი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება საკომისიოებიდან მიღებულ შემოსავლებს, კომერციულმა ბანკებმა მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 31 მილიონი ლარი გამოიმუშავეს, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 25 მილიონი ლარი მიიღეს იგივე მომსახურებიდან. ამ მიმართულებით 19%-იანი ზრდაა. ცნობისთვის, ჯამში 2016 წელს კომერციულმა ბანკებმა 38 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს საკომისიოებიდან.

რაც შეეხება ყველაზე მომგებიანი ბანკების რეიტინგს, ეროვნული ბანკის მონაცემებით ბანკების მოგება წლის მესამე კვარტალში შემდეგი იყო:

საქართველოს ბანკი – 286 710 388 ლარი; თიბისი ბანკი – 213 511 033 ლარი; ლიბერთი ბანკი – 34 537 504 ლარი; ვითიბი ბანკი ჯორჯია – 15 759 720 ლარი; პროკრედიტ ბანკი – 13 712 683 ლარი; ქართუ ბანკი – 11 776 017 ლარი; ტერაბანკი – 10 670 224 ლარი; კრედო ბანკი – 10 154 535 ლარი; ხალიკ ბანკი საქართველო – 9 206 411 ლარი; პაშა ბანკი საქართველო – 4 126 190 ლარი; იშ ბანკი საქართველო – 2 612 263 ლარი; ფინკა ბანკი საქართველო – 1 330 280 ლარი; ზირაათ ბანკი საქართველო – 828 465 ლარი; აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო – 41 107 ლარი; სილქ როუდ ბანკი – -338 827 ლარი.

ხოლო პირველი დეკემბრის მონაცემებით, 16-დან 15 ბანკი მოგებაზეა და 90%  5 ბანკზე მოდის.

ყველაზე მეტი მოგება კვლავ საქართველოს ბანკს აქვს, შარშან „თიბისი ბანკს“ ჰქონდა. ფრჩხილებში მოცემულია მიმდინარე წლის პირველი დეკემბრის ანალოგიური პერიოდი, 2016 წლის პირველი დეკემბერი.

საქართველოს ბანკი 327.08 მილიონი ლარი (188.9), თიბისი ბანკი 238.04 მილიონი ლარი (192.7), ლიბერთი ბანკი  44.7 მილიონი ლარი (31.9), ვითიბი ბანკი 18.56 მილიონი ლარი (17.8), პროკრედიტ ბანკი 16.55 მილიონი ლარი (19.5),  ბაზის ბანკი 16.07 მილიონი ლარი(20.2).

მაღალი მოგების მიუხედავად, საბანკო სექტორი ბიუჯეტში არცთუ დიდ ფულს იხდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან ყველა კომერციულმა ბანკმა ერთად ბიუჯეტში 79 317 მილიონი ლარი შეიტანა, 2015-ში – 67 252 მილიონი ლარი, 2014-ში – 79 894 მილიონი ლარი, 2013 წელს კომერციული ბანკების მოგების გადასახადმა მხოლოდ 44 534 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის 9 თვეში კი ბანკებმა 65 122 მილიონი ლარი გადაიხადეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა 2017 წლის 3 მაისის ბრძანებით, კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა თითქმის გაასამმაგა და დაწესებული 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაზარდა.

ახალი ბრძანების თანახმად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 50 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share