Home » ბლოგი » ოფშორული ზონების მსოფლიო და ქართული შუქ-ჩრდილები
ოფშორული ზონების მსოფლიო და ქართული შუქ-ჩრდილები

ოფშორული ზონების მსოფლიო და ქართული შუქ-ჩრდილები

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები, ოფშორულ ზონებში დაახლოებით 8 ტრილიონ ევროს მალავდნენ
ყოველწლიურად ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ოფშორულ ზონებში 600 მილიარდამდე ევრო გადააქვთ

თანამედროვე მსოფლიოში არ წყდება აურზაური ოფშორული ზონებისა და მასთან დაკავშირებული პირების ან კომპანიების თაობაზე. არადა,საზოგადოების გათვითცნობიერების ხარისხი უკიდურესად დაბალია. სწორედ ამიტომ, თუ რა არის ოფშორული ზონა, არის თუ არა ის კანონიერი და რომელი ქართული პირები არიან მასთან დაკავშირებული,  საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს.

რა არის ოფშორული ზონა?

ოფშორული ზონა- ეს არის საელმწიფო ან მისი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც არარეზიდენტი კომპანიებისთვის განისაზღვრება რეგისტრაციის და საქმიანობის სპეციალური რეჟიმი. ოფშორული კომპანიის დარეგისტრირება შესაძლებელია ბევრ იურისდიქციაში. ოფშორული იურისდიქცია შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

კუნძულოვანი ოფშორები– კარიბის ზღვის, წყნარი ოკეანის და ინდოეთის ოკეანის პატარა კუნძულები. მათი მთავარი ფუნქცია: გადასახადების სრული არარსებობა, ზომიერი ფიქსირებული გადახდები, საბუღალტრო ანგარიშის დაბალი მოთხოვნები, კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხი და კომპანიის მფლობელების ანონიმურობა. თუმცა ამ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს ხშირად საეჭვო რეპუტაცია და დაბალი პრესტიჟი აქვთ.

ევროპული ტერიტორიები გამოირჩევიან ბევრად უფრო მაღალი სტატუსით. ოფშორის შენარჩუნების ღირებულებამ შესაძლოა წელიწადში ათეულ ათასობით დოლარს მიაღწიოს. ამ ქვეყნებს საგადასახადო შეღავათები აქვთ გარკვეული საქმიანობისთვის. ამ ტერიტორიებს არ შეიძლება ვუწოდოთ ოფშორული, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: იხდიან გადასახადებს, რეგულარულად ხორციელდება აუდიტი. ინფორმაცია ბიზნესის მფლობელების შესახებ ჩვეულებრივი წესით არის გაცხადებული.

ზოგიერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელშიც ფუნქციონირებს სპეციალური საგადასახადო რეჟიმი, როგორიცაა ლაბუანი მალაიზიაში.

მსოფლიოში არსებული ოფშორული ზონების არასრული სია:

ოფშორული ზონების სრული ჩამონათვალი არ არსებობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები ცდილობენ ოფშორული ზონების გაკონტროლებას.

არასრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ბარბადოსი, ბაჰამი, ბერმუდი ,ბრუნეი, ვანუატუ, გიბრალტარი, გრენადა, დომინიკა, გამბია, ბელიზი, ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, კოსტა-რიკა, ლიხტენშტეინი, მავრიკი, მალტა, მარშალის კუნძულები, მონაკო, ახალი ზელანდია, პანამა, სეიშელის კუნძულები, სინგაპური, ტრინიდადი და ტობაგო, კაიკოსის კუნძულები, არაბთა გაერთიანებული ემირატები, კუნძული მენი (ბრიტანეთი)

2004 წლის 1 მაისს, კვიპროსის რესპუბლიკის ევროკავშირში შესვლის შემდეგ და საგადასახადო რეფორმის შემდეგ, ამ რესპუბლიკის კომპანიებმა “ოფშორის” სტატუსი დაკარგეს. დღეისათვის, კვიპროსი არის დაბალი საგადასახადო იურისდიქცია კორპორატიული გადასახადით 12.5%, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი შეცდომით უწოდებს კვიპროსს ‘’ოფშორს’’.

ოფშორული ზონების არსებობის მომხრეების არგუმენტაცია

ოფშორული კომპანიების გამოყენებით ბიზნესის წარმოება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ არაერთ განვითარებულ ქვეყანაშიც საქმიანობის სრულიად კანონიერი და ნებადართული ფორმაა. ხშირშემთხვევაში ოფშორული კომპანიის საგადასახადო ტვირთი სულაც არაა ადგილობრივი კომპანიის საგადასახადო ტვირთზე ნაკლები, თავად ოფშორი კი განიხილება და გამოიყენება კომპანიის აქტივების დაცვის უფრო მყარი გარანტირებისათვის, რაც, სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ აქტუალური პრობლემააა. მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოცდილებაც იმას ადასტურებს, რომ შეუძლებელია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა იქ, სადაც ბიზნესი და ბიზნესმენი, ინვესტორი და ინვესტიცია მუდმივი ნეგატიური განწყობის, სხვადასხვა ფორმითა და მიზეზით გამოხატული პროტესტის თუ ბრალდების ობიექტი და ადრესატია. სწორედ ამიტომ, ბიზნესმენები მათი კაპიტალის უკეთ დაცვის მიზნით, მიმართავენ ოფშორულ ზონებს.

ოფშორული ზონების არსებობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტაცია

ოფშორული ზონების არსებობის მოწინააღმდეგეების არგუმენტაციის მოყვანინას შორს არ წავალთ და საქართველოს მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილის სიტყვას მოვიყვანთ, რომელიც მან ლონდონში, ანტიკორუფციულ სამიტზე ყოფნისას გააკეთა. მან დაუფარავად განაცხადა, რომ ოფშორულ ანგარიშები ხშირად გამოიყენება როგორც ნარკოტიკების, ისე იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის და უკანონო გზებით მიღებული ფულის აკუმულაციისათვის.

„ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება, როგორც ნარკოტიკების, იარაღით უკანონო ვაჭრობის, უკანონო გზებით მიღებული ფულის აკუმულაციისათვის, რაც შემდგომში გამოიყენება ტერორისტული აქტივობისთვის. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და საერთაშორისო თამეგობრობის ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნება ერთიანი სტანდარტის მიღწევა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა

ქართული კვალი ოფშორულ ზონებში

ოფშორული კომპანიების მიმართ ბოლოდროინდელი დიდი სკანდალი “პანამის დოკუმენტების” სახელითაა ცნობილი. საბუთები, რომელმაც ოფშორულ ზონებში გავლენიანი პერსონების ბიზნეს-გარიგებები გამოავლინა უკვე არაერთი საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა.

პანამის რეზონანსში საქართველოცაა წარმოდგენილი. „პანამის დოკუმენტებში“ მოხსენიებული 85 ქართველის სია საკმაოდ შთამბეჭდავია, რომელშიც როგორც ყოფილი, ასევე მოქმედ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ – არჩილ კბილაშვილი – Harrington Development Inc. (POA), დავით ასათიანი – Harrington Development Inc. (POA), ირაკლი კანდაშვილი – Harrington Development Inc. (POA), ზაზა ოქუაშვილი – Finley Trading (წილის მფლობელი), DAGMAR FINANCE GROUP INC. (მფლობელი), Velsan Trading Corp. (წილის მფლობელი), ირაკლი იაშვილი – International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი), გიორგი კაპანაძე GRENCORD CORP. (წილის მფლობელი), International Fuel Service Corp. (წილის მფლობელი),

დავით კეზერაშვილი – Arkenstone Management Limited, SOBBIA HOLDINGS CORPORATION, Future Products Company (ყოფილი მფლობელი), ბიძინა ივანიშვილი – LYNDEN MANAGEMENT LTD. (მფლობელი), რევაზ შარანგია – SILVERADO PROPERTIES INC. (მფლობელი), STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი), TECHNOS DEVELOPMENT INC. (წილის მფლობელი), ივანე ჩხარტიშვილი – GROBER COMMERCIAL CORP.; CLAREN VENTURES LTD. (წილის მფლობელი), SILVERADO PROPERTIES INC. (მფლობელი), კობა ნაყოფია – Cuento Portfoilio Corp. (POA), ხვიჩა მაქაცარია – STAMAR GLOBAL LTD. (წილის მფლობელი).

გიორგი გაჩეჩილაძე  – Garissa Ltd (მფლობელი), დავით იაკობაშვილი – შვედეთის პასპორტი) – SOBBIA HOLDINGS CORPORATION; AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD. (მფლობელი), ვასილ ბიბილაშვილი – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA), ზაზა ბიბილაშვილი – Axton Overseas Development Ltd, Davor Holding Limited (POA), ირაკლი კორძახია – ARGOTRANS LIMITED (POA), კახა დამენია – STAMAR GLOBAL LTD. (დირექტორი).

კიდევ ერთი ოფშორული „გასროლა“ Paradise Papers-ისგან

Paradise Papers-ის დოკუმენტები აჩვენებს, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები, ოფშორულ ზონებში დაახლოებით 8 ტრილიონ ევროს მალავდნენ. ამის შესახებ Sueddeutsche Zeitung-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ყოველწლიურად ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ოფშორულ ზონებში 600 მილიარდამდე ევრო გადააქვთ. თანხები გადიოდა 19 კუნძულოვანი სახელმწიფოს ოფშორებში მათ შორისაა: არუბა, ბაჰამა, დომინიკა, ვანუატუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო და სხვები.

როგორც ცნობილია ჟურნალისტებმა 13.4 მილიონი ფაილი დაამუშავეს და აღმოაჩინეს „ მაღალი თანამდებობის პირების საგადასახადო ხარვეზები და რეზონანსული საქმიანი კონტაქტები.“

Paradise Papers-ის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, უილბერ როსს ფინანსური კავშირები ქონდა კომპანიებთან, რომელიც პუტინის გარემოცვის წევრებს ეკუთვნით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული სახელმწიფო კომპანიები ВТБ-ბანკი და გაზპრომი, ფეისბუქში და ტვიტერში ახორციელებდნენ ინვესტიციას.

საერთაშორისო ჟურნალისურმა გამოძიბამ აჩვენა, რომ ოფშორული კომპანიების კლიენტები იყვნენ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები და ისეთი ტრანსნაციონალური კომპანიები, რგორიცაა Apple და Nike.

გამოძიებამ ასევე გაარკვია, რომ კანადის 4 ყოფილი პრემიერი სარგებლობდა ე.წ. ფინანსური სამოთხით, რომელიც ოფშორებშია შექმნილი. იაპონელი მინისტრები და ცნობილი მომღერალი ბონოც სარგებლობდა ამ ოფშორით.

დოკუმენტებში ფიგურირებს უკრაინის პრეზიდენტის სახელიც. ჟურნალისტების ინფორმაციით, პოროშენკოს მიერ ოფშორული კომპანიის შექმნა გადასახადების მინიმუმამდე შემცირებას ემსახურებოდა.

სანქციები ოფშორული ზონების მეტი გამჭირვალობისთვის

ოფშორული ზონების ფუნქციონირების მეტად გამჭირვალობისთვის, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა სხვადასხვა ინიციატივით გამოდის, თუმცა ოფშორული ზონების მთავარი ხიბლი, დაბალ გადასახადებთან ერთად, სწორედ კაპიტალის გარანტირებული დაცვა, რაც პირველ რიგში ფინანსური ინფორმაციის მოპოვების სირთულეში გამოიხატება, თუმცა იმ არგუმენტებს, რასაც ოფშორული ზონების არსებობის მოწინააღმდეგეები აჟღერებენ, აქვს არსებობის ლეგიტიმური უფლება და პრევენციის მიზნით, ოფშორული ზონების გარკვეულ მოდერნიზაციას მოითხოვს.

ასე მაგალითად, ერთ-ერთი წინადადება ოფშორული ზონების მოდერნიზაციასთან დაკავშირებით ამერიკელ სენატორს ეკუთვნის. “რიანოვოსტის” ინფორმაციით, ის რუსული კომპანეიბს მთავრობის მონაწილეობით ოფშორული ანგარიშებით სარგებლობის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

ჟურნალისტური კვლევების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ), რომელიც დაფინანსებულია ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ, მანამდე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ VTB- სა და გაზპრომს შორის არსებობს კომერციული საქმიანობა, რომელიც ოფშორების მეშვეობით ხორციელდება.

აღნიშნულ კვლევაში ასეევე ნახსენებია 120 პოლიტიკოსი, მათ შორის კანადის პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ელიზაბეტ 2-ის სასახლე, კომპანია Apple და Uber.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share