Home » ბიზნესი » საქართველოში წარმოებული ვირის რძე, შესაძლოა ექსპორტზე გავიდეს
საქართველოში წარმოებული ვირის რძე, შესაძლოა ექსპორტზე გავიდეს

საქართველოში წარმოებული ვირის რძე, შესაძლოა ექსპორტზე გავიდეს

ქართულ ბაზარზე თემურ ლომიძის მიერ დაფუძნებული ვირების პირველი ფერმა გამოჩნდა, სახელად – “სახე-დარის”. ფერმაში ვირის რძესა და ვირის ყველს აწარმოებენ.

ფერმის დამაარსებლის, თემურ ლომიძის განცხადებით, რომლის ფერმა განვითარების საწყის ეტაპზეა, წარმადობის გაფართოებასთან ერთად ექსპორტზე გატანაც აქვს სამომავლო პერსპექტივაში.

თუ სად არის ამ რძის შეძენა შესაძლებელი, როგორია მისი ფასი და რა პერსპექტივა აქვს აღნიშნულ ფერმას, ამასთან დაკავშირებით თემურ ლომიძემ გადაცემაში – “საქმის კურსი” ისაუბრა.

“ჩვენი რძის შეძენა შეგიძლიათ სოფელ გამარჯვებაში. საგზაო ნიშანია დამონტაჟებული გზაზე, სადაც “ვირლანდია” აწერია და ჩვენს კოოპერატივსაც “ვირლანდია ქვია”. გვაქვს შემოთავაზება ევროპიდან, რომ ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, თუმცა ძალიან დიდ რაოდენობას ითხოვენ. ჩვენ ამის საშუალება ჯერ არ გაგავაჩნია. წარმადობა გვაქვს ძალიან კარგი, დღეში დაახლოებით 5 ლიტრზე ვართ გასული. თუ ევროპის რომელიმე ქარხანას დაუდებ ხელშეკრულებას, იქ სჭირდებათ, ალბათ, 20 ლიტრი მაინც დღიური წარმადობა. ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ გვაქვს და ექსპორტზე არ გასვლის ძირითადი მიზეზიც ეს არის. გვქონდა საუბარი ეკონომიკის სამინისტროსთან. სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეგვპირდა, რომ ექსპორტზე გატანის ლიცენზიას გაგვიკეთებდა. რძის ხარისხის პრობლემაც არ დგას, უბრალოდ საუბარია რაოდენობაზე”, – აცხადებს თემურ ლომიძე.

ფერმერს რძის პარალელურად ფერმაში ყველიც მოჰყავს.

“პარალელურად, დავიწყეთ ყველის წარმოებაც, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. 1 კგ ყვლის ამოსაყვანად გვჭირდება 20-25 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი რძის ღირებულება საქართველოში 60 ლარია, ხოლო ევროპაში ეს არის 60 ევრო. ყველის ღირებულება, დაახლოებით 1500 ლარამდე გამოდის.

რაც შეეხება იმას, თუ რისთვის გამოიყენება ვირის რძე და რა დადებითი თვისებები გააჩნია მას, ფერმერის განცხადებით, ვირის რძეს, ბაქტერია როგორც ასეთი არ აქვს და ის როგორც სამედიცინო მიზნით, ასევე კოსმეტიკური პრეპარატების დასამზადებლად გამოიყენება.

“აბსოლუტურად არ ჰგავს ეს არც ძროხის და არც თხის რძეს. ვირის რძეს, ბაქტერია როგორც ასეთი არ აქვს, ანუ მოდუღებაც არ სჭირდება. ის რომ ცხმიანობა აქვს დაბალი, ამის ხარჯზე ასევე გააჩნია უამრავი დადებითი თვისება. ძლებს 5-დან 7 დღემდე, მაცივარში პლიუს 2 გრადუსზე, ხოლო 5-7 დღიანი ინტერვალის გასვლის შემდგომ აქედან ყველს ვიღებთ. საზღვარგარეთ კი ვირის რძისგან სამედიცინო და კოსმეტიკურ პრეპარატებს კლეოპატრას დროიდან ამზადებენ. ვირის რძეში არის ლაქტოზა, რომელიც კანის დაბერებას უშლის ხელს. ვირის რძეს ცე ვიტამინი და კალცი აქვს ძალიან მაღალი შემცველობით, რაც ბავშვების იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. იტალიაში არის ფერმები, რომელიც პირდაპირ არის მიბმული საბავშვო ბაღებთან და დილით ყველა ბავშვს 60 გრამ რძეს ასმევენ. ვირის რძე ყველაზე ახლოს დგას დედის რძესთან. ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ბავშვის საკვებს ამ რძისგან ამზადებენ. საქართველოში თუ ეს მოთხოვნა არ გავაჩინეთ, ევროპას ვერასდროს გავუთანაბრდებით. იქ სუპერმარკეტში იყიდება ეს რძე, აქ რომ მარკეტში შევიტანო, ინფორმირებულობის დაბალი დონის გამო, ხალხი ვერ გაიგებს მის დანიშნულებას, ასევე ფასიც მაღალია.” – აცხადებს ლომიძე.

პროექტი დაფინანსებულია “აწარმოე საქართველოშის” ფარგლებში.

სანდრო პირველი

Share