Home » ახალი ამბები » კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა
კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა

კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის მიმწოდებელი ობიექტების პერსონალს ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტრენინგები კურორტზე სერვისის გაუმჯობესებისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის მიზნით გამართა.

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა, როგორებიცაა სტუმართმასპინძლობის ზოგადი პრინციპები, ტურისტის უსაფრთხოება, მასტერკალასებისა და ექსკურსიების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტების და შეთავაზების დამუშავება. ტრენინგის მონაწილე საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და კურორტ „გოდერძი’-ს განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ასევე, გააცნეს მომსახურების ძირითადი წესები და სტანდარტები, ტურისტების ტიპები და მახასიათებლები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ჰიგიენური ნორმები და საოჯახო სახლების დასუფთავება-დალაგების სტანდარტების სპეციფიკა.

„ძალიან ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები გამოვიდა. კურორტზე არსებული კვებისა და განთავსების ობიექტების პერსონალი აქტიურად ჩაერთო სწავლების პროცესში. ისინი მოტივირებულები არიან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ, რაც ტურისტებისთვის კურორტზე დასვენებას უფრო კომფორტულს გახდის. შემდეგი წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში უფრო ინტენსიურ ტრენინგებს გეგმავს აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,“ აღნიშნა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

 

 

Share