Home » საზოგადოება » „ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ნაადრევია, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ენერგეტიკაში“
„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ნაადრევია, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ენერგეტიკაში“

„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ნაადრევია, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ენერგეტიკაში“

ენერტეგიკაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა და ენერგეტიკის სამინისტრო უნდა იყოს შენარჩუნებული, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა, ენერგეტიკოსმა რევაზ არველაძემ ენერგეტიკის სამინისტროს მოსალოდნელი გაუქმებისა და მისი ეკონომიკის სამინისტროსთან შეერთების თაობაზე განუცხადა.

”მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება ჯერ ნაადრევია და ეს არ უნდა მოხდეს. საქართველოს ენერგეტიკა ისეთ დონეზე არ არის, რომ თუნდაც თავად აკმაყოფილებდეს მოსახლეობის მოთხოვნილებას ელექტროენერგიაში. ცალკე სამინისტრო სწორედ იმისთვის არის, რომ მხოლოდ ამ საქმეებით იყოს დაკავებული – ეს არის ენერგეტიკული სისტემის განვითარება, იმ ენერგოშემცველების მოწოდების დივერსიფიკაცია, რომელიც საქართველოს თვითონ არ გააჩნია და იმპორტით შემოაქვს. გადასაწყვეტია ბევრი პრობლემა, რომელიც სერიოზულ განხილვებს მოითხოვს და დიდი პროფესიონალიზმი და გამოცდილება სჭირდება, თუნდაც ისეთ საკითხზე, როგორიცაა ენერგიის განახლებადი წყაროების არჩევა. ჩვენ გვაქვს ენერგიის განახლებადი წყაროების სამი ძირითადი სახეობა: ჰიდროენერგია, ქარი და მზე. როდესაც არ არის ენერგეტიკის სამინისტრო და არის ეკონომიკის სამინისტრო, რომელიმეს წინ წამოწევა შეიძლება რაღაც სუბიექტური მიზეზებით მოხდეს. ენერტეგიკაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა და ენერგეტიკის სამინისტრო უნდა იყოს შენარჩუნებული – ყოველ შემთხვევაში ვიდრე დაბალანსებული ენერგოსისტემა მაინც არ გვექნება ნორმალური”, – განუცხადა არველაძემ ”ინტერპრესნიუსს”.

 

Share