Home » ახალი ამბები » კრიმინალური პოლიციის რეფორმირება იგეგმება
კრიმინალური პოლიციის რეფორმირება იგეგმება

კრიმინალური პოლიციის რეფორმირება იგეგმება

კრიმინალური პოლიცია, როგორც ძირითადი ხერხემალი სამართალდამცავი სტრუქტურის, უნდა იყოს უფრო ეფექტური, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მინისტრის თქმით, სტრუქტურული რეფორმები სწორედ კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.

„სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს და ჩვენ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრეთ. ამიტომ იმ სახით, რითაც დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან ამ თემაში – სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანებია“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე განცხადებით, „კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა უნდა განხორციელდეს იმ მიზნებიდან, გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს“.

„ეს პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურის ძირითადი ხერხემალი, უნდა იყოს უფრო ეფექტური და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უფრო დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. ეს არის ძირითადი ამოცანა კრიმინალურ პოლიციაში იმ სტრუქტურული რეფორმების, რომელსაც ჩვენ დავგეგმავთ და განვახორციელებთ“, – განაცხადა გახარიამ.

Share