Home » ეკონომიკა » “ონლაინ თამაშების შეზღუდვით, თანხები რაც ამ სივრცეში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და რეალურ ინვესტიციებად დაკონვერტირდება”
"ონლაინ თამაშების შეზღუდვით, თანხები რაც ამ სივრცეში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და რეალურ ინვესტიციებად დაკონვერტირდება"

“ონლაინ თამაშების შეზღუდვით, თანხები რაც ამ სივრცეში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და რეალურ ინვესტიციებად დაკონვერტირდება”

სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. აღსანიშნავია ,რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა და, პრაქტიკულად, ყველა მსურველს პირადი კაზინოს მოწყობა სახლში შეუძლია. შესაბამისად, აზარტული თამაშებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ნეგატიური ეფექტები საკმაოდ ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ისმის საუბრები რომ აღნიშნული სფერო გარკვეულწილად მოწესრიგებას საჭიროებს. შესაბამისად ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ონლაინ აზარტული თამაშებისთვის რეგულაციებს ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, ერთ-ერთი ცვლიება იქნება ის, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აწარმოებს. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პიროვნებას შეეძლება, რომ მონაცემების რეესტრში თავად დარეგისტრირდეს. ასევე, მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა. სიაში მყოფი პირების სათამაშოდ დაშვების ორგანიზატორები 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ეკონომისტის, ანდრია გვიდიანის თქმით, ქართულ რეალობაში ახალი ინიციატივა ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული მექანიზმები სწორად განხორციელდება.

“მსგავსი სიის შემოღების ინიციატივას მივესალმები. აფბას რეკომენდაციებში, რომლებიც აზარტული თამაშების შესახებ გამოვაქვეყნეთ, ერთ-ერთი ინიციატივა სწორედ ეს იყო. ეს არის თვითაკრძალვის ერთ-ერთი მექანიზმი. ამ სენით ძალიან ბევრი ადამიანია დაავადებული და მათთვის მისაღებია, რომ საკუთარ თავს თამაში აუკრძალონ. მართალია, ისინი თამაშს ვეღარ მოახერხებენ. როგორც ვიცი, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი მოდელი აქვს შექმნილი. ქართულ რეალობაში ამ მექანიზმების გადმოღება თუ სწორად მოხდა, გაამართლებს”, – განმარტავს გვიდიანი.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში სათამაშო სფეროში ე. წ. შავი სიის არსებობა აპრობირებულია: “ასეთი გამოცდილება არის ევროპის ქვეყნებში, სადაც ონლაინ სივრცეში მოთამაშეს, თავად შეუძლია შეწყვიტოს წვდომა ონლაინსივრცესთან და ასევე, ოჯახის წევრებსაც აქვთ უფლება, აუკრძალონ მათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. შესაძლოა, კონკრეტულმა მოთამაშემ ონლაინ სივრცეში ახალი იუზერი შექმნას და ისე ითამაშოს. ეს როგორ გაკონტროლდება არ ვიცი, მაგრამ, ყოველშემთხვევაში ამკრძალავი მექანიზმის არსებობა აუცილებელია”.

რაც შეეხება ზოგადად აზარტული თამაშების სფეროს რეგულაციებს, რომელსაც `ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ~ კანონპროექტი ითვალისწინებს და რომელიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული, ამ ეტაზე უცნობია კონკრეტულად ონლაინ თამაშების აკრძალვა მოხდება თუ რეგულაციეი დაწესდება. ანდრია გვიდიანის შეფასებით, არა სრული აკრძალვა, არამედ რეგულაციების შემოღებაა საჭირო.

`ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც ონლაინ სათამაშო სივრცეში არასრულწლოვნების ჩართულობის რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. ასევე, გამჭვირვალე უნდა იყოს ის ტრანსფერები და თანხების მოძრაობა, რომელიც ტრიალებს აზარტულ თამაშებში. არსებობს ფულის გათეთრების რისკები, რასაც გაეროს შესაბამის კვლევაც ადასტურებს. ონლაინ სივრცეში მოთამაშეთა იდენტიფიცირების საკითხები უკონტროლოა. ამასთან, ფინანსთა სამინისტრომ აღიარა, რომ ამ სივრცის კონტროლის მექანიზმი არ გააჩნია. სრულად უნდა მოხდეს იდეტიფიცირება, თუ ვინ არის აზარტულ თამაშებში ჩართული. დღეს ნებისმიერი თერთმეტნიშნა კოდით დარეგისტრირება ყველას შეუძლია და შესაძლებელია, ნებისმიერ ადამიანთან წააგოს, საზღვარგარეთიდან შემოვიდეს თანხა, რომლის მიზნობრიობა დაუდგენელია”, – აცხადებს “აფბას” ეკონომისტი.

ანდრია გვიდიანი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებმა ეს ეტაპი უკვე გაიარეს და მაღალი რისკის გამო,რეგულაციები შემოიღეს: “ბევრ ქვეყანაში აზარტული თამაშების რეგულაცია მოხდა. ზოგიერთ ქვეყანაში კი ონლაინ სათამაშო სივრცეები სერთოდ აიკრძალა. მიუღებელია ჩემთვის ის პოზიცია, როდესაც ადამიანები გამოდიან და აზარტულ სივრცეში რეგულაციეის შემოღებას არ იზიარებენ. მით უმეტეს, ეს გზა უკვე ბევრმა ქვეყანამ გაიარა”.

რაც შეეხება გარკვეულ ექსპერტთა მოსაზრებას, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ონლაინ თამაშების სრული აკრძალვა ეკონომიკაში უარყოფით ეფექტს მოახდენს, გვიდიანის თქმით, ეს შეხედულება არასწორია.

“ონლაინ თამაშების სივრცე თუ შეიზღუდა, ის თანხები, რაც ამ სივრცეში ბრუნავდა, ეროვნულ დანაზოგებისკენ გადაინაცვლებს და შემდგომ საბანკო სექტორის მეშვეობით ინვესტიციებად დაკონვერტირდება. ეკონომიკა ბევრს არაფერს დაკარგავს, მაგრამ სრული აკრძალვა საქართველოდან თანხების გადინებას გამოიწვევს და უცხოურ სერვერებზე თამაშის კოეფიციენტი გაიზრდება. ეს იქნება მხოლოდ დანაკარგი. დანარჩენი თანხები ეკონომიკაში დარჩება. ზოგჯერ არასწორად ესმით ექსპერტებს და ამბობენ, რომ ონლაინ სათამაშო სივრცის შეზღუდვით ეკონომიკას ამ სფეროს დივიდენდები მთლიანად დაკლდება. ამას არ ვეთანხმები”, – აღნიშნავს ანდრია გვიდიანი.

აფბას ეკონომისტის თქმით, ონლაინ აზარტული თამაშები შეიცავს კონკრეტულ რისკებს ფულის გათეთრების მიმართულებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე ყურადღების გამახვილება.

“ონლაინ თამაშებსა და ფულის გათეთრებას შორის კორელაცია საკმაოდ მაღალია, რაც გამომდინარეობს იქედან, რომ სისტემა ორგანიზებული პროცედურების გვერდის ავლით, გარკვეული თანხების სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილების საშუალებას იძლევა. ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, ონლაინ თამაშები არის ფულის გათეთრების იდეალური საშუალება. მაღალი სისწრაფის ინტერნეტ და მისი წვდომა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ამ ყველაფერს კიდევ უფრო მარტივს და რეალურს ხდის.

გარდა ამისა, მსოფლიო გამოცდილებებს, რომ ონლაინ აზარტული თამაშების პლატფორმა ხშირ შემთხვევაში ხდება ნარკოდანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორი. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მტკიცდება, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის და სხვა უკანონო ქმედებების განხორციელების მიზნით, ანაზღაურების საშუალებას სწორედ ონლაინ სივრცეში მოქმედი აზარტული თამაშების სისტემა წარმოადგენს. რამდენადაც, აღნიშნული მეთოდი არის ერთი მხრივ კომფორტული შავი ფულის გაცვლის თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ ასეთი პლატფორმები პირის იდენტიფიცირების გარეშე ფულის გაცვლის საშუალებას იძლევა. ცხადია, აღნიშნული ფაქტორი ხელს უწყობს ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას და, შესაბამისდ, აღნიშნული ფაქტორი ბევრ ქვეყანაში ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიების მაქსიმალურად შეზღუდვის ან აკრძალვის საფუძველი გახდა”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ნათია ვაშაკიძე

Share