Home » ეკონომიკა » საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3%-მდე გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველოში სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების სწრაფმა ზრდამ შეუწყო ხელი.

ფონდში განმარტავენ, რომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამა შთამბეჭდავად დაიწყო. ივნისის ბოლოსთვის სსფ-ს პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია და უმეტეს შემთხვევებში – მნიშვნელოვანი გადაჭარბებით.

„ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების მაღალმა ზრდამ შეუწყო ხელი. 2017 წლის ზრდის პროგნოზი 3,5%-დან 4,3%-მდე გავზარდეთ. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობდა ექსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები“, – განაცხადა სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ. ფონდის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა მომავალ წელს 4,5%-მდე გაიზრდება.

ფონდის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფისკალური მაჩვენებლები შთამბეჭდავია: შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია. ამასთანავე, მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და ასევე, დღგ-ს ზედმეტად გადახდილი თანხების (კრედიტების) ასანაზღაურებლად.

რაც შეეხება 2017 წელს ბიუჯეტის დეფიციტს, პროგრამის მიხედვით, მშპ-ს 3.6 პროცენტი იქნება.

Share