Home » ბიზნესი » “სავალდებულო დაზღვევების არსებობის შემთხვევაში ბაზრის მოცულობა 50-%-ით გაიზრდება”
"სავალდებულო დაზღვევების არსებობის შემთხვევაში ბაზრის მოცულობა, არსებულთან შედარებით, 50-%-ით გაიზრდება"

“სავალდებულო დაზღვევების არსებობის შემთხვევაში ბაზრის მოცულობა 50-%-ით გაიზრდება”

,,სადაზღვევო პროდუქტები და მათი მიწოდების არხები საკმარისად თანამედროვე და მოქნილი არ არის, თუმცა სადაზღვევო სექტორს დიდი პოტენციალი აქვს”

წლებია საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბიზნესსექტორად მიიჩნევა. მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორი განვითარდება და მოსახლეობაშიც დაზღვევის კულტურა ამაღლდება. თუმცა, საუბარი საუბრად რჩება, რეალობა გაცილებით სხვაგვარია და  მოზიდული პრემიების მიხედვით საქართველოს სადაზღვევო სექტორი მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების ბოლო რიგებშია.

როგორ უნდა მოხდეს სადაზღვევო სექტორის განვითარება, რამდენად მნიშვნელოვანია სავალდებულო დაზღვევების არსებობა, რა საკითხში სჭირდებათ ბაზრის მოთამაშეებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს” ,,თიბისი დაზღვევის” გენერალური დირექტორის მოადგილე დავით კიღურაძე ესაუბრა.

– “თიბისი დაზღვევა” დაახლოებით 1 წელია რაც ბაზარზე გამოჩნდა, რატომ გადაწყვიტეთ სადაზღვევო სექტორში შესვლა, რაზე გააკეთებს კომპანია მთავარ აქცენტს და როგორია თქვენი სამომავლო მიზნები?

სადაზღვევო ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება “თიბისი ჯგუფმა” ფინანსური მომსახურების დივერსიფიკაციისა და მრავალფეროვანი შეთავაზების სტრატეგიიდან გამომდინარე მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ  “თიბისი” ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს, ჩვენი მიზანია სწორედ საბანკო და საფინანსო მიმართულებით გაძლიერება. “თიბისის” სადაზღვევო სექტორში შესვლამდე რამოდენიმე შვილობილი კომპანია უკვე ჰყავდა, მათ შორის, სალიზინგო “თიბისი ლიზინგი” და საბროკერო “თიბისი კაპიტალი”, “თიბისი დაზღვევაც”, როგორც ფინანსური მომსახურების ერთ-ერთი მიმართულება ამ სტრატეგიაში ჯდება.

გარდა ამისა, სადაზღვევო ბაზარს საქართველოში მზარდი დინამიკა აქვს. ჩვენი მიზანია დაზღვევა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ და ამას ციფრული არხების განვითარებით ვცდილობთ. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მომხმარებელს უკვე ბევრი სიახლე შევთავაზეთ, განვახორციელეთ და მომავალშიც ვგეგმავთ ინოვაციური სისტემებისა და პლატფორმების დანერგვას, რადგან დღეს სადაზღვევო ბიზნესში ტექნოლოგიური მხარე მნიშვნელოვნად არ არის განვითარებული. ჩვენი მიზნები საკმაოდ ამბიციურია და ვფიქრობთ, მათი მიღწევისთვის საკმარის მენეჯერული და ტექნოლოგიური რესურსებსაც ვფლობთ.

– უკვე წლებია სადაზღვევო სექტორი, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ ითვლება საქართველოში, მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ სექტორს განვითარების უდიდესი რესურსი აქვს, თუმცა საუბარი საუბრად რჩება და რეალურად განვითარება არ ჩანს. რა არის მთავარი პრობლემა, დაზღვევის დაბალი კულტურა მოქალაქეებში, თუ კომპანიები ვერ სთავაზობენ ისეთ მომსახურებას მოქალაქეებს, რომ მოხდეს მათი რეალური დაინტერესება?

– ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში სადაზღვევო სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა, დიდწილად სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით. მომხმარებელი დღეს უკვე საკმაოდ კარგად არის გათვიცნობიერებული ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტში, გამომდინარე იქედან, რომ ეს პროდუქტი უფრო ფართო მასშტაბით მოიხმარება და მისი მოხმარების და ცნობადობის ზრდას სახელმწიოფოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამამაც შეუწყო ხელი. თუმცა, ამასთან ერთად, არის ზრდა სხვადასხვა საცალო პროდუქტების ცნობადობა არასამედიცინო დაზღევის მიმართულებით, როგორებიც არის ავტომობილის, სამოგზაურო, თუ  ქონების დაზღვევა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, პენეტრაცია ჯერ კიდევ დაბალია. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ, არის ის, რომ სადაზღვევო პროდუქტები და მათი მიწოდების არხები საკმარისად თანამედროვე და მოქნილი არ არის.

,,თიბისი დაზღვევა” ბაზარზე შემოსვლის დღიდან სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს და ჩვენ აქტიურად ვავითარებთ სადაზღვევო პროდუქტებს და მათი მიწოდების არხებს. ჩვენ უკვე შევქმენით საქართველოში, პირველი დაზღვევის ჩატბოტი, რომლის დახმარებით მომხმარებელს პირდაპირ ფაცებოოკ მესენჯერის დახმარებით შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა დაზღვევის პროდუქტები, ასევე ავტოდაზღვევის შეძენა უკვე პირდაპირ ჩვენი ვებგვერდიდან (ონლინე.ტბცინსურანცე.გე) არის შესაძლებელი. გარდა ამისა, შევქმენით რამოდენიმე ახალი პროდუქტი, მათ შორის, მარტივი ავტოდაზღვევა D1 და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს. ქართული ბაზარი მიიღებს სრულიად განახლებული სახის დისტანციური სადაზღვევო მომსახურების სრულ პაკეტს და ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით იქნება ინოვაცია. მობილური აპლიკაციებით დაწყებული, ციფრული ტექნოლოგიებით დამთავრებული – პოლისის შეძენიდან თანხის ანაზღაურების პროცესების ჩათვლით. მიზანი ერთია: მარტივი, ადეკვატური და ეფექტიანი დისტანციური დაზღვევის შექმნა. მინდა გითხრათ, რომ ახლაც ავტოდაზღვევის ნაწილში “თიბისი დაზღვევას” ბაზარზე უკვე ლიდერი პოზიციები უკავია. სულ მალე ჩვენი პოზიციები ასევე გამყარდება მოქალაქეების ქონების დაზღვევის, სამოგზაურო და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებითაც.

– მოზიდული პრემიების მიხედვით სადაზღვევო სექტორი მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების ბოლო რიგებშია, თუკი განვითარებულ ქვეყნებში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემია მთლიანი შიდა  პროდუქტის 8,15%-ია, განვითარებად ქვეყნებში კი 2,71% – საქართველოს 2016 წელს სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ 393 მლნ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 1,16 პროცენტია – რა განაპირობებს მსგავს სიტუაციას ქვეყანაში?

სადაზღვევო პროდუქტების პენეტრაციის კუთხით მნიშვნელოვან სხვაობას საქართველოსა და სხვა განვითარებად ქვეყნებს შორის ამ ეტაპზე განაპირობებს ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სავალდებულო დაზღვევების პრაქტიკა, რაც გავრცელებული სხვა ქვეყნებში. საქართველოში სახელმწიოფოს მხრიდან  სავალდებულო დაზღვევა არ მოითხოვება არც ერთი მიმართულებით, იქნება ეს ავტოპასუხისმგებლობა, ქონება თუ პროფესიული პასუხისმგებლობა. სავალდებულო დაზღვევების არსებობის შემთხვევაში ბაზრის მოცულობა არსებულთან შედარებით დაახლოებით 50-%-იან ზრდას განაპირობებდა.

–  სავალდებულო დაზღვევები და მათი მნიშვნელობა – ამ მიმართულებით სპეციალისტების და ეკონომისტების აზრი ორ ნაწილად იყოფა, ერთი მხარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია სავალდებულო დაზღვევების არსებობა და მეორე მხარე კი თვლის, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს არ უნდა აიძულოს დაზღვევა, თუკი მათ ეს არ სურთ – თქვენ რა შეფასებას გააკეთებდით სავალდებულო დაზღვევების მნიშვნელობაზე ქვეყანაში?

მეც ვთვლი, რომ სავალდებულო დაზღვევა ყველა მიმართულებით ნამდვილად არ არის საჭირო, თუმცა, არსებობს კონკრეტული მიმართულებები, სადაც მწვავე უარყოფითი შედეგების პრევენციისთვის აუცილებელი ხდება სადაზღვევო პროდუქტზე სავალდებულოდ მინიმალური დაფარვით დაზღვევის შეძენა, მაგალითად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მაღალია სხვისი ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების რისკი.ერთი მხრივ, სავალდებულო დაზღვევის გააქტიურება შეიცავს სოციალური პასუხისმგებლობის ელემენტებს, რადგან საზოგადოების კონფლიქტების პოტენციური რისკის შემცირება ხდება, რომელიც ძირითადად გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევების, ჯანმრთელობის გაუარესების და ან ქონების დაზიანების გამო. სავალდებულო მინიმალური დაზღვევის არსებობის შემთვევაში, სხვადასხვა ზარალის დროს, მქონე ადამიანები დაცული არიან პოტენციურად დამატებითი ვალდებულებების აღებისაგან.

მეორე მხრივ, სავალდებულო დაზღვევა მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს ადგილებთან სადაც კონცენტრირებულია სხვადასხვა მცირე ბიზნესები, მაგალითად, ბაზრობის ტერიტორიები. როგორც წესი, ბიზნესი უნდა იყოს პასუხისმგებელი, მის საკუთრებაზე ასევე შემდგომ დანახარჯებზე, თუმცა მცირე ბიზნესის მფლობელები ხშირად წინასწარ რისკებზე არ ფიქრობენ და უბედური შემთხვევისას ვალდებულების სახელმწიფოზე დაკისრება ხდება. განვითარებულ ქვეყნებში დანერგილია და საკმაოდ კარგად მუშაობს სავალდებულო დაზღვევის პრაქტიკა, რომელიც ორივე დაზარალებული მხარისთვის ზიანის ანაზღაურებას და პრობლემის მოგვარებას არეგულირებს, მეორე მხრივ, სახელმწიფოს უმცირებს პოტენციურ ხარჯს, რომელიც შესაძლოა მიადგეს მას სხვადასხვა ტიპის ზარალის შედეგად.  

მაგალითისთვის, შემიძლია მოვიყვანო, ელიავას ბაზრობაზე მომხდარი საკმაოდ დიდი ხანძარი, რომლის შედეგად ბიზნესის მეპატრონეებს მიადგათ საკმაოდ დიდი ზარალი. მათგან განსხვავებით, ერთ-ერთ დაზარალებულს, რომელსაც ჩვენთან დაზღვეული ჰქონდა, როგორც ქონება ასევე ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტა, მიყენებული ზარალი მაქსიმალურად აუნაზღაურდა.

– და ბოლოს, რა პრობლემები აქვთ ბაზრის მოთამაშეებს, რა საკითხში სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და გარდა სავალდებულო დაზღვევისა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სადაზღვევო სექტორი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს?

საბანკო სისტემასთან შედარებით, სადაზღვევო ბიზნესი არ არის სრულყოფილად გამყარებული საკანონმდებლო ბაზითთუმცა, როგორც ვიცი, არაერთი საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივაა მზად სადაზღვევო სფეროს ეფექტიანი რეგულირების უზრუნველსაყოფად და სავალდებულო დაზღვევის უზრუნველსაყოფადაც. სადაზღვევო კომპანიების ლიცენზირებით დაწყებული, ნორმატივების რეგულირებით დამთავრებული, ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს – სადაზღვევო პროდუქტებით მოსარგებლე იურიდიული თუ ფიზიკური პირები დაცული იყვნენ არასასურველი რისკებისგან. რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევას, ჩემი ინფორმაციით, მომავალ წელს ავტომობილებისა და მშენებლობების დაზღვევის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში. როდესაც სახელმწიფო ფიქრობს დაზღვევის სავალდებულო მოთხოვნაზე, ალბათ, ცვლილებებისთვის აუცილებელი გარემო უკვე მომწიფებულია.  ამ მხრივ, ვფიქრობ, განვითარებული ქვეყნები  სამაგალითოები უნდა იყვნენ ჩვენთვის.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share